სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    (01.03.2017)

    ანზორ საკანდელიძე, ასოციაციის "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე", თავმჯდომარე

    სამშენებლო ეკოლოგიასთან თუ როგორი მაღალი დონის სახელმწიფოებრივი მიდგომა ჰქონდათ ნაციონალებს, ეს კარგად ჩანს მათ ნამოქმედარში, მათ სამშენებლო-ეკოლოგიური კონტროლის გაგონება არ უნდოდათ: მათ 2004 წელს დანაშაულებრივად გააუქმეს მთელ მსოფლიოში სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვის მთავარ გარანტად აღიარებული მშენებლობის სამინისტრო (იგი არსებობს მსოფლიოს თითქმის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში); ყურად არ იღეს ჩვენი ოფიციალურად გაგზავნილი უამრავი წერილი თუ პრესაში გამოქვეყნებული ათეულობით საგაზეთო სტატია, როგორებიცაა: "ევრორემონტი თუ ევროსიკვდილი?!", "სახლებში კი არა, გაზის კამერებში ვცხოვრობთ!", "ფრთხილად, ჩერნობილის რადიაციით მოწამლული ლითონის მასალებია!", "თბილისი სამშენებლო-ეკოლოგიური უბედურების ზონაა!", "საქართველო მიდის სეისმური და სამშენებლო-ეკოლოგიური თვითმკვლელობისაკენ!"

    სამწუხაროდ, მაღალი დონის სახელმწიფოებრივი მიდგომით არც ნაციონალებთან კოჰაბიტირებული "ქართული ოცნება" გამოირჩევა, რადგან მე-5 წელიწადია, ხელისუფლებაში ყოფნის დროს არც მშენებლობის სამინისტროს აღდგენისა და არც სამშენებლო-ეკოლოგიური კონტროლის შემოღებისათვის მათაც აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებიათ.

    ამ დროს ცნობილია შოკისმომგვრელი სტატისტიკა, რომ მსოფლიოში გარდაცვალებულთა ნახევარზე მეტი იღუპება სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაუცველობით გამოწვეული დაავადებებისაგან. ასეთი ნორმების დაუდგენლობით კი საქართველოში დღეს ყოველდღიურად ბევრი ავადდება ნელი, ე.წ. "თეთრი სიკვდილით", უამრავს დაავადება უმძიმდება და ბევრი კვდება. ამ დროს მომკითხავი, პასუხის გამცემი და პასუხისმგებელი კი არავინაა!

    რადიაციის ბუნებრივი წყაროებიდან ყველაზე ძლიერია რადონი, რომელიც უხილავი, უფერო, უსუნო, გაზია და ბუნებაში გვხვდება 2 რადიოაქტიური იზოტოპის სახით. ეს იზოტოპებია: რადონი-222, რომელიც ურან-238-ის დაშლის პროდუქტია და რადონი-220, რომელიც თორიუმ-232-ის დაშლიას პროდუქტია, თანაც რადონი-222 იზოტოპის რადიოაქტურობა 20-ჯერ აღემატება რადონი-220 იზოტოპის რადიაქტიურობას.

    რადონი წარმოიქმნება მიწის ქერქში და ამოდის რა მიწის ზედაპირზე, ვრცელდება მთელ ტერიტორიაზე. ამიტომ არის აუცილებელი, როცა ვიკვლევთ სამშენებლო მოედანს, უნდა გამოვიკვლიოთ რადონის დონეც. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენობის აშენების შემდეგ, რადონი გრუნტიდან შეაღწევს საძირკვლებში, სარდაფებში და გაივლის რა სართულშუა გადახურვებს, გავრცელდება მთელ შენობაში. გარდა ამისა, თითქმის ყველა ძირითადი საშენი მასალა (ქვიშა, ღორღი, აგური, ცემენტი, ბეტონი, ლითონი) მზადდება რა მიწის ქერქში მდებარე მთის ქანების გადამუშავებით, მეტ-ნაკლებად ყველა შეიცავს და გამოასხივებს რადონს.

    გრუნტიდან შეღწეული და ასაშენებლად გამოყენებული საშენი მასალებიდან გამოსხივებული რადონი, მოექცევა რა უკვე აშენებული შენობის დახშულ სივრცეში, კონცენტრაციის გაზრდის გამო თანდათან ხდება ჯანმრთელობისათვის საშიში. თუ არ იქნება მიღებული სპეციალური ღონისძიებები (ოთახების მძლავრი ვენტილაცია-განიავება, სართულშუა გადახურვებისა და კედლების დაფარვა გაზგაუმტარი სპეციალური დანამატიანი დუღაბებით), რადონის კონცენტრაციამ შეიძლება მიაღწიოს სასიკვდილო დოზას და ამ შენობებში ცხოვრება გახდეს სახიფათო. თუმცა, ასეთი ღონისძიებებიც ზოგჯერ ვერ აღწევს შედეგს, რის გამოც ბევრ ქვეყანაში, უფრო მეტად კი ინგლისში, ხელისუფლება იძულებული ხდება მოსახლეობა გამოასახლოს და ეს რადონსაშიში შენობები დაანგრიოს. ვინაიდან რადონის აღმოჩენას სულ რამდენიმე ათეული წლის ისტორია აქვს, რადონუსაფრთხო მშენებლობა ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის შესწავლილი.

    რადონის გაზი წყალში ადვილად იხსნება, რის გამოც მან ადამიანის ორგანიზმში შეიძლება შეაღწიოს სასმელი წყლიდან (განსაკუთრებით საშიშია ჭაბურღილის წყლები) და საკვებიდანაც. აქვე გვინდა გავაფრთხილოთ ის ფერმერები, რომლებიც მუშაობენ ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტების მიღებაზე. ის მიწები, რომელთა გამოყენებას აპირებთ ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტების მისაღებად, აუცილებლად შეამოწმეთ რადონზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, თქვენი შრომა წყალში ჩაგეყაროთ.

    ძალიან დიდი პრობლემა შეიქმნა ბუნებრივი მოსაპირკეთებელი მასალების გამოყენებაში იმ დონეზე, რომ რადონის საშიში შემცველობის გამო ბევრ სახელმწიფოში უარი თქვეს გრანიტისა და მარმარილოს ძვირფასი ქვების გამოყენებაზე შენობათა შიდა ინტერიერებში. აქედან გამომდინარე, საქართველოშიც შენობათა შიდა ინტერიერებში გამოყენებული გრანიტისა და მარმარილოს მასალები აუცილებლად არის შესამოწმებელი რადონის გამოსხივებაზე. საფრთხე კი მართლაც რეალურია. აი, რას ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბირთვული ფიზიკის ლაბორატორიის წამყვანი მეცნიერ-მუშაკი, პროფესორი მიხეილ კავილაძე:

    "რადონი გახლავთ გაზი, რომელიც მიწის განსაზღვრული უბნებიდან ამოდის - ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები. ასეთ ადგილებში მშენებლობები დამღუპველია (ალბათ, მოსავლის, მით უფრო, ეკოლოგიურად სუფთა მოსავლის მოყვანაც). ეს ნიშნავს, რომ აქ შესახლებული მოქალაქეები მუდმივი დასხივების ეპიცენტრში არიან... გამოსხივებულ ნაწილაკებს - რადონს - დაშლის პერიოდი ოთხ დღემდე აქვს, მაგრამ თავად წყაროს, ანუ რადიუმის ნახევრად დაშლის პერიოდი 1600 წელიწადია. ამდენად, კვლავწარმოების წყალობით რადონი მუდმივად "ცოცხლობს" და რადგან იგი ჩვენი მუდმივი თანამგზავრია, ამდენად აუცილებელია ვიცოდეთ მისი რაოდენობა ჩვენ გარშემო. მას ვერ აღმოაჩენთ, თუკი ამ პროცესში პროფესიონალი არ ჩაერია... რადონის უხილავ ნამცეცს (ერთი მიკროგრამის მემილიარდედ ნაწილს) ჩაისუნთქავთ და განწირული ხართ".

    რაც შეეხება საქართველოს, აქ შექმნილია კატასტროფული მდგომარეობა. დღემდე არ წარმოებს სამშენებლო-სარემონტო მასალებისა და აშენებულ შენობა-ნაგებიბათა შემოწმება ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე. ამ მხრივ მსოფლიოში ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც დღემდე არც ერთი შენობა არ შემოწმებულა სამშენებლო-ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე. მოსახლეობა აბსოლუტურად დაუცველია. ხალხი ინფორმაციულ ვაკუუმშია. საქართველოში ისიც კი არ იციან, რომ რადიაციის გამოსხივების გარდა, არსებობს გაცილებით უფრო საშიში, რადონის რადიაქტიური გამოსხივება და რადიოაციული გამოსხივებით დაღუპულთა 70%, ფაქტობრივად, დაღუპულია რადონის გამოსხივებით.

    სწორედ ამიტომ იყო, რომ მსოფლიოში მოხდა რადონის რადიოაქტიური გამოსხივების გამოყოფა რადიაციის რადიოაქტიური გამოსხივებიდან, დაიწყეს მისი ცალკე შესწავლა და შექმნეს რადონის სპეციალური დოზიმეტრული ხელსაწყოები. საქართველოში კი ხელისუფლება კვლავ ღრმა ძილშია!

    ამ კოშმარების წაკითხვის შემდეგ, სჯობს, მკითხველმა თავად გადაწყვიტოს, როგორი მკვლელია ის ხელისუფლება, რომელიც არაფერს აკეთებს, რომ სამშენებლო ეკოლოგიამ და, კერძოდ, რადონმა სასიკვდილოდ არ გაგვწიროს - შეგნებული თუ შეუგნებელი?

    აქვე გვინდა შევეხოთ ერთ პრობლემას. პირადად მე აქტიურად გამოვდივარ (განსაკუთრებით 2004 წლიდან, მშენებლობის სამინისტროს გაუქმების შემდეგ) პრესაში, ტელევიზიაში, კონფერენციებზე, მიტინგებზე, სამთავრობო თუ არასამთავრობო შეხვედრებზე სეისმური და სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვის პრობლემებზე. ხშირად მსაყვედურობენ, რომ არ შეიძლება ისედაც ეკონომიურად გაუსაძლის სიღატაკეში მცხოვრები მოსახლეობის ზედმეტად დაშინება მოსალოდნელი სეისმური და სამშენებლო-ეკოლოგიური, პირველ რიგში, რადონის მოსალოდნელი კატასტროფული შედეგებით და ხალხს ვესაუბრო უფრო რბილად და "დავარცხნილად", რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები. მიხარია, რომ ამ პოზიციას იზიარებს მიხეილ კავილიძეც:

    "ბევრი ფიქრობს, რომ თუ რადიაციის საშიშროებაზე ყურადღებას გავამახვილებთ, ამით რადიოფობიას (რადიაციის შიშს) გამოვიწვევთ მოსახლეობაში, რაც მათი აზრით, რადიაციაზე უარესია. ამ მოსაზრებას, სამწუხაროდ, იზიარებს მედიის დიდი ნაწილი და სახელმწიფო მოხელეები, მაგრამ ლოგიკა - არ არსებობს ინფორმაცია, ე.ი. არ არსებობს პრობლემა - ამ შემთხვევაში დამღუპველია. არ არის საჭირო იმაზე თვალის დახუჭვა, რაც უმძიმეს დაავადებებს, მათ შორის, სიმსივნეებს იწვევს".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter