თამთა ჩაჩანიძე
04.08.2022

ერდოღანი პუტინს სოჭში შეხვდება. ამას ყარაბაღის ოპერაცია საეჭვოდ დაემთხვა, თუმცაღა ისიც არაა გამორიცხული, რომ ეს რუსების პროვოკაცია იყოს. დაახლოებით ერთი კვირის წინ, რუსულ სოციალურ და საინფორმაციო ქსელებში ინფორმაცია გავრცელდა, რომ აზერბაიჯანმა უკრაინა სუდანიდან ზუსტი დამიზნების საავიაციო ბომბებით მოამარაგა, რასაც სომხეთთან ომის პერიოდში თავად იყენებდა. არ ვიცი ეს რამდენად მართალია, მაგრამ საინტერესოა. მეორე ვარიანტიცაა, საუბარი იყო, რომ ამერიკელებს კავკასიაში პოზიციების გაძლიერება სურდათ - ამის შესახებ „რეზონანსთან" სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა, ბოლო დღეებში ყარაბაღში შექმნილ სიტუაციაზე საუბრისას.

მთიან ყარაბაღში ვითარება ისევ დაიძაბა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ბაქო აცხადებს, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სომხური მხარის დაბომბვის შედეგად აზერბაიჯანელი სამხედროს დაღუპვის გამო, კონტრტერორისტული ოპერაცია "შურისძიება" დაიწყო. თავის მხრივ ერევანი ამბობს, რომ აზერბაიჯანულმა სამხედრო დანაყოფებმა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს და ყარაბაღის დაცვის არმიის წინააღმდეგ ყუმბარმტყორცნები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს.

რუსი სამხედროები იუწყებიან, რომ აზერბაიჯანმა დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დაიკავა სარიბაბას მაღლობი, რომელიც ე.წ. ლაჩინის დერეფანთან მდებარეობს. მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში აზერბაიჯანი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ 3 აგვისტოს, აზერბაიჯანის არმიის თავდასხმისას, რომლის დროსაც გამოყენებული იყო ნაღმმტყორცნები და უპილოტო საფრენი აპარატები, 2 სამხედრო დაიღუპა და 19 დაიჭრა.

აშშ და ევროკავშირი ყარაბაღში შექმნილ სიტუაციაზე შეშფოთებას გამოთქვამენ და აზერბაიჯანს და სომხეთს დეესკალაციისა და მოლაპარაკებისკენ მოუწოდებენ.

როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისია „რეზონანსთან" აცხადებს, კონფლიქტის წამოწყების რამდენიმე შესაძლო მიზეზი არსებობს.

„მთიან ყარაბაღში სიტუაციის აღრევა თითქოს უცბად მოხდა, მაგრამ ზოგადად პოლიტიკურ სისტემაში ასე არაფერი არ ხდება-ხოლმე. ფორმალურად საქმე შეეხებოდა იმას, რომ მთიან ყარაბაღზე სომხურმა სეპარატისტულმა ძალებმა აზერბაიჯანულ სამხედრო შენაერთებზე თავდასხმა განახორციელეს, აზერბაიჯანმაც პასუხი გასცა და კონტრტერორისტული ოპერაცია „შურისძიება" დაიწყო. ძირითადი იდეა ის იყო, რომ მათ ლაჩინის კორიდორის ხელში ჩაგდება უნდათ, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთის ტერიტორიასთან აკავშირებს და რომელიც აზერბაიჯანს საშუალებას აძლევს, რომ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან გავიდეს.

„2020 წლის ომის დროს აზერბაიჯანის სტრატეგიული ამოცანა სწორედ ამ გეოსტრატეგიული კვანძის დაკავება იყო, აქ რუსეთის ფედერაცია ჩაერია და სამშვიდობოები ჩააყენეს. აზერბაიჯანმა ახლა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა. როგორც ჩანს ეს გეგმა ქვეყნის გენშტაბს ისედაც ჰქიონდა შემუშავებული და ახლა ამ გეგმის აღსრულებას აპირებს. რა გამოუვა, ეს ცალკე საუბრის თემაა. აზერბაიჯანის ამოცანა მინიმუმი ისაა, რომ ლაჩინის თავზე არსებული სტრატეგიული სიმაღლეები დაიკავოს, რათა შემდეგ თავად ეს კორიდორი დაიკავოს და გააკონტროლოს. ეს აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული ამოცანაა.

„ერდოღანი პუტინს სოჭში შეხვდება. ამას ყარაბაღის ოპერაცია საეჭვოდ დაემთხვა, თუმცაღა ისიც არაა გამორიცხული, რომ ეს რუსების პროვოკაცია იყოს, რადგან დაახლოებით ერთი კვირის წინ რუსულ სოციალურ და საინფორმაციო ქსელებში ინფორმაცია გავრცელდა, რომ აზერბაიჯანმა უკრაინა სუდანიდან ზუსტი დამიზნების საავიაციო ბომბებით მოამარაგა, რასაც სომხეთთან ომის პერიოდში თავად იყენებდა. არ ვიცი ეს რამდენად მართალია, მაგრამ ესეც საინტერესო მომენტია.

„მეორე ვარიანტი ისაა, რომ საუბარი იყო, თითქოს ამერიკელებს კავკასიაში პოზიციების გაძლიერება სურდათ, ანუ როგორც ვხვდები, ბაიდენის ადმინისტრაცია აქტიურობდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაშინგტონში „კემპ-დევიდის" ტიპის ხელშეკრულება გაეფორმებინა, რომელიც უფრო ძლიერი იქნებოდა და მშვიდობას უფრო მეტად მიაღწევდნენ. ეს კავკასიის რეგიონში ამერიკელების საკმაოდ სერიოზული და ძლიერი სვლა იქნებოდა, მას შემდეგ, რაც აშშ თურქეთმა და რუსეთმა კავკასიიდან ფაქტიურად გააძევეს. საქართველოში არსებული ანტიამერიკული აჟიოტაჟი სწორედ ამ გეოპოლიტიკურ კონფიგურაციას ემსახურება, გარკვეულ ძალებს უნდათ, რომ ამერიკელების ყოფნა აქაც შეასუსტონ.

„ისეთი აზრი მრჩება, რომ თითქოს რუსები აზერბაიჯანელებს ისეთ მახეს უგებენ, ისევე როგორც ჩვენ აგვისტოს ომის დროს დაგვიგეს, თან რუსებმა სიტუაციის გართულებაში პირდაპირ აზერბაიჯანული მხარე დაადანაშაულეს. რას აპირებს კრემლი, ბუნდოვანია, რამდენიმე დღის წინ პუტინმა საზღვაო დოქტრინას მოაწერა ხელი, სადაც პირდაპირ გამოკვეთილია, რომ კასპიის ზღვა რუსეთის განსაკუთრებული ინტერესების გავლენის ზონაა და კასპიის ფლოტილიის გაძლიერება დაიწყო", - განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×