ელზა პაპოშვილი
20.09.2022

უკრაინაში ორივე მებრძოლი მხარე ძალების გადაჯგუფებას აგრძელებს და სამხედრო ანალიტიკოსები უახლოეს დღეებში მასშტაბური შეტაკებების დაწყებას პროგნოზირებენ. მათი ვარაუდით, უკრაინელების ახალი შეტევის მთავარი მიმართულება ზაპოროჟიე იქნება, თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილი ამას სკეპტიკურად უყურებს. მათი თქმით, ზაპოროჟიეს მიმართულებით წარმატების შემთხვევაში უკრაინული ნაწილები შესაძლოა ორმხრივი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ. ამის პარალელურად სამშაბათს ფრონტის ხაზზე ერთი სიმბოლური ცვლილება მოხდა - რუსები ლუგანსკის ოლქს სრულად უკვე ვეღარ აკონტროლებენ.

უკრაინაში ომის 209-ე დღეს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების მტკიცებულებების მოძიება გრძელდება. გათავისუფლებულ იზიუმში კიდევ 146 ცხედარი აღმოაჩინეს. მასიურ სასაფლაოზე ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწამები ცხედრებია, მათ შორის ორი ბავშვის.

კვლავ გრძელდება საჰაერო იერიშები უკრაინის ტერიტორიაზე. მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა ჩერნიგოვისა და სუმის ოლქები. ჯერ-ჯერობით უცნობია, მოჰყვა თუ არა მსხვერპლი იერიშებს.

უკრაინელ სამხედროებს სიმბოლური წარმატება აქვთ ქალაქ ლისინჩანსკთან, სადაც  ახლომდებარე სოფელი დაიკავეს, რომელიც ადმინისტრაციულად ლუგანსკის ოლქს ეკუთვნის. ეს გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ რუსები ლუგანსკის მთელს ოლქს ვეღარ აკონტროლებენ.   

რატომ აიღო უკრაინამ ტაქტიკური პაუზა

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ამ ეტაპზე უკრაინამ ტაქტიკური და ოპრეტიული პაუზა აიღო. მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ლოგიკურია, რადგანაც შეტევის ტემპი საკამოდ მაღალი აღმოჩნდა და ამისთვის ლოჯისტიკური მართვის ცენტრების შექმნაა საჭირო, რათა დაკავებული ტერიტორიების გაკონტორლება შეძლონ და უკრაინული ძალები რუსების ალყაში არ აღმოჩდნენ. 

„ეს ყველაფერი კი დამატებით ძალების მობილიზებას მოითხოვს. აუცილებელია ამ ტერიტრიების ათვისება და გაკონტროლება. როგორც ჩანს,  ეს იყო მხოლოდ ხარკოვის მიმართულებაზე ოპერატიული მუშაობა, რომელმაც შედეგი გამოიღო და ძალიან მცირე და მსუბუქი ტექნიკით რუსების ამ ტერიტორიიდან განდევნა შეძლეს. 

„უკრაინელების ფრონტის ხაზი ძალიან დიდ მანძილზეა გაჭიმული. ამიტომ არის რამოდენიმე სტრატეგიული ცენტრები. ესაა ზაპროჟიეს, ნიკოლაევის, ხერსონის მიმართულება, იგივე თუნდაც დონბასის, სადაც რუსებმა შეტევითი ოპერაცია დაიწყეს. 

„რუსებმა გარკვეული სარეზერვო ძალების მობილიზება მოახდინეს და ახლა ზაპროჟიეს მიმართულების გამაგრებას ახდენენ. როგორც ჩანს, უკრაინელების თავდასხმას აქედან ელოდებიან. ეს მიმართულება ომის ახალი გრავიტაციის ცენტრად გადაიქცევა. აქ არის ზაპროჟიეს ბირთვული ელექტრო სადგური, რომლის დაკავებაც უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ოკუპანტებს თავში რა მოუვათ და ბირთვული დაშინების კუთხით მას მსოფლიოს წინააღმდეგ როგორ გამოიყენებენ, არავინ იცის. ამიტომ ზაპროჟიეს მიმართულება უკრაინელებისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. 

„ამიტომაც მგონია, რომ ისინი ამ მიმართულებით შეტევაზე გადავლენ. ფაქტია, ამას რუსებიც ელოდებიან და მთელი ძალების კონცენტრაციას იქ ახდენენ. ხარკოვის ოლქიდან გამოყვანილი დანაყოფები ამ მიმართულებაზე განალაგეს“, - ამბობს მაისაია „რეზონანსთან“.  

გადავა თუ არა უკრაინა ზაპროჟიეს მიმართულებით შეტევაზე

ვახტანგ მაისაიას თქმით, ზაპროჟიეზე შეტევა იძლევა კარგ საშუალებას, რომ უკრაინელები მარიუპოლის მიმართულებაზე წავიდნენ. ეს კი როგორც სამხედრო, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დიდ გავლენას მოახდენს პროცესებზე. მაისაია  ამბობს, რომ რუსებს თავიანთი ძალები გაბნეული ჰყავთ სამხრეთ და ჩრდილოეთ მიმართულებებზე. ამიტომაც ზაპორჟიეს დაკავებით ყველა მიმართულებაზე რუსების დანაყოფები უფრო მოწყვლადი გახდება. 

„უკრაინელებს ალბათ ეყოფათ ამის ძალა და უნარი, თუმცა ამისთვის საკმაოდ კარგი მომზადებაა საჭირო. უკრაინელებსაც აქვთ დანაკარგი და შევსება სჭირდებათ. ამიტომაც სარეზერვო ძალების მობილიზებაა საჭირო. 

„დამრტყმელი ძალის მობილიზება უნდა მოხდეს, რომელიც წვრთნას დასავლეთში გადის. სწორედ დასავლეთში გაწვრთნილმა დანაყოფმა შეძლო ხარკოვის ოლქის გათავისუფლება. ასეთი მაღალბრძოლისუნარიანი დანაყოფები შეზღუდული რაოდენობითაა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ უკრაინელები ზაპროჟიეს ასაღებად სწორედ ასეთ დანაყოფებს გამოიყენებს.  

„10 000-მდე ადამიანია, რომელიც უკან დაბრუნდებიან და უკრაინელებისთვის მთავარი ძალა იქნება. რუსები კი, როგორც ჩანს, დონბასის მიმართულებით კერძო სამხედრო რაზმს „ვაგნერს“ აძლიერებს და მას უფრო  ფართო მოქმედების საშუალებას აძლევენ. ახლა რუსებისთვის დონბასის დაკავება და უკრაინელების ე.წ. მანერჰეიმის ხაზის გარღვევაა მთავარი მიზანი. „ვაგნერი“ ამაზე მუშაობს და დონეცკის ოლქში, სამწუხაროდ, გარკვეულ წარმატებას მიაღწია. ამიტომ დონეცკის ოლქში რუსები მიაზნიმმართულად უტევენ და უკრაინელები კი თავდაცვით ხაზს ამაგრებენ. თუ ეს ხაზი დაიკარგა და თუკი სლავიანსკისა და კრამატორსკის აღება შეძლეს რუსებმა, მაშინ უკრაინელების მიერ ხერსონის აღებაც ძალიან გაჭირდება“, - ამბობს მაისაია „რეზონანსთან“.

რუსები ჯარის გადაჯგუფებას აგრძელებენ 

გენშტაბის ყოფილი უფროსი და „ჯეოქეისის“ ანალიტიკოსი ვახტანგ კაპანაძე  „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რუსები ცდილობენ ხარკოვიდან გამოყვანილი ძალები გადააწყონ სამხრეთის მიმართულებაზე. ისინი ახლა თავდაცვისთვის ემზადებიან, თუმცა, კაპანაძის თქმით, დონბასში, ბახმუტის სამხრეთით ისევ განაგრძობენ პერიოდულად შეტევას და, სამწუხაროდ, გარკვეული წარმატებაც აქვთ. 

გენერალი ამბობს, რომ ახლა რუსებისთვის უკან დახევა ლოგიკურია, რადგან მათ მთლიანად ჰყავთ სადღაც 120 ათასამდე ჯარისკაცი და ეს დანაყოფები 1000 კილომეტრიან ფრონტზეა გადაჭიმული. არადა, კაპანაძის შეფასებით, ჯარის ეს რაოდენობა ამხელა ფრონტისთვის საკმარისი არაა.  

„ახლა რუსები ცდილობენ, რომ ფრონტზე გადაჭიმულობა შეამცირონ და თავდაცვითი ზღუდეები გაამაგრონ. რაც შეეხება ზაპროჟიეზე შეტევას, მე მიმაჩნია, რომ თუ უკრაინელებმა ჯერ ხერსონი არ აიღეს, შესაძლოა, ზაპროჟიეს აღების შემთხვევაში ორი მხრიდან დარტმის ქვეშ აღმოჩნდნენ. 

„სამწუხაროდ, უკრაინელებს სამხედრო-საზღვაო ძალები არ ჰყავთ და აზოვის ზღვიდან მხარდაჭერა ვერ ექნებათ. ამიტომ ეს სარისკოდ მეჩვენება. თუმცა, თუ შეაღწიეს აზოვის ზღვაზე, მაშინ ყირიმის ხიდსაც იოლად მისწვდებიან. ამიტომ მაინც მგონია, რომ ჯერ უკრაინელებისთვის უპირატესი ხერსონის აღება უნდა იყოს. მაშინ იმდენი ძალა უნდა ჰქონდეთ, რომ ორივე მხარეს ერთდროულად წინსვლა შეძლონ“, - ამბობს გენერალი კაპანაძე „რეზონანსთან“.

რატომ არ აცხადებს პუტინი მობილიზაციას 

ვახტანგ კაპანაძის თქმით, რუსებს საკმაოდ რთული ვითარება აქვთ და მათ სჭირდებათ ხალხი, მობილიზაცია, ამოსუნთქვა, რომ როგორმე ზამთრამდე მიაღწიონ. ამიტომაც მათი მხრიდან რაიმე სერიოზულ კონტრშეტევას არ უნდა ველოდოთ, თუმცა დაკავებული ტერიტორიების გამაგრებას ეცდებიან. გენერალი ამბობს, რომ  დაახლოებით ერთი თვე კიდევ აქვთ დარჩენილი უკრაინელებს, რომ დამატებით წარმატებებს მიაღწიონ. ამიტომ კონტრშეტევები უკრაინის მხრიდან უფრო მოსალოდნელია.  

„ფაქტია, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სჭირდება პირადი შემადგენლობა, რაც არ აქვთ და ამხელა ფრონტზე არიან გადაჭიმული. პუტინი კი ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციას ვერ აცხადებს. რუსეთში მობილიზაცია დიდ არეულობას გამოიწვევს. 

„პუტინი ამ დანაყოფების ფარული მობილიზაციით გაზრდას ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს. მობილიზაციის გამოცხადება პუტინის  მხრიდან ე.წ. სპეცოპერაციის წარუმატებლობას გაუსვამს ხაზს. მას რუსეთის დიდი ქალაქების მოსახლეობის ამ ომში ჩართვა არ უნდა, რადგან შიდა დაპირისპირება აშინებს. კრემლში ისედაც შიდა დინებები მიდის და არ არის გამორიცხული ამან პუტინის ჩანაცვლებაც კი გამოიწვიოს“, - ამბობს გენერალი კაპანაძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×