თეონა ვეშაგური
14.08.2022

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 6 სექტემბერს გაიმართება, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები.

ოპოზიციის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რეფორმებს ვერ ასრულებს რაც ანგარიშშიც ასახულია. მმართელ გუნდში კი დოკუმენტში ჩაწერილ გასატარებელ რეფორმებზე და იმ წარმატებებზე საუბრობს რომელიც ქვეყანამ მოიპოვა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვრელიძე თვლის, რომ ანგარიში შუალედურია და კვლავ ბუნდოვანი რჩება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.

შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხაძე ამბობს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ყველა ძირეული მიმართულებით აქვს ჩავარდნები.

„დოკუმენტში, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ არის აღნიშნული, რომ ყველა ძირეული მიმართულებით საქართველოს სახელმწიფოს აქვს ჩავარდნები და არათუ გაჩერებულია რეფორმები, გვაქვს უკუსვლა მთელი რიგი მიმართულებით, როგორიც არის ადამიანის უფლებები, როგორიც არის სასამართლო, როგორიც არის ღია მმართველობა. ასე რომ, ყველა ძირეული მიმართულებით, „ქართული ოცნების" პირობებში, ბოლო წლებში განსაკუთრებით, გვაქვს უკუსვლა. ეს აღარ არის სტაგნაცია, ეს არის უკან სვლა," - ამბობს ჩიხლაძე.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის აზრით კი მთავარი სიტყვა, რაც ამ მოხსენებას ლაიტმოტივად გასდევს, არის უკუსვლა.

„პირდაპირ არის მინიშნებული, რომ ახლა თქვენზე არის ჯერი, გააკეთეთ რამე, მთავარი სიტყვა რაც ლაიტმოტივად გასდევს ამ მოხსენებას, ეს არის უკუსვლა. უკუსვლა ყველგან - სასამართლო სისტემის კუთხით, დემოკრატიის კუთხით, პოლიტიკური პლურალიზმის კუთხით, პოლიტიკური დევნიდან დაწყებული სააკაშვილის, გვარამიასა და უამრავი სხვა საქმეებით დაწყებული, სახალხო დამცველის დევნაც კი არის ამ მოხსენებაში აღწერილი.

„ქვეყანა წავიდა უკან - აი, ეს არის მთავარი დასკვნა ამ დოკუმენტიდან, თანაც არაორაზროვნად ნათქვამი, ვინაიდან ეს უკუსვლა რეფრენად გასდევს, თუ შეიძლება ასე ითქვას ამ დოკუმენტს, და როდის უნდა გავაკეთოთ წინსვლა," - აცხადებს გოცირიძე.

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი კი ამბობს, რომ რეფორმებზე მუშაობა გრძელდება და წლის ბოლოს ქვეყანა 12 რეკომენდაციას შეასრულებს.

„აქ არის, რა თქმა უნდა, მითითებები შესასრულებელ სამუშაოებზე, გასატარებელ რეფორმებზე, ნაკლოვანებებზე და ასევე არის საუბარი იმ წარმატებებზე, რომლებიც, ასოცირების დღისწესრიგის ფარგლებში, ხელშესახებად აქვს საქართველოს მოპოვებული და წარმოდგენილი.

„საუბარია იმ განგრძობით რეფორმებზე, რომელიც დღის წესრიგიდან გამომდინარეობს, იმ წინსვლებზეა საუბარი და მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდება და მე ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს ჩვენ, როცა შევასრულებთ ამ 12 პუნქტს, წუხილები გარკვეული მიმართულებებით ნიველირდება და გაქარწყლდება. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ამისთვის „ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს და არაფერს დაიშურებს," - აცხადებს ცაგარეიშვილი.

ევროკომისიის ანგარიში

პარასკევს გამოქვეყნებულ ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები. ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში ჩანს, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება კვლავ რეფორმების მამოძრავებელი ძალა იყო. მთლიანობაში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს და პროგრესირებს.

„ინკლუზიური და და ეკოლოგიურად დაბალანსებული ზრდა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ცენტრალურ ელემენტს წარმოადგენდა. 2021 წელს ევროკავშირმა გააგრძელა კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებული დახმარება და ხელი შეუწყო ძლიერ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას, რამაც საფუძველი ჩაუყარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელებას.

„თუმცა, 2021 წელს გამოწვევები ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს და კანონის უზენაესობის კუთხით უკუსვლა იყო. ეს დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად ქმედებების და პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიის გარემოს გარანტირებისთვის განახლებული და სერიოზული ვალდებულების აუცილებლობას ცხადყოფს. ეს არის არსებითი პრიორიტეტები საქართველოსთვის ევროპულ გზაზე წინსვლისთვის", - აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, განცხადებაში საუბარია, რომ 2022 წლის ბოლომდე ევროკომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად განახორციელოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

„2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. 17 ივნისს ევროკომისიამ წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელშიც ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე რეკომენდაცია გაუწია. კომისიამ ასევე გაწია რეკომენდაცია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ მიენიჭოს, რაც კომისიის მოსაზრებაში მითითებული მთელი რიგი პრიორიტეტებისა იქნება შესრულებული. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა. მან აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა მას შემდეგ, რაც პრიორიტეტები დაკმაყოფილდება.

„ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად განახორციელოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„შესაძლოა ევროპის პოზიცია შერბილდეს..."

როგორც რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, საქართველოს ხელისუფლებისგან წამოსულმა კრიტიკამ გამოაფხიზლა ევროკავშირი. მისივე თქმით, სავარაუდოა, რომ ევროპას არ სურს ჩაბმა კრიტიკის დუელში და სიტუაციის კიდევ უფრო გამძაფრება.

„აღნიშნული ანგარისი არის შუალედური. ის არ იძლევა კონკრეტული დასკვნების გაკეთების საშუალებას. ამ დოკუმენტის საფუძველზე ისევე შესაძლებელია მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, როგორც უარი გვითხრან.

„რაც შეეხება საქართველოს მხრიდან კრიტიკას, მმართველი გუნდის კრიტიკა ევროკავშირის მიმართ არ არის მწვავე. პირიქით, შესაძლებელია ამან უფრო გამოაფხიზლოს კიდეც ჩვენი პარტნიორები. ხოლო „ოცნებიდან" წასული დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადებები არ არის ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია, სწორედ ამიტომ დატოვეს მათ „ქართული ოცნება". თანაც მათი კრიტიკა უფრო აშშ-ის ელჩისკენაა მიმართული.

„ჩემი აზრით, სავარაუდოა, რომ ევროპას არ სურს ჩაბმა ამ კრიტიკის დუელში და სიტუაციის კიდევ უფრო გამძაფრება. ცდილობენ შეინარჩუნონ ურთიერთობებში აქამდე არსებული დონე, როდესაც არ ისმოდა კითხვები მათ მიმართ. ვითარება მაფიქრებინებს, რომ სიმკაცრე და კრიტიკულობა არ არის უშედეგო და შეიძლება ამან გამოიწვიოს მეორე მხარის, ანუ ევროპის პოზიციების დარბილება.

„თუმცა ფაქტია, რომ აღნიშნული განცხადების გამოქვეყნების შემდეგაც ბუნდოვანი რჩება ჩვენი კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღების საკითხი. გაუებარია ამ კანდიდატობის მოცემასთან დაკავშირებული პოზიციები. ძირითად ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი იქნება რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის ფაქტორები ამ შემოდგომით მსოფლიოში.

„თუ დასავლეთმა ჩათვალა, რომ შეიძლება ყველა პოლიტიკურ სიტუაციას მიაკლას ისევ და ისევ საქართველო, მაშინ არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს და ისვ გაგვწირავენ, რადგან გაწირვა იყო ის, რაც ახლა გააკეთეს.

„რაც შეეხება საქართველოს პასუხს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე, საქართველო არ არის ვალდებული რაიმე საპასუხო ქმედებები განახორციელოს ამ დასკვნასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც დასკვნა არ გულისხმობდა არაფერს კონკრეტულს. არც არის სასურველი რაიმე რეაქცია მისცენ ამას", - განაცხადა საყვარელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×