ნინო ქეთელაური
13.11.2015

"წლის ბოლომდე ველოდებით ევროპული კომისიის ძალიან დადებით ანგარიშს. 99%-ით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უვიზო რეჟიმი უკვე მომავალ წელს დაწესდება", - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ანდრეი მამიკინსმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის სამ ახალ ასოცირებულ წევრს შორის საქართველო კანონების ჰარმონიზაციისა და ევროკავშირის პროექტების განხორციელბის კუთხით "აბსოლუტური ლიდერია" და ყველა შანსი აქვს, რომ 2016 წელს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მიიღოს.

როგორ ფიქრობთ, გადაწყვეტილია თუ არა 2016 წელს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გოგი თორაძე (რეჟისორი): "ყოველთვის ველოდებით ნატოში შესვლას, ასოცირების წევრად მიღებას, მაპის მიღებას, სულ ველოდებით. ან ეხლა მიგვიღებენ, ან ეხლა და უკვე მივეჩვიეთ კიდეც ამ ლოდინს. რატომღაც მგონია, რომ ის 1%, რომელიც დარჩენილია, ძალიან გაიწელება დროში.

იმედია, რომ ჩემი მოლოდინი არ გამართლდება და მართლაც გვექნება უვიზო მიმოსვლა, რაც ძალიან კარგი იქნება. ძალიან წვალობენ მოქალაქეები და ეს დიდი პრობლემის მოხსნა იქნება".

 

 დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): "რამდენიც უნდა მოინდომონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ყველაზე მეტად ეწყინებოდათ ეგ ამბავი, ვერაფერს გახდებიან. თუ გადაწყვეტილია ევროსაბჭოში და დაინახეს, რომ ჩვენ რეალურ ნაბიჯებს ვდგამთ დემოკრატიზაციისთვის, ესე იგი მართლაც მოხდება და ძალიან სასიამოვნო იქნება.

იმ ადამიანების ჯინაზეც უნდა მოხდეს ეგ, ვინც ჩვენს ხელისუფლებას ადანაშაულებს უმოქმედობაში. ძალიან მწყინს ხოლმე, როდესაც უსაფუძვლოდ აკრიტიკებენ ხელისუფლებას იმიტომ, რომ მართლაც ცდილობენ, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ. სულ ცდილობენ და ფხიზლად არიან, ამიტომ ეს ევროპელებმაც უნდა დაინახონ".

 ირმა სოხაძე  (მომღერალი): "თუკი თქვეს, რომ უვიზო მომოსვლა იქნება, წინ რა დაუდგება?! მე პირადად ძალიან რომ მინდა, ეს ზუსტად ვიცი. მგონი, ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა უვიზო სამყარო და თავისუფალი მიმოსვლა.

მე რატომღაც შინაგანად დარწმუნებული ვარ, რომ 2016 წელს თუ ყველასთან არა, ბევრ ქვეყანასთან მაინც გვექნება უვიზო მიმოსვლა".

 

 

 თეო ხატიაშვილი  (ხელოვნებათმცოდნე): "მე ნამდვილად არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტური, მაგრამ ძალიან მეეჭვება, იმდენად არადემოკრატიული გზით მიდის ქვეყანა. თუ უვიზო რეჟიმი დაწესდა, ძალიან გამიხარდება, მაგრამ შეიძლება, რომ ეს ამბავი სასწაულს მივაწეროთ".

 

 

 

 ვახტანგ ძაბირაძე  (კონსტიტუციონალისტი): "ვფიქრობ, აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, მომხსენებელმა განაცხადა, რომ თითქმის ყველა წევრი სახემწიფო თანხმდებაო, რაც ნიშნავს, რომ თუ რაღაც არაორდინარული არ მოხდა, ვიზალიბერალიზაციას მივიღებთ და ამაზე თანხმობა არის.

ვფიქრობ, რომ ძალიან რეალურია ეს განცხადება და ეს იმ კონტექსტშიც მომეწონა, რომ როგორც ჩანს, ის პროცესები, რაც საქართველოში მიმდინარეობს, თუნდაც "რუსთავი2"-თან დაკავშირებით, ამაზე გავლენას ვერ ახდენს.

თუ ვინმე ცდილობს და ფიქრობს, რომ ამ პროცესებს პოლიტიკური ნიშნით გამოიყენებს და ხელს შეუშლის ვიზალიბერალიზაციის პროცესს, წინასწარ წამოვიდა იქიდან მესიჯი, რომ ამას მნიშვნელობა არ მიენიჭებოდა. ჩემი აზრით, ეს ხელს შეუწყობს ამ პროცესის ნორმალურ დარეგულირებასაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×