გვანცა ღვედაშვილი
04.12.2015

მთავრობის სხდომაზე განიხილეს ცვლილებები "საგზაო მოძრაობის შესახებ", რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვას ეხება. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა სხდომაზე განაცხადა, მფლობელებს, რომლებსაც უკვე ჰყავთ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები, პრობლემა არ შეექმნებათ.

"ვისაც გააჩნიათ უკვე რეგისტრირებული მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები, ან ავტომანქანები გადატანილი საჭით, შეუძლიათ, მთელი ცხოვრება გამოიყენონ ეს მანქანები, ჩვენ მათ არ ვეხებით. უბრალოდ იმ თარიღის შემდეგ, რაზეც ჩვენ შევთანხმდებით, მსგავსი მანქანების რეგისტრაცია აიკრძალება", - განაცხადა მღებრიშვილმა.

მინისტრმა განმარტა, რომ იკრძალება რეგისტრაცია და არა - იმპორტი, ტრანზიტი, დროებითი შემოყვანის რეჟიმი, რეექსპორტი. მისივე თქმით, საქართველოში აქტუალურია დაშლილი ნაწილებით ვაჭრობა და ასეთი მანქანების იმპორტის შემთხვევაში, მფლობელს შეუძლია, დაშალოს იგი, ვინაიდან რეგისტრაციაში არ გატარდება.

მღებრიშვილმა ყურადღება გაამახვილა სტატისტიკაზეც, რომელიც საგანგაშოა, ვინაიდან 2015 წლის მონაცემებით, მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი საქართველოში 50%-ს გაუტოლდა, მაშინ როცა მაქსიმალური პროცენტი ყველა ევროპულ ქვეყანაში არის 10%.

"ემხრობით თუ არა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვას?" - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 ზაზა ხუციშვილი (მუსიკოსი): "ჩამოყალიბებული პოზიცია არ მაქვს, მართალია, მარჯვენასაჭიანი მანქანები ქმნიან გარკვეულ უხერხულობას, მაგრამ ეს სერიოზულად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ძალიან გაუჭირდებათ ადამიანებს, რადგან ასეთი მანქანები შედარებით იაფია და ამიტომაც ყიდულობენ.

ამ გადაწყვეტილებას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ასე ცალსახა აზრი კი არ მაქვს ამ საკითხზე."

 

 

 ზურაბ ვადაჭკორია (ილუზიონისტი): "თუ ეს რეგულაცია იხსნის ჩვენს ქვეყანას, უშველის და ხალხს მისცემს საშუალებას, მშვიდად იყოს და ეს არის ერთადერთი პრობლემა, მაშინ აკრძალონ, წინააღმდეგი არ ვარ."

 

 

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "მარჯვენასაჭიანი მანქანები ქალაქში სერიოზულ პრობლემას ქმნის, მაგრამ რეგულაციამ პრობლემები არ უნდა შეუქმნას იმ ადამიანებს, რომლებსაც უკვე ჰყავთ ასეთი მანქანები. თუმცა, ჩემი პირადი აზრით, ტრასაზეც და ქალაქშიც მარჯვენასაჭიანი მანქანები სერიოზულ პრობლემას ქმნის."

 

 

 

 ანა რატიანი  (ჟურნალისტი): "ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას. თავადაც მძღოლი ვარ და საკმაოდ ბევრჯერ მინახავს, რომ უჭირთ მარჯვენასაჭიანი მანქანების მძღოლებს საჭის დამორჩილება.

გარდა ამისა, შეიძლება დავაყენოთ კიდევ ერთი საკითხი, ძალიან ძველი მანქანის ყიდვისას საბაჟოს გადასახადი არის იაფი, ხოლო ახალი მანქანის შემოყვანისას უფრო მაღალი გადასახადია. არადა, ძველი მანქანები გაცილებით დიდ ზიანს აყენებენ გარემოს. ყველა განვითარებულ ქვეყანაში იშორებენ მათ, როგორც ჯართს და ჩვენი გაჭირვებული ხალხი ყიდულობს ამას.

ვფიქრობ, საზღვარზე უნდა იყოს ძალიან მაღალი გადასახადი ძველი გამოშვების მანქანებზე, რათა შეწყდეს ეს არანორმალური მდგომარეობა, რომელიც დღეს თუნდაც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით გვაქვს.

 გიგი თევზაძე  (სოციოლოგი): "მე თვითონ მარცხენასაჭიანი მანქანა მყავს, თუმცა, ვთვლი, რომ ქალაქში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მარჯვენასაჭიანი იქნება მანქანა, თუ მარცხენასაჭიანი. ტრასაზე, შესაძლოა, დაწესდეს რაღაც შეზღუდვები, მაგალითად, სიჩქარეზე მარჯვენასაჭიანი მანქანებისთვის.

მთავარი ის არის, რომ ამით გაძვირდება მანქანის ბაზარი, რითაც ხალხის გაღიზიანებას გამოიწვევენ. ეს ხელს შეუწყობს მარცხენასაჭიანი მანქანების შემომყვანთა ბიზნესს. ეს აკრძალვა საკმაოდ უსარგებლოა და არანაირი დადებითი შედეგის მომტანი, არ მგონია, იყოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×