სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    06.04.2018

    ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო სამი დაშავდა. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და ისინი კონტაქტურები არიან.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში კედლების დეფორმაცია მოხდა, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მგდარი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სპეციალისტების თქმით, ეს იყო სამთო დარტყმა, რაც ნიშნავს, რომ გარკვეულ ადგილას ჩამოიშალა ქანები, რამაც გამოიწვია ჰაერის ტალღა, რასაც მოჰყვა ეს უბედური შემთხვევა.

    "საქნახშირის" დირექტორ ჯამბულ ჯაყელის მტკიცებით, შახტში მომხდარის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა არ გამხდარა.

    პროფკავშირის წარმომადგენლები მომხდარის გამოძიებაში ჩართვას ითხოვენ. როგორც პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო კომისიაში პროფკავშირებს არ ჩართავენ, ყველას ეცოდინება, რომ "კვლავ რაღაცის დამალვას ცდილობენ".

    გამოიწვევს თუ არა ეს ტრაგედია სახელმწიფოს მხრიდან შრომის უსაფრთხოებისადმი მიდგომის შეცვლას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): აუცილებლად უნდა გამოიწვიოს სახელმწიფოსგან შრომის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიდგომის შეცვლა, რადგან, სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულში ოღონდ ინვესტორი გამოჩენილიყო და დასაქმებული ადამიანების მინიმალური უსაფრთხოების საკითხიც კი არ იყო დაცული. არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ მოხდება ისეთი რამ, რაც ჩვენთან ხდება. თუ გვინდა, რომ რაღაცას ვგავდეთ და ასეთი ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ, აუცილებელია, უსაფრთხოების ზომები მკაცრად იყოს განსაზღვრული და დარეგულირებული.

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გამოიწვიოს. ასეთი ეპიზოდების ერთმანეთზე მიყრა რა უბედურებაა. ძალიან ცუდი ამბებია, მაგრამ ამ საქმეს რაღაცით უნდა ვუშველოთ. კანონმდებლობით იქნება თუ ვიღაცის დაჭერით ან მოხსნით, ამას ყველა ვარიანტში უნდა ეშველოს.

     

     რეზო მიშველაძე (მწერალი): შრომის უსაფრთხოების პრობლემა, არ მახსოვს რომელიმე ათწლეული ჩემი სიყმაწვილიდან დღემდე, რომ საქართველოში არათუ გადაწყვეტილი, არამედ თითქმის მინიმალურად გადაჭრილი ყოფილიყო. სრულიად ბუნებრივია, რომ ახლაც ასეა. საწარმო, კერძო პირის ხელშია თუ სახელმწიფო პირისა, ყოველთვის ამ დიდი პრობლემის წინაშე დგას. ამის შედეგია ისიც, რომ თბილისში მაღლივი სახლი არ არსებობს, საიდანაც მშენებლობის პროცესში მუშა არ გადმოვარდნილიყოს და ახლაც ეს საშინელი ტრაგედია ტყიბულში. რა თქმა უნდა, თუ ჩვენი პარლამენტი პარლამენტია და მართლა პარლამენტობს, პირველ რიგში, ეს საკითხი უნდა დააყენოს თავის სესიაზე და სათანადო კანონით უზრუნველყოს. მაგრამ მე, როგორც პარლამენტს ძველმა წევრმა, ერთი რამ ვიცი, რომ მიიღებენ კანონს, რომელიც არ შესრულდება, რადგან სათანადო პოლიტიკური ნება არ არის ადამიანის დაცვისა.

     ქეთი ბექაური (იურისტი): რა თქმა უნდა. საკანონმდებლო ორგანომ ბოლო პერიოდში შრომის კანონმდებლობაში ისედაც ცვლილებები შეიტანა. ალბათ შრომის ინსპექციის მეტი ჩართულობაა საჭირო და ყველაფერი კონტროლზე უნდა იქნეს აყვანილი. შახტში პირობები უნდა შეიქმნას. ითქვა, რომ უსაფრთხოების წესები დაცული იყო, მაგრამ საშინელება მაინც მოხდა. იმედია, ობიექტური გამოძიება ჩატარდება და თუკი ვინმეს გადაცდომა გამოიკვეთება, ალბათ ყველა პასუხს აგებს. ექვსი ადამიანის გარდაცვალება მისაყურადებელი საქმე არ არის. ძალიან დიდი დანაკლისია მარტო ტყიბულელებისთვის კი არა, მთელი საქართველოსთვის.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved