გვანცა ღვედაშვილი
28.04.2016

"რუსთავი 2"-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლითაც მან სამაუწყებლო კომპანიას წილის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით "რუსთავი-2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოს მიმართა, ამასთან მან მოსამართლე შორენა ყაველაშვილის აცილება მოითხოვა, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა.

ნიკა გვარამია ამბობდა, რომ ყაველაშვილი იყო იმ კოლეგიის თავმჯდომარე, რომელმაც 2013 წელს ნიკა გვარამიას საქმე განიხილა და ის გაამართლა. გვარამიას მოსაზრებით, საქმე არ უნდა განეხილა იმ მოსამართლეს, რომელსაც მანამდე მასთან შემხებლობა ჰქონდა.

მანამდე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ "რუსთავი 2"-ის ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

ადვოკატების მტკიცებით, გუჯაბიძე არასამთავრობო ორგანიზაცია "მოსამართლეთა ერთობის" დამფუძნებელია, რომელიც "რუსთავი 2"-ის საქმის განხილვისას თამაზ ურთმელიძის უფლებებს იცავდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე პროცესი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სააპელაციო სასამართლოში "რუსთავი 2"-ის და შპს "საქართველოს" სარჩელი განიხილეს. დღევანდელი სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. პროცესი ტელეკომპანიის დირექტორ ნიკა გვარამიას დაატოვებინეს. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში პროცესი 13 მაისს განახლდება.

"რუსთავი-2"-ის გარშემო მიმდინარე სამართებლივ დავაში ხედავთ თუ არა ხელისუფლების ინტერესს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): "ჩემი პოზიცია თავიდანვე ძალიან გამოკვეთილად დავაფიქსირე. რა თქმა უნდა, არის ინტერესი, მე პირადად, როგორც რიგით მოქალაქეს, მინდა რომ არსებობდეს ოპოზიციური არხი. არ მესმის, როგორ უწევენ ასეთ დათვურ სამსახურს ხელისუფლების ვითომ მოყვარულები მათ.

ცოტა ფრთხილად უნდა იყვნენ პრესასთან და მედიასთან, ყველაფერი ისე უნდა გადაწყდეს, რომ არ დაზარალდეს სიტყვის თავისუფლება. ხალხს აქვს სანდოობა ამ ტელევიზიისადმი. რამდენად სუბიექტურიც უნდა იყოს ეს არხი, საზოგადოება მას უყურებს.

მე მიკვირს, რომ არჩევნების წინ ასე უტვინოდ იქცევა ხელისუფლება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ელემენტარული ეშმაკობაც კი არ ჰყოფნით, რომ ასე არ მოიქცნენ. ამ პროცესებით სასამართლო კარგავს ნდობას რაც ძალიან ცუდია.

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): "რუსთავი 2"-ს არ ართმევენ სიტყვის თავისუფლებას, დილის 8 საათიდან დაწყებული ღამის 2 საათამდე ილანძღებიან და ამას არავინ არ უშლის. მიუხედავად ყველაფრისა მინდა გითხრათ, რომ მე ყოველთვის სიამოვნებით ვუყურებ მათ ყველა გასართობ პროგრამას.

ცოტა ნერვები კი მეშლება, მაგრამ ხანდახან "არჩევანსაც" ვუყურებ. რეიტინგული ტელევიზიაა, სადაც მაღალპროფესიონალები მუშაობენ და შეუძლიათ ნებისმიერი ინფორმაცია დააჯერონ ხალხს. ვფიქრობ, რომ სიტყვის თავისუფლებას მათ არავინ არ ართმევს და სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, ისე იქნება."

 ზაზა ხუციშვილი (მუსკოსი): "როგორც ქიბარ ხალვაშს მოექცნენ, ანუ მისი საწყობები გადაწვეს, მთელი საქმიანობა დაუნგრიეს, დაურბიეს და ქვეყნიდან გააქციეს, ვფიქრობ, უსამართლოდ წაართვეს "რუსთავი 2".

ხელისუფლებას შეიძლება აწყობს, რომ ქიბერ ხალვაშმა იბრძოლოს ტელეკომპანიისთვის და ამ შედეგისთვის გარკვეული წაქეზება აქვს, მაგრამ ჩემი აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ ეროსი კიწმარიშვილი არ იყო ის კაცი, რომ ფული არ მიეღო და ისე წასულიყო, ვთვლი, რომ ხალვაში უფრო პატიოსანია და ვფიქრობ, მას წაართვეს კომპანია.

რაც შეეხება თავად პროცესს, არის თუ არა ჩარევა და წაქეზება, ამას ვერ გეტყვით, შეიძლება არის, შეიძლება არა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩემი აზრით, ის კაცი მეპატრონეა."

 ირმა სოხაძე (მომღერალი): "დანამდვილებით ვერ გეტყვით, მე ეჭვი მაქვს, რომ სამართებრივად ალბათ არის სადაო. ამაზე ცუდი ხელისუფლებაც ყოფილა, მაგრამ ასე თეთრი ძაფით არ კერავდნენ საქმეებს, ამიტომ ეჭვი მეპარება, რომ ეს ხელისუფლება არაფერში არ იყოს მართალი. გამოსარიცხი ნამდვილად არ არის, რომ ვიღაცის ინტერსებს ეს საქმე ეხებოდეს და ვიღაცისას - ემიჯნებოდეს.

 

 გია ბუღაძე (ფერმწერი):  "ხელისუფლების დაინტერესება აბსულიტურად ნათელია. მათ არაფერი კარგი არ მოუტანიათ, ერთადერთი რაც იყო, ის არის, რომ არჩევნებით მშვიდობიანად გამოიცვალა მთავრობა, თუმცა სიცრუისა და კორუფციის მეტი არაფერი უკეთებიათ. ახლა აღმოჩნდა, რომ ერთადერთი მტერი ხელისუფლებისთვის "რუსთავი 2"-ია და ბუნებრივია, რომ მე სხვას ვერაფერს ვხედავ, გარდა იმისა რომ ეს სახელმწიფოს მიერ მართული პოლიტიკური პროცესია."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×