გვანცა წულაია
28.06.2017

თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 თვით ადრე თბილისის მერობისათვის მებრძოლი მთავარი კანდიდატების ვინაობა გამოკვეთილია. ოფიციალურად საკუთარი კანდიდატი "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" წარადგინა, "ქართული ოცნება" კი საკუთარ კანდიდატად ვიცე-პრემიერ კახი კალაძის ოფიციალურ წარდგენას შაბათს გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერობისთვის, "ნაციონალური მოძრაობიდან" ზაალ უდუმაშვილი, "ევროპული საქართველოდან" კი ელენე ხოშტარია იყრის კენჭს.

გუშინ, თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნები ამ წლის ოქტომბრის მესამე კვირაში გაიმართება. არჩევნების დანიშვნის აქტი 60 დღით ადრე, ანუ აგვისტოს ბოლოს გამოიცემა.

ვის აქვს თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების უფრო მეტი შანსი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ნუცა ჯანელიძე (ხელოვნებათმცოდნე):  ვფიქრობ, ამ საქმეში კალაძეს მენეჯერობა უფრო გამოდგება, ვიდრე ზალიკოს სითბო, რომელსაც ეთერიდან აფრქვევდა, ხოშტარია კი არ ვიცი როგორია.

 

 

 

 

 ქეთი ბექაური(იურისტი): წინასწარი პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. ვფიქრობ, გამარჯვების შანსი ყველას აქვს. მთავარი ისაა, რომ არჩევნები გამჭვირვალედ და თანასწორ პირობებში ჩატარდეს.

 

 

 

 

 გია ანჩბაძე (ისტორიკოსი): მგონი, "ქართულ ოცნებას". რადგან, ის ინერცია, რომელმაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოიყვანა, კიდევ მოქმედებს. მგონია, რომ უფრო მეტად ხმებს მიიღებენ.

 

 

 

 

 ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): მე პირადად ძალიან მინდა, რომ ზაალ უდუმაშვილმა გაიმარჯვოს. სოციალურ ქსელებში, სააგენტოებსა და კვლევებში რაც ვნახე, ჯერჯერობით ზაალი ლიდერობს. თუ რაღაც რადიკალური ჩარევა არ მოხდა, თბილისის მერობისთვის ზაალს დიდი შანსი აქვს.

 

 

 

 

 იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვს კახი კალაძეს. პირველივე ტურში გაიმარჯვებს. რადგან, ყველა კანდიდატი, ვინც დასახელებულია, სახელგატეხილ პარტიებს წარმოადგენს.

"ქართულ ოცნებას" 2020 წლამდე ვერც საპრეზიდენტო და ვერც თვითმმართველობის არჩევნებში ვერავინ ვერ მოერევა.

 

 

 

 ლაშა ჩხარტიშვილი ("დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი):  თვითმმართველობის არჩევნებს რაც შეეხება, იმედი მაქვს, რომ ძველი და ახალი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ოპიზიცია გაერთიანებას მოახერხებს.

თუ ეს მოხერხდა, ბუნებრივია, ამ კოალიციის კანდიდატს გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი ექნება. ვფიქრობ, საზოგადოებას კარგად ახსოვს, "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" რას წარმოადგენს. ისინი ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან.

ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძალაუფლებისა და ფულის მოხვეჭით იყვნენ დაკავებული. იმედი მაქვს, გაერთიანება მოხდება და კვლავ არ დავრჩებით ძალადობისა და კორუფციის მორევში, რომელიც დამახასიათებელია როგორც "ნაციონალური მოძრაობისთვის", ისე "ქართული ოცნებისთვის".

დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გია   (28.06.2017)
მაპატიეთ,მაგრამ ფოტოზე ლელა ოჩიაურს მამაკაცის,თანაც ლოთი,ან ნარკომანი მამაკაცის სახე აქვს,და გასაკვირია,კაცებს საქართველოში სახელი ,,ლელა,, რატომ ჰქვიათ? თუ ეს ახალი მოდაა საქართველოში,რომ კაცებს არქმევენ ქალების სახელებს?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×