სალომე სარიშვილი
23.04.2016

გუშინ ცნობილი გახდა "აირაის" (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) სოციოლოგიური კვლევის რამდენიმე შედეგი. სხვა შეკითხვებთან ერთად, კვლევაში ამგვარ კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა:

გამოკითხულთა 20% "ქართულ ოცნებას" ირჩევს, 19% "ნაციონალურ მოძრაობას", 13% კი "თავისუფალ დემოკრატებს."

შემდეგ შეკითხვაზე - ვინ მოაგვარებდა პრობლემებს? - გამოკითხულთა 15% მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უკეთ მოაგვარებდა პრობლემებს, 13% "ქართული ოცნებას" ასახელებს, ხოლო 5% - "თავისუფალ დემოკრატებს."

კვლევის დროს დასმულ კითხვაზე - როგორია თქვენი განწყობა პოლიტიკური ლიდერების მიმართ? - შედეგები ასე გადანაწილთა:

გამოკითხულთა 75% მხარდაჭერას პაატა ბურჭულაძეს უცხადებს, დავით სერგეენკოს კვლევის მიხედვით 64%-იანი მხარდაჭერა აქვს, გიორგი მარგველაშვილი - 60%, ირაკლი ალასანია - 60%, გიორგი კვირიკაშვილი - 56% და დავით ბაქრაძე - 54%.

კვლევის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობას გამოკითხულთა 55% აპირებს. აღნიშნული კვლევა მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისს მოიცავს და მასში 1500-ამდე ინტერვიუერმა მიიღო მონაწილეობა. პარტიათა ნაწილს კვლევის შედეგები "აირაიმ" დახურულ რეჟიმში უკვე გააცნო, ოფიციალურად კი ის მომავლ კვირას გამოქვეყნდება.

რამდენად დამაჯერებელია "აირაის" კვლევის შედეგები? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 დოდო ხურცილავა  (ხელოვნებათმცოდნე): "როგორ შეიძლება "აირაის" კვლევის ნდობა? ესაა უკვე ძალიან დიდი ხნის წინ თავმოჭრილი ორგანიზაცია. ძალიან მიკვირს, რატომ ანდობს ჩვენი პარტნიორი ამერიკა ასეთ კვლევას ამ ორგანიზაციას. არ ვიცი, რა გზებით, შესაძლოა, რაიმე კერძო ინტერესი აქვთ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები უკვე დიდი ხანია კვლევის შედეგებს აყალბებენ და ამას ოქტომბერში, არჩევნებზე ვნახავთ.

"პაატა ბურჭულაძე უდიდესი მომღერალია და საზოგადოების მხრიდან დიდ პატივისცემას იმსახურებს, როგორც შემოქმედი შეიძლება ბევრს უყვარდეს, მაგრამ როგორ შეიძლება იგი პოლიტიკოსებთან მოხვდეს და თან ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდეს?! ან როგორ შეიძლება მასზე ნაკლები რეიტინგი ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ჰქონდეს, რომლის მეშვეობითა და ძალისხმევითაც ათასობით ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნდა?! ან ირაკლი ალასანიამ რა გააკეთა იმის ფასი, რომ მასზე დაბალი მაჩვენებელი კვირიკაშვილს აქვს?! უბრალოდ, სირცხვილია ამის მოსმენა."

 მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი):"ასეთ კვლევას ვერ ვენდობი, რადგან ვფიქრობ, რომ დღევანდელი პოლიტიკური სურათი სხვანაირად გამოიყურება. მგონია, რომ ქართული საზოგადოება გაცილებით სხვაგვარად ფიქრობს და თუ ეს მაჩვენებლები რეალობასთან მართლაც ახლოსაა და ამასთანავე, ვითარება ასეთივე სცენარით განხორციელდება, მაშინ საქმე ცუდად ყოფილა. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ზედაპირული კვლევაა და ამიტომ მას ვერ ვენდობი."

 

 დიმა ჯაიანი (მსახიობი): "საკმარისია, ერთი კითხვის მაჩვენებელს დახედო და აზრი უკვე გაგიჩნდება. ესაა მოსყიდული ხალხის მიერ გაკეთებული ანალიზი. რა 19% და რა "ნაციონალური მოძრაობა", რაებს ლაპარაკობენ საერთოდ, ესმით? თბილისში თუ უბან-უბან დადიან, ეს არ ვიცი, მაგრამ აბა, წავიდნენ დასავლეთ საქართველოში და სხვა მაღალმთიან რეგიონებში. ვერ გავიგე, ეს ხალხი არ დადის არსად? რა უბედურებაა, "ნაციონალების" ოჯახის წევრები ატარებენ კვლევას? სანდოა თუ არა, მაგას ოქტომბერში ვნახავთ."

 

 გია როინიშვილი (მსახიობი): "ვფიქრობ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებლად გასააზრებელია, რათა სამომავლოდ შედეგები გაითვალისწინონ."

 

 

 არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი):"მახსოვს, როდესაც "ენდიაის" კვლევებზე ვსაუბრობდი, ვთქვი, რომ "აირაის" შედეგები სწორედ მათი მონათესავე სულები იქნებოდა. ახლა დაახლოებით იგივე მომენტია. საერთო ჯამში, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ორგანიზაციის მკვლევარებს სხვა საქართველოში უწევთ კვლევების ჩატარება.

"სერიოზული ხარვეზებია მიზნობრივ აუდიტორიასთან დაკავშირებითაც, რადგან გამოკითხულთა რაოდენობა დანარჩენი საზოგადოების სახეს არ წარმოადგენს. მეორე მხრივ, თავისთავად მიზანმიმართული, პროპაგანდისტული პროცესია, რაც ორივე ორგანიზაციის კვლევაში გამოიხატება.

"საბოლოოდ მგონია, რომ ტექნიკურად და პროცედურულად ორივე ორგანიზაცია სწორად მუშაობს, თუმცა სამიზნე ჯგუფთან მიმართებაში ძალიან სერიოზული ხარვეზებია."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×