გვანცა წულაია
04.07.2017

თბილისისთვის "ელიავაზე" კვირას გაჩენილი ხანძარი პირველი არ არის, რაც ბაზრობაზე თუ სავაჭრო ობიექტში ხდება. ბოლო 5 წელიწადში საქართველოში 10 სავაჭრო ცენტრი თუ ბაზრობა დაიწვა.

თითქმის ყველა შემთხვევაში ხანძრის გამომწვევ მთავარ დამნაშავედ ელექტროგაყვანილობა სახელდება, მაგრამ იქვე ჩნდება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურად ხდება.

შეგახსენებთ, რომ 2 ივლისს, გვიან ღამით, "ელიავას" ბაზრობის ნაწილი დაიწვა - 2500 კვ/მ-მდე. გავრცელებული ცეცხლის ჩასაქრობად 30-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 150-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველომ სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო. ხანძრის გაჩენისთანავე დაიწყო საუბარიც იმაზე, რომ ეს ხელოვნურად მოხდა, რადგან ელიავას ბაზრობის სხვა ტერიტორიაზე გადატანა სურდათ.

ბოლო 5 წლის სტატისტიკა კი ასეთია:

1.ლილოს ბაზრობა - 2012 წლის 15 ნოემბერი;

2.სავაჭრო ცენტრი "საბა" - 2013 წლის 26 თებერვალი;

3."ევროპარკი" - 2013 წლის 17 ივლისი;

4."ბოშათა ბაზრობა" - 2014 წლის 16 სექტემბერი;

5."ხოფას" ბაზრობა - 2014 წლის 7 დეკემბერი;

6."ელიავას ბაზრობა" - 2014 წლის 27 დეკემბერი;

7.ისნის ბაზრობა - 2015 წლის 21 იანვარი;

8."ელიავას ბაზრობა - 2015 წლის 4 აგვისტო;

9."შავი" ბაზრობა - 2016 წლის 2 აგვისტო;

10.ბაზრობა და ბავშვთა სამყარო - 2017 წლის 30 იანვარი;

რა იწვევს ბოლო პერიოდში ხანძრებს თბილისში? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი):  ძალიან დიდი ეჭვი არსებობს. შეუძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ მოკლე ჩართვის გამო ხდებოდეს. სავაჭრო ობიექტების სათავეში ვინც არიან, კეთილი უნდა ინებონ და სახანძრო უსაფრთხოება უზრუნველყონ.

ჯოხი მოვაჭრეებზე არ უნდა გადატყდეს. ყველა მესაკუთრეზე, ვინც სახანძრო უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფს, კეტი უნდა გადატყდეს. ეს უკვე რაღაც ტრაგიკულ სერიალს ჰგავს. პრაქტიკულად, არც ერთი ასეთი ობიექტი დაცული არ არის.

აქ სხვა მუშაობაა საჭირო. რა თქმა უნდა, ვიღაცის ინტერესებია ჩართული. ეს ყველაფერი ოლიგარქების ხელში ვარდება. ამიტომ, მგონია, რომ ხელისუფლებამ რაღაც ღონისძიებები უნდა ჩაატაროს, რათა ასეთი ვითომ შემთხვევითი ხანძრები თბილისში აღარ იყოს.

 ქეთი ბექაური (იურისტი):  ასე პირდაპირ ვერ გეტყვით, რადგან სათანადო სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას ატარებენ. როგორც მოქალაქეები, ვალდებულები ვართ, გამოძიების შედეგებს დაველოდოთ.

გუშინდელ ფაქტზე რა იყო გამომწვევი მიზეზი, თუნდაც წინა ფაქტზე, ვერავინ ვერ იტყვის. ვერავის უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ. ვარაუდის დონეზე, პირდაპირი მნიშვნელობით, მტკიცებით ფორმაში რაიმე განცხადების უფლება არ მაქვს.

სწორედ იმიტომ, რომ ეჭვი არის, არსებობს გამოძიება, რათა ყველა კითხვას და საეჭვო ვარაუდს ადეკვატური პასუხი გაეცეს.

 

 გია ბუღაძე (მხატვარი):  დიდი ხანია, ეჭვი მაქვს, რომ ძლიერნი ამა ქვეყნისანი ცდილობენ, ქალაქის პრესტიჟულ ადგილზე ტერიტორიები "დაითრიონ". რა თქმა უნდა, აბსოლუტურად რეალური აზრია, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად ხდება, რათა ეს ტერიტორიები არასასურველი პერსონებისაგან გაათავისუფლონ და "დაითრიონ" იმ ადამიანთა ჯგუფებმა, რომლებიც ამით დაინტერესებულნი არიან.

 

 

 

 ლაშა ჩხარტიშვილი ("დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი):  რაც შეეხება კატასტროფულ მდგომარეობას, რომელიც ქვეყანაში ხანძართან დაკავშირებით არის შექმნილი, უპირველეს ყოვლისა, საეჭვოდ ბევრი მსხვილი ობიექტია.

სულ მცირე, დაკავშირებულია ხელისუფლებასთან და პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, რადგან საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სისტემა, პრაქტიკულად, ნულოვან დონეზეა. ეფექტური მაკონტროლებელი ორგანო არ არსებობს.

რაც შეეხება მათი დაწვის ალბათობას, არც ეს არის გამორიცხული. შეიძლება სავაჭრო ობიექტებთან დაკავშირებით შეგნებული ბრძოლა იყოს, რაც შეიძლება ვაჭრობის სფეროში მდგომარეობის მონოპოლიზების სურვილს უკავშირდებოდეს.

ამ ეჭვს ბადებს ის, რომ გამოძიება როგორც ამ სფეროში, ისე სხვაში, პრაქტიკულად, დასრულებული არ გვინახავს. მოქალაქეების უფლებაა, ჰქონდეთ სერიოზული ეჭვი, რომ ბაზრობებს შეგნებულად ანადგურებენ, რათა ჩაანაცვლონ მსხვილი მარკეტებით და სავაჭრო ობიექტებით, რომლებიც ხელისუფლებაში მყოფი პირების საკუთრებაა.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×