რეზონანსი
03.06.2026

ოზურგეთში ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ქალაქში არსებულ გუბეებში თევზები გაუშვეს და აცხადებენ, რომ ამ ფორმით ოზურგეთის მერის, პაატა კუნჭულიას ყურადღების მიქცევას ცდილობენ.

მათი თქმით, ქალაქში არაერთი ქუჩა გადათხრილი და მოუწესრიგებელია, რის გამოც გადაადგილება ადგილობრივებისთვის სირთულეებთან და უსაფრთხოების რისკებთან არის დაკავშირებული. ოპოზიცია აცხადებს, რომ მოსახლეობა გზების მოწესრიგებას ითხოვს, თუმცა პრობლემები ამ დრომდე მოუგვარებელი რჩება.

აქციის მონაწილეების შეფასებით, ღია ორმოები და დაზიანებული გზები ოზურგეთის სხვადასხვა უბანში ყოველდღიურ გამოწვევად რჩება, რის გამოც ადგილობრივი ხელისუფლებისგან შესაბამის რეაგირებას მოითხოვენ.

„მდინარაძის ნათლულის ქმრის ბიძა, რომელიც ოზურგეთის მერად არის დანიშნული, ხალხის პრობლემებს აბსოლუტურად აცდენილია, ვერანაირად ვერ მიიქცია ხალხმა მისი ყურადღება, მათ შორის, ვერც ანთებული ნაძის ხეები დაინახა ორმოებში და ამჯერად მივმართეთ თევზების გაშვების გზას. სხვათაშორის, ბატონ ბიძინასაც უყვარს თევზები და იქნება ბატონი ბიძინას სიყვარულიდან გამომდინარე ამ თევზებს მაინც უშველოს და მიაქციოს ყურადღება, იმიტომ, რომ ადამიანებისთვის მას არ სცალია და იქნებ ეს შემოღობილი კაცი, მერიის შენობას რო იღობავს ხალხის ხარჯზე, რაღაცნაირად გამოვიყვანოთ და ამ პერფორმანსით მაინც დავაინტერესოთ“, - ამბობს ენმ-ს წევრი თათია ნიკოლაიშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×