თეონა ვეშაგური
28.06.2022

ხელისუფლების შეცვლა არჩევნებით, ეს არის ტიპიური ევროპული გზა, რაზეც უარს აცხადებს ქუჩის აქციების ორგანიზატორთა ჯგუფი. ეს კი ხელს უშლის ევროსაბჭოს ერთ-ერთი რეკომენდაციის, დეპოლარიზაციის შესრულებას - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბარში ხელისუფლებსიათვის წაყენებულ ულტიმატუმს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.

24 ივნისს მოძრაობა „სირცხვილიას" ორგანიზებულ აქციაზე მთავრობის გადადგომისთვის ერთკვირიანი ვადა მისცეს, რის შემდეგად, ულტიმატუმის ავტორთა გეგმით, უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც წლის ბოლომდე შეასრულებს იმ 12 რეკომენდაციას, რომელიც ევროკავშირმა განუსაზღვრა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

მორიგი აქცია პარლამენტის წინ 3 ივლისს არის დანიშნული.

„საზოგადოების დიდ ნაწილს სურს ევროპა, მაგრამ მცირე ჯგუფის ინტერესებშია, რომ ამისთვის შეიცვალოს ხელისუფლება. ასეთ დროს, თუ სიტუაცია რთულდება, ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს, მაგრამ აქციის ორგანიზატორებმა არ გააჟღერეს ეს მოთხოვნა, რადგან იციან, რომ უმცირესობაშია ოპოზიცია და შედეგი იგივე ექნება ამ არჩევნებს. შესაძლოა იმაზე უარესი შედეგიც მიიღონ, რაც ბოლო არჩევნებზე ჰქონდათ.

„ხელისუფლების შეცვლა არჩევნებით, ეს არის ტიპიური ევროპული გზა, რაზეც უარს აცხადებს ორგანიზატორთა ჯგუფი. ხელისუფლების ქუჩიდან შეცვლა უმეტესად ხდება პოსტსაბჭოურ და არაბულ ქვეყნებში. ხდებოდა ევროპაშიც, მაგრამ დასაწყის ეტაპზე და ახლა აღარ არის მიღებული.

„ის მოთხოვნები, რაც 24 ივნისს გაჟღერდა აქციაზე, ფაქტიურად ხელისუფლების რევოლუციით შეცვლას გულისხმობს. მათი მიზანია არჩევნებით კი არ შეიცვალოს ხელისუფლება, არამედ ქუჩის აქციებით.

„რა არის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია ევროსაბჭოს მხრიდან? - დეპოლარიზაცია. ქუჩის აქციები რამდენად უწყობს ხელს ამას? - რა თქმა უნდა, პირიქით, ამწვავებს პოლარიზაციას. ასე რომ, ახალი მოძრაობა „შინ ევროპისკენ" 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების ნაცვლად ფიქრობს ხელისუფლების სწრაფ ცვლილებაზე. რასაც ახლა ეს ჯგუფი აკეთებს თავისი აქცენტით აქციებზე, ეს ყველაფერი არის პოლარიზაციის უფრო გამწვავება.

„მე ვფიქრობ, რომ 3 ივლისის აქციაზე საგრძნობლად შემცირდება ხალხი, რადგან მათ უკვე გამოკვეთეს მთავარი მიზანი. გაიხსენეთ, 24-ში თავად ყრიდნენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ტრიბუნიდან, რადგან იცოდნენ, რომ ისინი არაპოპულარულები არიან. ახლა გადაწყვიტეს, რომ ეს პოლიტიკოსები წამოწიონ წინ, ხალხი კი მათ დანახვაზე წავა სახლში", - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×