რეზონანსი
13.06.2026

საფრანგეთის ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ქურდობისთვის პარიზის სასამართლომ 6 ქართველს 7 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა „ლე მონდე“ ავრცელებს. საქმე ეხება 2023 წელს საფრანგეთის ბიბლიოთეკებში მომხდარ დანაშაულებს. წიგნების ქურდობებს ადგილი ჰქონდა გერმანიის, ჩეხეთისა და შვეიცარიის ბიბლიოთეკებშიც, რის შემდეგაც ევროპელი სამართალდამცველების საგამოძიებო ჯგუფმა 2024 წელს რამდენიმე პირი დააკავა. კრიმინალური ქსელის წევრები ორიგინალ ნამუშევრებს ფარულად იღებდნენ და მათ ზუსტი, ყალბი ასლებით ანაცვლებდნენ

„ეს სასამართლო პროცესი ბოლო წლებში ევროპის მასშტაბით ბიბლიოთეკებიდან მსგავსი ძარცვების სერიის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულების უახლესი შემთხვევაა. არსებობს ეჭვი, რომ ეს დანაშაულები ორგანიზებული ქსელის მიერაა ჩადენილი, რომელსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს რუსეთთან“, - წერს გამოცემა. 

ბრალდებულებს ედავებოდნენ რუსი კლასიკოსების -პუშკინის, გოგოლისა და ლერმონტოვის წიგნების მოპარვას. წიგნების საერთო ღირებულება მილიონობით ევროს აღწევს. ექვსივე ბრალდებული - ხუთი მამაკაცი და ერთი ქალი გასულ ღამეს დამნაშავედ ცნეს დანაშაულის ჩადენის მიზნით შექმნილ კრიმინალურ შეთქმულებაში, ზოგს კი ბრალი გამოფენილი კულტურული ფასეულობის მოპარვაშიც დაედო. ორ პირს განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს. ისინი უკვე დაკავებულები არიან საქართველოში. კიდევ ორი ბრალდებული, მიხეილ ზამთარაძე და ბექა ცირეკიძე მსგავსი დანაშაულებისთვის სხვა ქვეყნებში არიან გასამართლებული და საფრანგეთს დროებით გადასცეს.

ყველაზე მკაცრი სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 50 წლის მიხეილ ზამთარაძეს. მას გათავისუფლებისა და დეპორტაციის შემდეგ საფრანგეთის ტერიტორიაზე სამუდამოდ აეკრძალა შესვლა. ზამთარაძეს გასულ წელს ლიეტუვაში ორგანიზებული ქურდობისთვის უკვე ჰქონდა მისჯილი 3 წელი და 4 თვე, რაც 606 000 ევროდ შეფასებული მე-19 საუკუნის გამოცემების მოპარვას უკავშირდებოდა. 49 წლის ბექა ცირეკიძეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც დაემატა იმ სამ წელსა და ექვს თვეს, რომელიც მას ესტონეთში უკვე ჰქონდა მისჯილი. თავის გამოსვლაში პროკურორმა აღნიშნა, რომ ექვსი ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქურდობა იყო „მასშტაბური, ორგანიზებული, დაგეგმილი და შესრულებული განსაკუთრებული სიზუსტითა და ცინიზმით“, - ამბობს საქმის პროკურორი

2024 წლის აპრილში ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით რამდენიმე პირის დაკავების შესახებ საქართველოს პროკურატურამაც გამოაცხადა. მაშინ პროკურატურამ განაცხადა, რომ საფრანგეთის, შვეიცარიისა და ლიეტუვის ჩართულობით ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. 2025 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ ევროპული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებზე დამნაშავედ ხუთი პირი ცნო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×