„ხელისუფლება სააკაშვილს მხოლოდ მაშინ შეელევა, თუ ჩათვლის, რომ მის ჯამრთელობას სერიოზული საფრთხე ემქურება“- ძაბირაძე
ელზა პაპოშვილი
04.08.2022

რა პერსპექტივა აქვს რეალურად „გირჩის“ და „მოქალაქეების“ ინიციატივას, რომელმაც, ავტორების აზრით, ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება უნდა გააადვილოს.  საპარლამენტო ოპოზიიცის ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის დეპოლარიზაციისთვის აუცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკისგან დისტანცირდეს, ხოლო ბიძინა ივანიშვილი კი პირიქით, იმისთვის, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხი მოიხსნას, ქართულ პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს. ასევე მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რაც საარჩევნო ბარიერის 2%-მე დაწევას გულისხმობს.  

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ პარტიების ამ ინიციატივას მიესალმება, მაგარმ მიაჩნია, რომ ამის შესრულება არარეალურია. პირველ რიგში გაუგებარია მიხეილ სააკაშვილმა ქართული პოლიტიკა როგორ უნდა დატოვოს, როცა მას არც თუ ცოტა ამომრჩეველი ჰყავს და ასევე აქვს პარტია, რომლის სახელთანაც მუდამ ასოცირებული იქნება. ხელისუფლებასაც ექს-პრეზიდენტის პოლიტკიდან გასვლა არაფრით აწყობს. სააკაშვილის  სახით მტრის ხატი აქვს შექმნილი და მასთან ოპონირება ყველაზე კომფორტულია. რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებას,  ესეც გაუგებარია რატომ უნდა გააკეთოს, რადგან ის პოლიტიკაში ისედაც მშვენივრად არის ჩართული და ზედმეტი თავის ტკივილი არაფერში  სჭირდება.   

„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მათი ინიციატივა ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტს პრინციპულად შეცვლის.

„ორმა პარტიამ გავავრცელეთ დღეს განცხადება, სადაც ჩვენეული ხედვა არის წარმოდგენილი, თუ როგორ ვფიქრობთ სამომავლოდ ქვეყანაში პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლის შესაძლებლობას და ეს მდგომარეობს სამ ძალიან მარტივ ამბავში, რომელზეც ყველა საუბრობს უკვე დიდი ხანია, მაგრამ სამწუხაროდ ამ განცხადებას სხვა არავინ მოაწერა ხელი. ჩემი აზრით, ძალიან მარტივი, გასაგები სამი პოსტულატია, რაც პრინციპულად შეცვლის სამომავლოდ ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტს და გახდის ბევრად უფრო დემოკრატიულს, და რაც მთავარია, შემდგომი საპარლამენტო არჩევნები იქნება აბსოლუტურად განსხვავებული, სადაც ახალი პარტიები და ახალი ლიდერები იქნებიან წარმოდგენილი პარლამენტში,“ - თქვა ლევან იოსელიანმა.  

თუ ივანიშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდება, ეს მას ოლიგარქის სტატუსს მოუხსნის - ყველასთვის გასაგები გახდება, რომ ხელისუფლებაზე გავლენის მქონე ჩდრილოვანი პერსონა აღარ არსებობს, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. ამბობს, რომ არ ემხრობა დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონის მსგავსი კანონის საქართველოში მიღებას.

„არ ვიზიარებ და არა მარტო მე არ ვიზიარებ, როგორც ვიცი, არც სხვა პარტიები არ არიან აღფრთოვანებული უკრაინული მოდელით, რომლის კონეტქსტიც სრულიად განსხვავებულია. მე არ ვეთანხმები ამ აზრს. ასეთი უაზრო კანონი მივიღოთ მხოლოდ იმისთვის, რომ ევროკავშირს ვუთხრათ, რომ „აი, ჩვენ რაღაც შევასრულეთ“, ეს არ არის სწორი. არ ვეთანხმებით უკრაინულ მოდელს,“ - განაცხადა მეგრელიშვილმა.

კითხვაზე, ოლიგარქობა ხომ არ ნიშნავს მეტს, ვიდრე მხოლოდ არაფორმალურ მმართველობას და თუ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, ეს მას ოლიგარქის სტატუსს ავტომატურად ხომ ვერ მოუხსნის, მეგრელიშვილი აცხადებს, რომ რა თქმა უნდა, მოუხსნის.

„ყველასთვის გასაგები გახდება, რომ ხელისუფლებაზე გავლენის მქონე ჩდრილოვანი პერსონა აღარ არსებობს, ყველაფერი არის საჯარო და ასეთი რამ, რომ ვინმეს მდიდარი ადამიანის ხელისუფლებაში მოსვლა აეკრძალოს, არ გამიგონია,“ - განაცხადა მეგრელიშვილმა.  

„მოქალაქეების“ და „გირჩის“ განცხადებას გამოეხმაურნენ სხვა პოლიტიკური ჯგუფები. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის სერგო ჩიხლაძის თქმით, აღნიშნული პარტიების ლიდერების განცხადებები არ ემთხვევა დანარჩენი ოპოზიციის ხედვებს.

„ამ ორ ჯგუფს აქვს აბსოლუტურად, კარდინალურად განსხვავებული ხედვები სხვა ოპოზიციური ჯგუფებისგან განსხვავებით, შესაბამისად, ვერ ემთხვევა ჩვენი ხედვები და გარდა ამისა, ფარისევლობას აქვს ადგილი. როდესაც მოთხოვნა იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რიგგარეშე სესიის ჩანიშვნაზე, იოსელიანის და ხვიჩიას ჯგუფებმა მხარი არ დაუჭირეს,“ - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.       

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ გასაგებია ოპოზიციური პარტიების სურვლიც და ლოგიკაც, მაგრამ ამაზე ხელისუფლება რამდენად წავა, საკითხავი ის არის. „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად გამორიცხულია. 

„რატომ უნდა წივიდეს ხელისუფლება ასეთ ნაბიჯზე? ან სააკშვილი პოლიტიკიდან როგორ უნდა გავიდეს. ვიძახით პოლიტიკიდან უნდა წავიდესო, მაგრამ რეალურად ვერავინ ხსნის, ეს როგორ უნდა მოხდეს. კარგი, განაცხადა, რომ პოლიტიკაში აღარ უნდა და აქტიურობაც შეწყვიტა. მისი წასვლა ასეთი მარტივი არ არის. პოლიტიკისგან გამიჯვნა მხოლოდ სურვილზე დამოკიდებული არ არის. ის პოლიტიკაში იმიტომაა კვლავ აქტიური, რომ მხარდამჭერები ჰყავს. თუ სააკაშვილი ასეთ განცახდებას გააკეთებს, ეს ამომრჩეველი რას იზამს? ისინიც გაემიჯნებიან, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს აღარ დაუჭერენ თუ როგორ იქნება, ეს ვერ გავიგე. თვითნ ამ პარტიების წინადადებებთან საწინააღმდეგო რამე კი არ მაქვს, უბრალოდ რეალური არ არის.  ხელისუფლებასაც სააკაშილის პოლიტკიდან გასვლა რაში აწყობს?! ხელისუფლება სააკაშვილს მხოლოდ მაშინ შეელევა, თუ ჩათვლის, რომ მის ჯამრთელობას სერიოზული საფრთხე ემქურება. ფატალური შედეგის რისკი თუ გაჩნდება, ის სააკაშვილს შეელევა. სხვა შემთხვევაში ამას  არ იზმას.  

რაც შეეხება საკონსტიტუციო შესწორებებს. ამას ხელისუფლება თუ განიხილავს, ეს იქნება 2023 წლის შემოდგომაზე, ან 2024 წლის დასაწყისში. როცა სურათი გამოიკვეთება ხელისუფლებას აწყობს დატოვოს 5%-იანი ბარიერი თუ 2%-მდე დაწიოს. ჯერჯერობით ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება მიღებული არა აქვს. თუ მისი პოზიციიდან გამოვალთ, პოლიტიკურად სწორია. რატომ უნდა გარისკოს, იქნება 5%-იანი ბარიერი ურჩევნია. ხომ არ ვიცით, ოპოზიციური სპექტრი როგორ დალაგდება“,-ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან’. 

მისივე თქმით, ასეევე გაუგებარია ბიძინა ივანიშვილი უკან პოლიტიკაში რატომ უნდა დაბრუნდეს. ის თავს ისედაც კარგად გრძნობს და მას არც ხელისუფლების კულუარებიდან მართვის პრობლემა აქვს. ამიტომ  აუტკივარ თავს არაფრით აიტკიებს, მითუმეტეს ახლა, როცა რეგიონში სიტუაცია ძალიან დრამატულად ვითარდება.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×