სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინი ქეთელაური
    12.01.2018

    პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმის მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სპეციალური დანიშნულების რაზმის იმ წევრის დასჯას ითხოვს, ვინც მის შვილს საძინებელ ოთახში ესროლა; ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ წარმომადგენლებისა, რომლებმაც სპეცოპერაცია დაგეგმეს.

    "სახელმწიფოსგან ვითხოვ, გაასამართლოს ის პირები, ვინც შვილი მომიკლა და ვინც ეს დაგეგმა, ყველას დასჯას ვითხოვ. როგორც მე, ასევე მთელი პანკისის ხეობა. ამ დროისთვის გამოძიებას ვენდობი, თუ არ გაამართლა ეს ნდობა, მაშინ ალბათ სხვანაირად მოვიქცევი", - განაცხადა გარდაცვლილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

    26 დეკემბერს, სპეცოპერაციის დროს, თავის არეში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. იგი გუშინ სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს.

    თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით იძიებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. გამოძიების შედეგები ამ დროისთვის ცნობილი არ არის. მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა პროკურატურას მიმართა და საქმის განზრახ მკვლელობის მუხლით დაკვალიფიცირება მოითხოვა.

    უნდა დაისაჯოს თუ არა ის სპეცრაზმელი, ვინც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი):"სპეცრაზმელი უნდა დაისაჯოს თუ არა, რთული სათქმელია. მანამდე გასარკვევია, სპეცოპერაცია როგორ არის დაგეგმილი, ბრძანება ვინ გასცა და ა.შ. ამიტომ ასე ერთი პიროვნებისკენ ხელს ვერ გაიშვერ.

    "მესმის, რომ ტერორიზმთან ბრძოლა რთულია, მაგრამ ცოტა უფრო მეტ გამჭვირვალობას ითხოვს ეს ყველაფერი."

     

     

     გივი სიხარულიძე (მწერალი, მსახიობი): "ჩემი აზრით, არც სპეცრაზმელია დამნაშავე და არც ის საწყალი გარდაცვლილი. ჩვენი კანონებია არასწორად შედგენილი. უნდა იცოდეს სპეცრაზმელმაც და მოქალაქემაც, რისი უფლება აქვს.

    "გარდაცვლილის ოჯახს ვუსამძიმრებ, ძალიან შემეცოდა და ამავე დროს სპეცრაზმელის მდგომარეობაშიც შევდივარ - შეიძლება მოიქცა სწორად ან პირიქით, ის ხომ დავალებას ასრულებდა."

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "ჯერ უნდა გაირკვეს, ეს სპეცოპერაცია ნამდვილად იყო თუ არა ტერორიზმთან ბრძოლისკენ მიმართული და არსებობდა თუ არა იმის აუცილებლობა, რომ სპეცრაზმელს ესროლა. ასე პირდაპირ ხელაღებით როგორ უნდა დაისაჯოს, ის ხომ სახელმწიფო დავალებას ასრულებდა."

     

     

     

     

     მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): "სპეცრაზმელის დასჯა ნიშნავს, რომ მეისრე დავსაჯოთ. ჩვენ ისიც არ ვიცით, დავალება სწორად იყო გაცემული თუ არა. თუ ის კაცი არაფერ შუაშია, უნდა დაისაჯოს ის, ვინც სპეცოპარაცია დაგეგმა, თორემ სპეცრაზმელის დასჯა იმის გამო, რომ დავალება შეასრულა, არ მგონია, სწორი იყოს."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved