რეზონანსი
03.06.2026

ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე საქართველოს ეროვნული ბანკის  პრეზიდენტის, ნათია თურნავას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების (BSCEE, Banking Supervisors of Central and Eastern Europe) 2027 წლის თავმჯდომარედ ერთხმად არჩევას ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. ცუცქირიძე წერს, რომ ეს ფაქტი და ამასთან ერთად, 2027 წელს, თბილისში 39-ე ყოველწლიური კონფერენციის მესამედ მასპინძლობა წარმოადგენს სტრატეგიული მნიშვნელობის მოვლენას საქართველოს ფინანსური სისტემის ინსტიტუციონალიზაციისა და რეგიონულ ინტეგრაციაში.

„მიმაჩნია, რომ ამ არჩევით საქართველოს ეროვნული ბანკი რეალურად გადავიდა ახალ წონით კატეგორიაში, როდესაც პატარა ქვეყანას, რომელიც 2013 წელს შევიდა ამ პრესტიჟულ ორგანიზაციაში, დღეს უკვე მის ლიდერად ირჩევენ. ეს არ არის მხოლოდ დიპლომატიური წარმატება. ეს არის ძალიან მკაფიო სიგნალი საერთაშორისო ფინანსური სამყაროსთვის საქართველო აღარ არის უბრალოდ „კარგი მოსწავლე“, რომელიც ნერგავდა ევროპულ სტანდარტებს, არამედ უკვე თავად არის მაგიდასთან მჯდომი და დღის წესრიგის ფორმირებაში მონაწილე მოთამაშე. ნიშანდობლივია, რომ BSCEE, რომელიც 1991 წელს შეიქმნა და დღეს 24 ქვეყნის 25 ზედამხედველ ორგანოს აერთიანებს (მათ შორის ევროკავშირის წევრებს, კანდიდატებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს), წარმოადგენს ფართო რეგიონულ პლატფორმას საბანკო ზედამხედველობის სტანდარტების ჰარმონიზაციისთვის“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.  

რას ნიშნავს ეს საქართველოს საბანკო სექტორისთვის? ეკონომისტი აცხადებს, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს არის რეპუტაციული გარღვევა. მისი თქმით, საერთაშორისო ბანკები, ინვესტორები და რეიტინგული სააგენტოები, როდესაც საქართველოს ბაზარს აფასებენ, ახლა სხვანაირად შეხედავენ. 

„როცა შენი ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი რეგიონის საბანკო ზედამხედველებს ხელმძღვანელობს, ეს ავტომატურად ამცირებს ქვეყნის რისკის შეფასებას. ინვესტორები უფრო დიდი თავდაჯერებით შემოდიან ბაზარზე, რადგან ხედავენ, რომ ზედამხედველობა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და კიდევ უფრო მაღალ ფონეზეა.

მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია დღის წესრიგის ფორმირების უფლება. 2027 წელს თავმჯდომარეობისას ნათია თურნავას და საქართველოს ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა ექნება, რომ თავად განსაზღვრონ, რომელი თემები იყოს რეგიონული დისკუსიის ცენტრში. ეს შეიძლება იყოს ფინტექნოლოგიების რეგულაცია, კიბერუსაფრთხოება, მწვანე ფინანსები, კრიპტოაქტივები თუ მაკროპრუდენციული პოლიტიკა. ანუ საქართველო აღარ არის მხოლოდ წესების მიმღები, არამედ წესების შემქმნელთა შორისაცაა.

გარდა ამისა, მომავალ წელს, თბილისი უმასპინძლებს BSCEE-ის 39-ე ყოველწლიურ კონფერენციას, უკვე მესამედ. ასეთი ღონისძიება არ არის მხოლოდ შეხვედრა. ეს არის ათეულობით მაღალი დონის საერთაშორისო ექსპერტის, ბანკირისა და ზედამხედველის თბილისში ჩამოსვლა. ეს ნიშნავს ახალ კონტაქტებს, გამოცდილების გაზიარებას, ტექნიკურ დახმარებას და, რაც მთავარია, ქართული საბანკო სექტორის ღიად წარდგენას მსოფლიოს წინაშე.

ეს მოვლენა კარგად ჯდება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ლოგიკაში - „პატარა ქვეყნის დიდი დიპლომატია“ მრავალმხრივ ფორმატებში. თავის მხრივ, ამ პლატფორმის სტრატეგიული გამოყენება , შეიძლება გახდეს თავისებური „გარდამტეხი წერტილი“ საფინანსო სექტორის განვითარებაში.

 ეს ქვეყანას აძლევს შანსს, რომ პატარა ეკონომიკის მიუხედავად, გახდეს რეგიონული ლიდერი საბანკო ზედამხედველობაში, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს უფრო სტაბილურ ბანკებს, მეტ ინვესტიციას, დაბალ საპროცენტო განაკვეთებს და  უკეთეს სერვისებს მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, უფრო ძლიერ ეკონომიკას“, - წერს გიორგი ცუცქირიძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×