უზენაეს სასამართლოში "რუსთავი 2"-ის საქმის განხილვა 2 მარტს ჩაინიშნა. პროცესი ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართება. ტელეკომპანიის დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სხდომა არსებითად განსახილველად ზეპირი მოსმენის გარეშე, "რუსთავი 2"-ის მხარეთა დაუსწრებლად ჩაინიშნა. რასაც თავად საეჭვოდ მიიჩნევს.
"ჩვენ პროტესტის გამოთქმის გარდა ვერაფერს ვიზამთ, ამ საკითხს ჩვენ ვერ ვწყვეტთ. მხარეთა დასწრების გარეშე განხილვა ძალიან საეჭვო და ცუდი ფაქტია," - განაცხადა გვარამიამ.
რა მოლოდინი გაქვთ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): ამ ხელისუფლებისგან რომ ყოველგვარ სიბრიყვეს ველოდებით, ეს გასაგებია. მაგრამ მგონია, რომ კეთილგონიერებამ უნდა გაიმარჯვოს. თუ "რუსთავი 2"-ს რამე დაემუქრება, ეს, პირველ რიგში, ამ ხელისუფლებისთვის იქნება ცუდი.
იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ეს დავა არეულია პოლიტიკასთან და რა ფორმით წარიმართება სასამართლო, როგორ იქნება და ა.შ. არ ვიცი, ყველაფერი ძალიან არეულია. ფაქტია, "რუსთავი 2"-ის საქმე არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოშიც განიხილება როგორც თავისუფალ სიტყვაზე იერიში. ასე რომ, ჩემთვის რთულია რამის თქმა. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): როგორი მოლოდინი მაქვს, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი პოზიცია შემდეგია, რეალურად ეს ადამიანები ქონებისთვის იბრძვიან და თუ სასამარლომ არ დაექვემდებარა იმ გარე ზეწოლას, რომელიც "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარეობს, კარგი იქნება.
მთელმა საქართველომ ხომ იცის, რომ "რუსთავი 2" წართმეული იყო, ვინმემ არ იცის?! თავის დროზე ქიბარ ხალვაშს წაართვეს ნაციონალებმა, ეს ხომ ვიცით?! მოსამართლე გააკეთებს და იტყვის თუ არა ამას, ეს სხვაა, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ წართმეული იყო.
ირმა სოხაძე (მუსიკოსი): გამიჭირდება რამის თქმა, თუმცა, იმედი მაქვს, სასმართლო ისეთ განაჩენს გამოიტანს, რომელსაც არ მოჰყვება საზოგადოების ვნებათაღელვა და რაიმე უბედურება.