თეა ბეჟიტაშვილი
29.09.2015

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთთან საუბარი "აბსოლუტური აუცილებლობაა", თუმცა ამ საუბრისთვის დრო უნდა მომწიფდეს.

"რუსეთთან საუბარი არჩევანის თემა კი არ არის, მოგწონს თუ არ მოგწონს, არამედ აბსოლუტური აუცილებლობაა. თუმცა, ამ საუბრისთვის უნდა მომწიფდეს დრო და თვითონ რუსული პოლიტიკური ხელმძღვანელობა რაღაცაზე უნდა იყოს ორიენტირებული, სადაც საერთოს დავინახავთ", - განაცხადა მარგველაშვილმა.

თქვენი აზრით, რა შემთხვევაში შეიძლება რუსეთთან მოალაპარაკების დაწყება? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

 თედო დუნდუა  (ისტორიკოსი): ჩვენ შორის ნორმალური ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ მას მერე იქნება, როდესაც რუსეთი ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას მოახდენს. თუ ასეთი წინაპირობა არ იქნება, უბრალოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია, რა შეიძლება გავაკეთოთ გარდა კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობებისა.

ჩვენ რომ დავიწყოთ სერიოზული დიპლომატიური ურთიერთობა, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მიერ ჩემი ტერიტორიების ოკუპირება დასაშვებად მიმაჩნია. ამას გარდა, რუსეთთან საუბარი უკვე დაწყებული გვაქვს.

ჩვენი ღვინო გადის, მინერალური წყლები გადის, რუსი ტურისტებით სავსეა შარდენი, კულტურული ურთიერთობა გვაქვს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს არ მაძლევენ და მეტი რა უნდა დაველაპარაკო? საუბარი იმათ უნდა დაიწყონ, მე ხომ არ დამიწყია იმათი ოკუპაცია, მე ვარ დაჩაგრული და ნაწყენი, ხომ ასეა?

 გიორგი შენგელაია (რეჟისორი): სანამ პუტინი გვერჩის, ჩვენ რუსეთს არ უნდა დაველაპარაკოთ. იმის გამო, რომ ჩვენი ღვინო მათთან გავიდეს, პუტინს ხელი არ უნდა ჩამოვართვათ.

ბოლო დროს, როგორც თვალს ვადევნებ მოვლენებს, ჩანს, რომ რუსეთის პუტინის ეპოქა ძალიან მალე დამთავრდება.

 

 

 

 დიმა ჯაიანი (მსახიობი): რუსეთმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს და საერთოდ ყველა იმ ქვეყნის ოკუპაციას, სადაც შეჭრილია. როდესაც იფიქრებს იმაზე, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს დაუბრუნოს, მერე შეიძლება კეთილმეზობლობაზე და იმაზე საუბარი, რომ ჩვენ ნატოში შევალთ თუ ევროკავშირში, არავითარ შემთხვევაში არ ვართ ის ქვეყანა, რომელიც რუსეთს ომს გამოუცხადებს.

კონსტანტინე გამსახურდიამ თქვა, ერის, რომელსაც ზღაპარი "ნაცარქექია" გააჩნია, ის ერი არასდროს არ გადაშენდებაო და ამ ზღაპრის მსგავსი ზღაპარი არცერთ ერს არ გააჩია. იცით, რატომ თქვა? ნაცარქექია მოხერხებულია, ძალიან ჭკვიანი. დევთან აქვს საქმე, მაგრამ ისე მოუვლის და იმოქმედებს, რომ იმარჯვებს, სწორედ ასეთი რაღაცები უნდა გაკეთდეს.

 მიშა თავხელიძე  (პოლიტოლოგი): რუსეთთან ლაპარაკი არ დამთავრებულა არც წინა ხელისუფლების დროს და ახლა ხომ მითუმეტეს, ახლა ჩვენი და პუტინის მთავრობა ერთმანეთთან ჩახუტებულია.

რუსეთთან საჭიროა ლაპარაკი, მეტიც, აუცილებელი, ოღონდ პირისპირ არა, რადგან ის საერთაშორისო არენაზე ბანდიტია, ბანდიტთან კი ადამიანური საუბარი შეუძლებელია. რუსეთთან ურთიერთობას ყოველთვის სჭირდება მესამე მხარე, ანუ დასავლეთი, რომელიც რუსეთს თავისივე ნათქვამის შესრულებას აიძულებს.

უნდა დაიწყოს საუბარი, მაგრამ ამერიკის და ევროკავშირის დახმარებით იმიტომ, რომ როცა რუსეთთან რამეზე შეთანხმდები, უნდა იცოდე, რომ გააკეთებს და არ "გადაგაგდებს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×