ნინო ქეთელაური
15.11.2016

რუსეთის ფედერაციის საბჭო 16 ნოემბერს ოკუპირებულ აფხაზეთთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შესახებ შეთანხმებას განიხილავს, - ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტი" იუწყება.

ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტმა აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირებას მხარი უკვე დაუჭირა.

შეთანხმებას 2015 წლის 21 ნოემბერს მოსკოვში მოეწერა ხელი. დოკუმენტი განსაზღვრავს რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების დანიშნულებას, ფორმირების წესს, განთავსებასა და გამოყენებას.

"შეთანხმების სრულად განხორციელება პასუხობს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს, ხელს შეუწყობს ორი სახელმწიფოს უსაფრთხოების გაძლიერებას და არ მოითხოვს დამატებით საბიუჯეტო ასიგნირებას ფედერალური ბიუჯეტიდან", - ნათქვამია დოკუმენტში.

როგორ ფიქრობთ, რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შესახებ შეთანხმება რა მიზანს ემსახურება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "ეს არის საკითხის კიდევ უფრო გამწვავება. როგორც ჩანს ჟენევის ფორმატში აბაშიძე-კარასინის შეხვედრამ შედეგი არ გამოიღო. ეს იმის მანიშნებელია, რომ საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობა ისევ დაიძაბება. ძალიან ცუდია."

 

 

 

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): "ეს უკავშირდება საქართველოს მხრიდან არაადეკვატურ მოქმედებებს. მათ შორის, პორტი "ლაზიკის" აშენებას, სადაც ამერიკელებს თავისი ინტერესი აქვთ. მე ეს ადრეც აღვნიშნე და ახლაც ვიტყვი, რომ, სანამ საქართველოს მთავრობა ამგვარი მოქმედებებით რუსეთის გაღიზიანებას არ დაანებებს თავს, მანამდე მუდმივად იქნება პრობლემები.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ თბილისიდან 40 კილომეტრში დგას რუსეთის ჯარი და ტექტონიკური იარაღი ეშერაში. შეუძლია ერთ წამში მთლიანად გაანადგუროს საქართველო. ამიტომ, ამხელა მონსტრთან თამაში, ჩვენი მთავრობის მხრიდან არ არის სწორი. მე მივესალმები, პატრიარქის ვიზიტს რუსეთში, სადაც ის მაქსიმალურად შეეცდება, რომ როგორმე მოაწესრიგოს და დაალაგოს ის ურთიერთობა, რომელიც დიდი ხანია დასალაგებელია."

 სერგო ვარდოსანიძე ისტორიკოსი): "რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას სრული მასშტაბით. მითუმეტეს ახლა, დრო ნახა და ყოველგვარი დელიკატურობის გარეშე აფორმებს რაღაც შეთანხმებებს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება საერთაშორისო პროცესები და მსოფლიო რა ადგილს მიუჩენს რუსეთს, ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით. ამ ვითარებაში, ჩვენ სხვა არაფერი შეგვიძლია."

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×