გვანცა ღვედაშვილი
20.11.2015

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა შეარჩია - ფარული კენჭისყრის შედეგად 14 წევრიდან შოთაძის კანდიდატურას 13-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

შერჩეულ კანდიდატს იუსტიციის მინისტრი საპროკურორო საბჭოს სახელით მთავრობას წარუდგენს. მთავრობის თანხმობის შემთხვევაში კი კანდიდატი საბოლოო არჩევისთვის პარლამენტს წარედგინება.

მთავარი პროკურორობის კანდიდატების შერჩევამდე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ერთი თვის განმავლობაში საჯარო კონსულტაციებს მართავდა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, აკადემიურმა წრეებმა და ექსპერტებმა პროკურორობის კანდიდატებად შვიდი ადამიანი წარადგინეს, რომელთაგან ერთმა, კახა კახიშვილმა თავად მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.

დარჩენილ ექვს კანდიდატთან იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს გაცნობითი ხასიათის შეხვედრები ჰქონდა. საბოლოოდ მან საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატებად ვლადიმერ გაბრიჩიძე, ნანა რევაზიშვილი და ირაკლი შოთაძე წარუდგინა.

დღეს საპროკურორო საბჭოს ფორმატში სამივე კანდიდატს გაესაუბრნენ, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრის წესით არჩევნები გაიმართა და მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა შეირჩა.

"არის თუ არა ირაკლი შოთაძე საუკეთესო კანდიდატი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე?" - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 ლია მუხაშავრია (იურისტი): "თუკი პროკურატურას რეფორმა ესაჭიროება, ეს მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ დღეს მისი ხელმძღვანელობა ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ვფიქრობ, რაც მოხდა, ეს ძალიან ფასადური ღონისძიებები იყო, ცვლილებები კანონმდებლობაში, საპროკურორო საბჭოს შექმნა და შოთაძის დანიშვნა, რადგან მე არ ვფიქრობ, რომ შოთაძეს აკლდა უფლებამოსილება მოადგილეობისას, რომ თუ რამეს გამკეთებელი იყო, ეს გაეკეთებინა."

 

 ია ანთაძე (მედიაექსპერტი): "სხვა კანდიდატების შესახებ ნამდვილად არაფერი არ ვიცი, შოთაძის გარდა სხვა კანდიდატების საქმიანობას არ ვიცნობ, ამიტომ გამიჭირდება შეფასების გაკეთება, რამდენად იყო შოთაძე საუკეთესო კანდიდატი.

ფაქტია, რომ ის ჩართული იყო პროკურატურის საქმიანობაში და ჩანდა. რაც შეეხება დარჩენილ კანდიდატებს, რა პლუსების მატარებელები არიან, ნამდვილად არ ვიცი, ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ."

 

 

 იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): "გეტყვით, რომ ირაკლი შოთაძე დღევანდელ საქართველოში პროკურორის თანამდებობაზე არის საუკეთესო კანდიდატი. ბუნებრივია, მას ჰყავდა სერიოზული კონკურენტები, არცერთი დასახელებული პიროვნების პროფესიული ხელწერა არ იყო ცუდი, თუმცა, მოხდა საუკეთესოს შერჩევა, ანუ კარგიდან ამოირჩა საუკეთესო.

ირაკლის ჰქონდა მრავალწლიანი გამოცდილება პროკურატურის უწყებაში მუშაობისა. არის მოწესრიგებული, მიზანმიმართული ქართველი პატრიოტი, ამიტომ ვფიქრობ, მისი პროკურატურაში მოსვლით საქართველოს პროკურატურის ისტორიაში იწყება ახალი ეტაპი."

 ვახტან ძაბირაძე  (კონსტიტუციონალისტი): "ცოტა გამიჭირდება თქმა, რადგან დარჩენილი ორი კანდიდატის შესახებ თითქმის არაფერი არ ვიცი, მათგან განსხვავებით შოთაძე იყო აქტიური, თუმცა, ვერ გეტყვით, რამდენად გაამართლებს, მაგრამ მოლოდინი ნამდვილად იყო, რომ შოთაძე აირჩეოდა და არა ვინმე სხვა. ის ნამდვილად ჩანდა სხვა კანდიდატებს შორის, სხვა რამის თქმა ნამდვილად არ შემიძლია."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×