
მარტვილის კანიონის დირექტორი თამარ ივერის განცხადებას ეხმაურება, სადაც მომღერალი კანიონში არსებულ ფასებს აკრიტიკებს:
"განვლილი წლების განმავლობაში, დაცულ ტერიტორიებს მილიონზე მეტი ვიზიტორი ყავდა. მარტვილის კანიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიაა, რომელსაც მხოლოდ 2019 წელს 189 894 ვიზიტორი ეწვია, გახსნის დღიდან დღემდე კი 800 000 - მდე ვიზიტორს უმასპინძლა.
მარტვილის კანიონზე მოგზაურობა 6 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა, ასევე საქართველოს მოქალაქეებზე და რეზიდენტ პირებზე ვრცელდება ფასდაკლება. შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ ფასებს: ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის უფასო; ბილეთი არასრულწლოვნებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) -5.5 ლარი; ბილეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის, გარდა არასრულწლოვნებისა -10.35 ლარი;სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გარდა არასწრულწლოვნებისა - 17.25 ლარი; მოსწავლეთა და სტუდენტთა ჯგუფის ვიზიტის დროს, ერთი სკოლის, კოლეჯის ან სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგი უფასო; ტურისტული სააგენტოს გიდები უფასო;
აღსანიშნავია, რომ მარტვილის კანიონის სიგრძე 2,4 კმ-ია და აქედან, ტერიტორია, რომელზეც ფასიანი სერვისები ვრცელდება, მხოლოდ 700 მეტრია. დანარჩენი ტერიტორია შეგიძლიათ უფასოდ დაათვალიეროთ. მარტვლის კანიონის მოვლა-პატრონობასა და განვითარებას სჭირდება ფინანსური რესურსი, რომლის მიღების წყაროს ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლები წარმოადგენს. შემოსავლები ხმარდება, უპირველეს ყოვლისა, მარტვილის კანიონის მოვლა-პატრონობას, თანამშრომლების შრომის ანაზღაურებას და განვითარების ხარჯებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღეისთვის საქართველოში 87 დაცული ტერიტორიაა და აუცილებელია თითოეულის მოვლა-პატრონობა და განვითარება.ნავებით გასეირნების სერვისს რაც შეეხება, საქართველოში პირველად მოხდა, რომ ეს სერვისი გადაეცათ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საქმიანობით იყვნენ დაკავებული, კერძოდ მარტვილის, სოფელ ლებაჩეს მოსახლეობის 70 ოჯახს" - წერს ზაზა გაგუა.
ცნობისთვის, დღეს ოპერის მომღერალმა თამარ ივერმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე მარტვილის კანიონის მონახულებისას მომხდარი ამბავი აღწერა და ადგილობრივი ტურიზმის პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.