ლიკა ამირაშვილი
16.11.2015

საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერაქტების სერიას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა 200-ს აჭარბებს. ათობით ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

პარასკევ ღამით საფრანგეთის დედაქალაქში ერთდროულად 6 ტერაქტი მოხდა. შეიარაღებული პირები საკონცერტო დარბაზს, სტადიონსა და რესტორნებს დაესხნენ თავს. ყველაზე დიდი მსხვერპლი პარიზის ცენტრში, ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმას მოჰყვა.

თქვენი აზრით, რამდენად დაცულია საქართველო მსგავსი ტერაქტებისგან? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): "საფრანგეთის ტერაქტმა მსოფლიო შეძრა. ვუთანაგრძნობ მთელ მსოფლიოს, განსაკუთრებით კი საფრანგეთს. განვითარებულ მოვლენებში დამნაშავეა ყველა, განსაკუთრებით მხედველობაში დიდი ქვეყნები მყავს - რუსეთი, ამერიკა. დამნაშავეები არიან ყველანი, ვინც საერთოდ პროცესებს ანგარიშს არ უწევენ, რომელიც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს.

"ვფიქრობ, რომ არაფერი გამორიცხული არ არის, არც საქართველოში, არც რუსეთში და საერთოდ კავკასიაში გამორიცხული არ არის. საჭიროა, ქვეყნებმა ერთობლივი ღონისძიებები ჩაატარონ ამ მოვლენების წინააღმდეგ."

 

 ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი):  "დღეს მსოფლიოში დაცული არავინ არ არის. მსოფლიოში ისეთი სიტუაციაა, რომ უპირველეს ყოვლისა დაუცველთა რიგებში საქართველოც მოიაზრება, რადგან ჩვენ იმ არეალში ვიმყოფებით, სადაც ძალიან დიდი დაძაბულობაა. ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ ტერაქტების საშიშროება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. რთული საქმეა, მაგრამ სახელმწიფო ამისთვის მზად უნდა იყოს.

"ტერაქტებს შესაბამისი მიზეზები აქვს. დღევანდელი მსოფლიო ებრძვის შედეგებს და არა მიზეზებს. პირველ რიგში მიზეზებს უნდა ებრძოლონ, რომელიც არ ჩანს."

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): "რა თქმა უნდა, საფრთხე არსებობს, რადგან ესაა ცივილიზაციური ომი. იმის გამო, რომ ჩვენი ორიენტაცია დასავლური ფასეულობებია, იმ არეალში ვართ, სადაც შეიძლება ყველაფერი მოხდეს.

"საზღვრები ვერ ჩაირაზება, მაგრამ კონტროლი უნდა გამკაცრდეს. მომხრე ვარ, რომ გაკონტროლდეს საქართველოში ვინ შედის და გადის.

"აუცილებელია, დასავლურმა ცივილიზაციამ ეს თავისი სუპერ ლიბერალური მიდგომა ცოტა შეცვალოს. ამას ერთი-ორი პოლიტიკოსის გამოსვლა არ ეყოფა, ამას სჭირდება მსოფლიო დონეზე თავმოყრა. აუცილებელია ახალი ინსტრუმენტების შემოღება, ტრადიციული ინსტრუმენტებით ამას ვერ მოსპობ. ჩვენთვის უმაღლესი ფასეულობაა ადამიანთა სიცოცხლე, მათთვის კი ეს არაფერია."

 ლაშა ჩხარტიშვილი ("დემოკრატიული ინსტიტუტის" დამფუძნებელი): "საქართველო ტერორისტების პოტენციური საფრთხის ზონაში რჩება. იმის გათვალისწინებით, რომ კავკასიის რეგიონში ვართ, ამიტომ კვლავ რჩება ტერორისტული დაძაბულობის მნიშვნელოვან კერად.

"გასათვალისწინებელია პანკისის ხეობა, ასევე საქართველოს მონაწილეობა ანტიტერორისტულ ოპერაციებში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, სერიოზული ძალისხმევა გვმართებს, რათა როგორც სახელმწიფოს, ასევე მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს.

"ნორმის და კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით მაქსიმალურად სრულფასოვანი ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×