ლიკა ამირაშვილი
21.11.2015

ორიოდე დღის წინ პრაღაში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ოფიციალური ცნობით, დღის წესრიგით გათვალისწინებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ხასიათის საკითხების გარდა, ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რათა უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმი ამოქმედდეს.

ამასთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გრიგორი კარასინმა მიანიშნა, რომ მოსკოვს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა სურს.

უნდა აღდგეს თუ არა დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): "დიპლომატიური ურთიერთობა აუცილებლად უნდა აღდგეს. რამდენიმე წელია ეს ურთიერთობა შემწყდარია და ამათ გავაგებინეთ, რომ შეურაცხყოფილები ვართ. ახლა, როდესაც რუსეთით მსოფლიო ისევ აღფრთოვანებულია, რომ ყველა მოლაპარაკებებში მონაწილეობს და თავიანთი ურთიერთობის არეში დააბრუნეს, საჭიროა რუსეთს პირდაპირ დაველაპარაკოთ რა პრობლემებიც გვაქვს. ურთიერთობა ყველა შემთხვევაში საჭიროა, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე უარი უნდა ვთქვათ."

 

 გია ბუღაძე (ფერმწერი): "არავითარ შემთხვევაში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ უნდა აღდგეს. საერთოდ რუსეთთან პირდაპირი საუბრით შეუძლებელია, რამეს მივაღწიოთ. რუსეთი ყოველთვის მოგვატყუებს და წაგვართმევს. დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი ზედმეტია. მომგებიანი არ იქნება და მომავალში ჩვენთვის კიდევ უფრო წამგებიანი იქნება."

 

 

 ნანა კაკაბაძე  (უფლებადამცველი): "რა თქმა უნდა, ერთადერთი გზა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაა. მსოფლიოს არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ რუსეთთან ომის არანაირი შესაძლებლობა არ გვაქვს. დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის მცდელობა აქამდეც უნდა მომხდარიყო, თან ისე, რომ ჩვენს მოთხოვნებს საერთაშორისო ორგანიზაციებიც უყურებდნენ. ამასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა დავიწყოთ ინტენსიური მოლაპარაკება."

 

 

 ქეთი ბექაური  (იურისტი): "ვფიქრობ, დიპლომატიური ურთიერთობა უნდა აღდგეს. პოლიტიკურ წრეებში ამაზე საუბარი დიდი ხანია მიდის, პატრიარქმაც კი იქადაგა. დროულად უნდა მოხდეს ქართული და რუსული მხარეების ამ თემაზე მოლაპარაკება. დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაში არაფერი ცუდი არ იქნება. ამ შემთხვევაში აგრესიული რიტორიკა არალოგიკურია. საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის ფონზე, მუშტების ქნევის ფუფუნება ნამდვილად არ გვაქვს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×