ელზა პაპოშვილი
02.08.2022

უკრაინის ომის 160-ე დღე - ინტენსიური თავდასხმა უკრაინის სხვადასხვა ქალაქებზე კვლავ გრძელდება. მიუხედავად ამისა, სამხედრო ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ფრონტის ხაზზე ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს. მართალია, რუსებს პატარა წარმატებები ჯერ კიდევ აქვთ, მაგრამ შეტევითი ბრძოლების წამოწყება უჭირთ. ორივე მხარე ძირითადად დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებას ცდილობს და პოზიციურ ბრძოლებზეა გადასული.   

რუსებისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი მიკოლაევი აღმოჩნდა, რომლის დაბომბვა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ავიაიერიშები მიკოლაევის რამდენიმე ობიექტზე ერთდროულად განხორციელდა. არიან დაშავებულები.

ხერსონის ოლქში რუსმა სამხედროებმა საევაკუაციო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა 3 ადამიანი. დაიბომბა დნეპროპეტროვსკის რეგიონი. დაინგრა საცხოვრებელი სახლები.

დონეცკის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინული მხარის ინფორმაციით,  ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების საფრთხე კვლავ რჩება.  ოკუპანტები ახორციელებენ თავდაცვითი ძალების პოზიციების ინტენსიურ საჰაერო დაზვერვას ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონების სასაზღვრო რაიონებში.

რუსებმა  საარტილერიო დაბომბვები განახორციელეს  ხარკოვის და სლავიანსკის მიმართულებით. დონეცკის მიმართულებით მათი ძალისხმევა მიმართულია ბახმუტსა და ავდიივკაში შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე. 

შავი და აზოვის ზღვების წყლებში ოკუპანტების  საზღვაო ჯგუფი ძირითად ძალისხმევას მიმართავს სადაზვერვო სამუშაოებზე, სამოქალაქო გემების ბლოკადასა და უკრაინის  ტერიტორიის მასშტაბით სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმაზე.

ვის სად აქვს წარმატებები

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ პოზიციონირების თვალსაზრისით, უკრაინას და რუსეთს შორის ფორნტის ხაზზე სიტუაცია ამ ეტაპზე თანაბარია, საომარი მოქმედებების დროს წარმატება ხან ერთის და ხან მეორის მხარესაა. მისივე ცნობით, გარკვეული უპირატესობა რუსებს დონბასის მიმართულებით აქვთ, ხოლო უკრაინელებს - ხერსონის და ხარკოვის მიმართულებით. 

„ჯერჯერობით პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს და ორივე მხარე ცდილობს დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებას. უპირატესობა ხან რუსების და ხან უკრაინელების  მხარეს არის. ფრონტის ხაზზე ბრძოლა თანაბარი ძალებით მიდის. ამიტომ ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, რომ რომელიმე მათგანი სამხედრო თვალსაზრისით წინ არის. 

„რუსები დონეცკის ოლქის ტერიტორიის დაკავებას კვლავ ვერ ახერხებენ. ისინი  ცდილობენ ამ მიმართულებით უკრაინის თავდაცვითი ხაზი გაარღვიონ. ბრძოლები უკვე ქალაქ სოლედარის შიგნით მიმდინარეობს. ბახმუტის და ავდეევკას მიმართულებითაც საკმაოდ აქტიური ბრძოლებია. რუსები უკრაინელების ე.წ. „მანერჰეიმის ხაზის“ გარღვევას ცდილობენ“, - ამბობს მაისაია „რეზონანსთან“. 

საფრთხე ბელარუსის მხრიდან

რაც შეეხება ბელარუსიდან წამოსულ საფრთხეს, მისაიას თქმით, ყოველთვის არსებობს იმის რისკი, რომ რუსებმა კიევზე ბელარუსიის დახმარებით თავდასხმა დაიწყონ და ამით დასავლეთ და აღმოსავლეთ უკრაინის ერთმანეთისგან მოწყვეტა სცადონ. 

„თუკი ფორნტის ხაზი ბელარუსის მიმართულებითაც გაიხსნა, მაშინ რუსებს ეს საკმაოდ დიდ უპირატესობას აძლევს. ფაქტიურად, ეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რამდენიმე მიმართულებით გახლეჩს. 

„დედაქალაქს საფრთხე დაემუქრება, რადგანაც რუსები აღმოსავლეთ და დასავლეთ უკრაინას შორის საკომუნიკაცია ხაზების  გახლეჩვას შეეცდებიან. მათი ჩანაფიქრი შესაძლოა ის იყოს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს პოლონეთიდან და დასავლეთის სხვა ქვეყნებიდან დახმარების მიღებაში პრობლემები შეუქმნან. 

„უკრაინას ბელარუსის საზღვართან გარკვეული სამხედრო დანაყოფები მობილიზებული ჰყავს და შესაძლოა დასავლეთიდანაც გადაისროლოს. აქაც ახალი ფორნტის ხაზის გახსნა, რა თქმა უნდა, დამატებით რესურს და ძალების მობილიზებას მოითხოვს“, - აცხადებს მაისაია „რეზონანსთან“.

ომის მესამე ფაზა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი  და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძეც „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ფორნტის ხაზზე რომელიმე მხარის უპირატესობა ამ ეტაპზე არ ჩანს. გაარკვეული ძალთა თანაფარდობა ჩამოყალიბდა და  რუსეთი შეტევით ინიციატივას კარგავს. თუმცა გენერალი ამბობს, რომ უკრაინას ჯერ არ გააჩნია სრულმასშტაბიან შეტევაზე გადასვლის რესურსი. 

„ნიკოლაევის მიმართულებით რუსების გაძლიერებული დარტყმები იმის პასუხია,რაც უკრაინელებმა გამოაცხადეს - რომ ამ ქალაქის გარშემო უკრაინული ძალების კონცეტრირება ხდება. სავარაუდოდ, უკრაინელები შეტევითი ბრძოლის წამოწყებას აპირებენ. როგორც ჩანს, რუსეთის კონტრდაზვერვამ ეს შეამჩნია და ამის პასუხია, რომ მათ ქალაქის დაბომბვა დაიწყეს. 

„ამ ეტაპზე გარკვეული ინიციატივა ისევ რუსებს აქვთ და შეტევით ღონისძიებებს ახორციელებენ, თუმცა ეს არ არის დიდი მასშტაბის და ტემპის. 

„რუსები ხარკოვთან მხოლოდ საცეცხლე დაპირისპირებას ახორციელებენ. ზაპროჟიეშიც მსგავსი მდგომრეობაა. ფაქტობრივად სიტუაცია სტაბილიზაციის ფაზაშია გადასული და რუსები დიდ კონტრშეტევებს ვერ ახორციელებენ. ყველაფერს ამას ისეთი სახე აქვს, რომ თითქოს ომის მესამე ეტაპისთვის მომზადება ხდება. ეს კი ჯარის გადაჯგუფებას ნიშნავს და, სავარაუდოდ, დონეცკის მიმართულებით რუსები ახალ შეტევას გეგმავენ“, -ამბობს კაპანაძე „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, რუსეთი ბელარუსის ტერიტორიას საზენიტო დარტყმებისთვის აქტიურად იყენებს. მიუხედავად ამისა, ლუკაშენკო ჯერ კიდევ ახრეხებს და ომში ჩართვას თავს არიდებს. ამიტომ გენერალი ნაკლებად ელის, რომ უშუალოდ ბელარუსიის ჯარი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაერვება. ხოლო თუ ეს მაინც მოხდა, კიევზე თავდასხმა მაინც ასეთი ადვილი არ იქნება, რადგანაც უკრაინას აქვს რესურსი, რომ სერიოზული წინააღმდეგობა გაწიოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×