სალომე სარიშვილი
05.12.2015

საპარლამენტო უმრავლესობის წევრისა და პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის თქმით, კოალიცია "ქართული ოცნება" 2016 წლის არჩევნებშიც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მიიღებს მონაწილეობას.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა მომავალ არჩევნებში კოალიციისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. ძიძიგურმა ისიც აღნიშნა, რომ ივანიშვილის განცხადება, რომელიც პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის შესახებ არაერთხელ გაუკეთებია, გულისმობს, რომ ივანიშვილი პარტიაში კვლავ ლიდერის ადგილს დაიკავებს.

გუშინ ამ თემაზე განცხადებები საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებმაც გააკეთეს. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის მტკიცებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ლიდერად დაბრუნების ალბათობა არ არსებობს.

უნდა დაბრუნდეს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ნიკა ჩიტაძე  (პოლიტოლოგი): "ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს დამატებითი პრობლემები შეექმნება, ვინაიდან ამის შემდეგ საქართველოში დემოკრატიისა და სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება უზრუნველყოფილი ვერ იქნება. თუ გავიხსენებთ იმას, რომ მისი პოლიტიკაში ყოფნის დროს ქვეყანაში მაინცადამაინც რეალური ძვრები არ მომხდარა, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ.

"გარდა ამისა, მისივე პრემიერობის დროს ორჯერ შემცირდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა. ამასთან, ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ მოხდა დემოკრატიული ინსტიტუტების ხელყოფა, რაც "ქართული ოცნების" აქტივისტების თვითმართველობის ორგანოებში შეჭრითა და გამგებლების გადაყენებით გამოიხატა. ამაზე ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, თუმცა, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ივანიშვილი ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდეს, ვინაიდან ეს მასაც არ აწყობს."

 ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): "ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში აუცილებლად უნდა დაბრუნდეს, რადგან სწორედ მან მოიყვანა ხელისუფლებაში ის გუნდი, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" შავბნელი მმართველობა ჩამოგვაცილა.

"თუმცა, მეორე მხრივ, მოხდა ის, რომ იმ ცაიტნოტში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა, ვერ მოხდა გათვლა, თუ ვინ შეასრულებდა პირნათლად დაკისრებულ მოვალეობას. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთისათვის ხელფასები, დანამატები და პრემიები უფრო მეტი ღირებულებაა, ვიდრე ქართველი ხალხი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს და, ნებსით თუ უნებლიეთ, დაშვებული შეცდომები გაითვალისწინოს."

 გია ანჩაბაძე  (ისტორიკოსი): "არ ვიცი, ამაზე რა პასუხი უნდა გაგცეთ. ეს მისი გადაწყვეტილება იქნება, როცა არჩევნების დრო დადგება. ვერაფერს საწინააღმდეგოს იმაში ვერ ვხედავ, თუ რატომ არ უნდა მოვიდეს. კანონით ამის უფლება აქვს და როგორ მოიქცევა, ეს უკვე მისი საქმეა."

 

 

 

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "ძნელი საპასუხო კითხვაა, თუმცა მგონია, რომ მისი დაბრუნების შემთხვევაში ვითარება უფრო დალაგდება და არც იმაზე იქნება საუბარი, რომ ჩრდილოვანი მმართველია. როგორც ვხედავ, უმრავლესობის წარმომადგენლები ივანიშვილთან რჩევის საკითხავად მიდიან, რასაც ოპოზიციური ძალები ძალიან ცუდად იყენებენ. ეს რომ მოისპოს, მისი დაბრუნება სწორი იქნება. თუკი შეუძლია, რატომაც არ უნდა დაბრუნდეს და განაგრძოს აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა?!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×