სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    31.03.2017

    თბილისის მერია გარემოვაჭრეების პროტესტს და მათ მიერ მარჯანიშვილის მოედანზე უკანონო საქმიანობის გაგრძელების ფაქტს ეხმაურება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ ბრიფინგი გამართა.

    როგორც მან განაცხადა, თბილისის მერია უნებართვო გარე ვაჭრობას არ დაუშვებს და მოქალაქეებს თბილისის ქუჩებში უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ.

    "გვინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის განხორციელება დაუშვებელია. შესაბამისად, ყველა უკანონო ქმედებას რეაგირება მოჰყვება.

    თბილისის მერია, უფლებამოსილების ფარგლებში, თბილისის ქუჩებში მიმდინარე უნებართვო გარე ვაჭრობას აღკვეთს და თემით სპეკულირება ვერ გახდება აღნიშნულის ხელის შეშლის ან შეჩერების საფუძველი.

    ამასთან, შეგახსენებთ, დედაქალაქის მთავრობის მიერ გამართული მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ ბაზრობების ასოციაცია შეღავათიანი პირობებით ექვსი თვის ვადით გარემოვაჭრეებს დაუთმობს და ბაზრობების დირექცია მეწარმეების საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის" - განაცხადა ირაკლი ლაქვინაძემ.

    გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციისთვის რამდენიმე ადგილს სთავაზობენ. ესენია: რკინიგზის სადგური და მისი მიმდებარე ტერიტორია, "დინამოს" მიმდებარე ტერიტორია, მეტროსადგურ "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორია, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორია და ისნისა და სამგორის ბაზრობების ტერიტორია.

    უნდა აიკრძალოს თუ არა გარე ვაჭრობა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

     ანა რატიანი (ჟურნალისტი): აუცილებლად უნდა აიკრძალოს. განსაკუთრებით ისეთ ტერიტორიაზე, როგორებიც რუსთაველი და აღმაშენებელია. უბრალოდ, სირცხვილია, რადგან ქალაქის ჰიგიენა ფუჭდება. ასევე გარე ხედი ფუჭდება, რაც ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის კულტურის მაჩვენებელია.

    ის, რომ ამით ლუკმაპურის ფულს შოულობენ, არაა გამართლება. სავაჭრო ცენტრებში წავიდნენ, საფასური გადაიხადონ და იქიდან ივაჭრონ. მათ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში შეთავაზება უნდა ჰქონდეთ, თუ არადა, ეს გამოსავალი არ არის.

     

     გივი სიხარულიძე მსახიობი): გარე ვაჭრობა რომ უნდა აიკრძალოს, ეს ხომ ყველასთვის გასაგები, სიმართლე და ჭეშმარიტებაა. მაგრამ იმ მდგომარეობაში, რომელშიც დღეს სახელმწიფოს ხალხი ჰყავს, გარე ვაჭრობას თუ კრძალავ, ამავე დროს ეს ხალხი მატერიალურად უნდა დააკმაყოფილო, ნორმალური ცხოვრების პირობები შექმნილი უნდა გქონდეს.

     

     

     დიმა ჯაიანი (მსახიობი): გარემოვაჭრეებმა თავიანთი ადგილები უნდა დატოვონ. დედაქალაქს ასე რომ მოეპყრო, არ შეიძლება.

     

     

     

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ამ მხრივ ქალაქში ძალიან რთული ვითარებაა. ჰიგიენური ნორმები დაუცველია. ქალაქის იერსახეზე აღარაფერს ვამბობ. მაგრამ არსებობს მეორე მხარეც, ადამიანების უმრავლესობა დაუსაქმებელია და ისინი თავის გატანას ცდილობენ.

    თუ ქალაქის მერია მათ ალტერნატიულ ფართს შესთავაზებს, სადაც მინიმალური საარსებოს შოვნა შეეძლებათ, მაშინ, რასაკვირველია, გარე ვაჭრობა არ უნდა იქნეს დაშვებული. ამ ფორმატით გარე ვაჭრობა ყოვლად მიუღებელია.

     

     

     თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი):  ოგადად, ყოველთვის, ყველგან, ყველა დროში, ყველა პრეზიდენტის დროს და ა.შ. შუა ქუჩაში გარე ვაჭრობა ძალიან ცუდია. მაგალითად, "დიდუბეში" ისეთი ანტისანიტარიაა, შეიძლება გაგიჟდე.

    მაგრამ როდესაც სახელმწიფო მოქალაქეებს მოვალეობის შესრულებას სთხოვს, მაშინ თავად პირნათლად ყველანაირ მოვალეობას უნდა ასრულებდეს.

    როდესაც შენს ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვებაა, პენსია უცოტავესია, ხალხს სოციალური დახმარება ეხსნება, ლტოლვილთა სტატუსი არ არსებობს, პრაქტიკულად, შენს მოვალეობას ვერ ასრულებ და მოვალეობის შესრულებას მოქალაქეებისგან იწყებ - ეს არანორმალურია.

    ამიტომ ხელისუფლებამ პასუხისმგებოლობა თავის თავს დააკისროს და მოქალაქეებს რამე შემდეგ მოსთხოვოს. ევროპაში ქუჩები გაკრიალებულია. იქ პენსია და სოციალურად დაუცველთა თანხა ძალიან მაღალია, ლტოლვილთა სტატუსიც არსებობს.

    ასე რომ, ასე საუბარი და მოქცევა, როგორც დღევანდელი ხელისუფლება მოქმედებს, არ შეიძლება. ეს ხალხი ქუჩაში გაჭირვებს გამოა გამოსულია.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter