ელზა პაპოშვილი
21.09.2022

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“  ინტერვიუში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე უკრაინამ ტაქტიკური და ოპერატიული პაუზა აიღო. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ლოგიკურია, რადგანაც შეტევის ტემპი საკამოდ მაღალი აღმოჩნდა და ამისთვის ლოჯისტიკური მართვის ცენტრების შექმნაა საჭირო, რათა დაკავებული ტერიტორიების გაკონტორლება შეძლონ და უკრაინული ძალები რუსების ალყაში არ აღმოჩდნენ. 

მაისააია რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებასაც ეხება და ამბობს, რომ პუტინი ახლა იმდენად მძიმე სიტუაციშია, რომ მას სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდა. თუმცა, ფიქრობს, რომ რუსეთში პუტინის ეს გადაწყვეტილება უკმაყოფილებას გამოიწვევს და არ არის გამორიცხული დაპირისპირება სამხედრო ძალების მხრიდანაც წამოვიდეს. 

„რეზონანსი“ : უკრაინაამ ამ ეტაპზე გარკვეული ტაქტიკური პაუზა აიღო, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და უნდა ველოდოთ თუ არა უკრაინიდან ახალ კონტრშეტევას? 

ვახტანგ მაისაია: უკრაინელებმა ტაქტიკური პაუზა დაკავებული ხარკოვის ოლქის გასაკონტროლებლად აიღეს. აუცილებელია ამ ტერიტორიების ათვისება და გაკონტროლება. როგორც ჩანს,  ეს იყო მხოლოდ ხარკოვის მიმართულებაზე  ოპერატიული მუშაობა, რომელმაც შედეგი გამოიღო და ძალიან მცირე და მსუბუქი ტექნიკით, რუსების ამ ტერიტორიიდან განდევნა შეძლეს. 

უკრაინის ფრონტის ხაზი  ძალიან დიდ მანძილზეა  გაჭიმული, ამიტომ არის რამოდენიმე სტრატეგიული ცენტრები. ეს არის ზაპროჟიე, ნიკოლაევი, ხერსონის მიმართულება. იგივე, თუნდაც დონბასის, სადაც რუსებმა შეტევითი ოპერაცია დაიწყეს. რუსებმა გარკვეული სარეზერვო ძალების მობილიზება მოახდინეს და ახლა ზაპროჟიეს მიმართულების გამაგრებას ახდენენ. 

„რ“: შესაძლოა უკრაინელების შეტევა ზაპროჟიეს მიმართულებიდან მოხდეს? 

ვ.მ: როგორც ჩანს რუსები  უკრაინელების თავდასხმას აქედან ელოდებიან. ეს მიმართულება ომის ახალი გრავიტაციის ცენტრად გადაიქცევა. აქ არის ზაპროჟიეს ბირთვული ელექტრო სადგური, რომლის დაკავებაც უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ოკუპანტებს თავში რა მოუვათ და ბირთვული დაშინების კუთხით მას მსოფლიოს წინააღმდეგ როგორ გამოიყენებენ, არავინ არ იცის. ამიტომ ზაპოროჟიეს მიმართულება უკრაინელებისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. 

მგონია, რომ ისინი ამ მიმართულებაზე შეტევაზე გადავლენ. ფაქტია ამას რუსებიც ელოდებიან და მთელი ძალების კონცენტრაციას იქ ახდენენ. ხარკოვის ოლქიდან გამოყვანილ დანაყოფებს ამ მიმართულებაზე ანლაგებენ. 

„რ“: რას მისცემს უკრაინელებს ტაქტიკური თვალსაზრისით ზაპროჟიეს აღება? რა სახის უპირატესობა ექნებათ ამით? 

ვ.მ: ზაპროჟიეზე შეტევა იძლევა კარგ საშუალებას იმისთვის, რომ უკრაინელები მარიუპოლის მიმართულებაზე წავიდნენ. ამას კი როგორც სამხედრო თვალსაზრისით ექნება ზეგავლენა, ასევე, ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ გავლენას თავად უკრაინელებზეც მოახდენს. რუსებს თავიანთი შეიარაღება გაბნეული ჰყავთ სამხრეთ და ჩრდილოეთ მიმართულებებზე, ამიტომაც ზაპორჟიეს დაკავებით ყველა მიმართულებაზე რუსების დანაყოფები უფრო  მოწყვლადი გახდება. 

უკრაინელებს ალბათ ეყოფათ ამის ძალა და უნარი, თუმცა, ამისთვის საკმაოდ კარგი მომზადებაა საჭირო. უკრაინელებსაც აქვთ დანაკარგები და შევსებაა საჭირო. ამიტომაც სარეზერვო ძალების მობილიზებაა საჭირო. 

დამრტყმელი ძალის მობილიზება უნდა მოხდეს, რომელიც წვრთნას დასავლეთში გადის. სწორედ დასავლეთში გაწვრთნილმა დანაყოფმა შეძლო ხარკოვის ოლქის გათავისუფლება. ასეთი მაღალი ბრძოლისუნარიანი დანაყოფები შეზღუდული რაოდენობის არის, ამიტომაც ვფიქრობ უკრაინელები ზაპოროჟიეს ასაღებად სწორედ ასეთ დანაყოფებს გამოიყენებს.  

10 000-მდე ადამიანია, რომელიც უკან დაბრუნდებიან და უკრაინელებისთვის მთავარი ძალა იქნება. 

„რ“: პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, მის განკარგულებაში წერია, რომ ფრონტის  ხაზისთვის ყოფილი სამხედროების მობილიზება უნდა მოხდეს. რას მისცემს ეს პუტინს და რამდენად შესაძლებელია 300 000-მდე ადამაინის ასე სწრაფად მობილიზაცია?  

ვ.მ: ეს პროგნოზი მე ივნისში გავაკეთე და თქვენს გამოცემასთანაც მითქვამს, რომ პუტინი იძულებული გახდებოდა მობილიზაცია გამოეცხადებინა. პუტინს უკრაინაში უკრაინის არმია ძალიან სერიოზულად უტევს და ვნახეთ ხარკოვის ოლქში სიტუაცია რუსებისთვის როგორ დრამატულად განვითარდა. პუტინს აღარ აქვს იმის რესურსიც კი რომ დაკავებული ტერიტორიების სრულად გაკონტროლება შეძლოს. 

ახლა პუტინმა  ჩათრევას ბოლომდე ჩაყოლა ამჯობინა, როგორც ჩანს, მთელი  აღმოსავლეთ უკრაინის დასაკავებლად ემზადება. პუტინმა საზღვრები უკვე გადაკეტა, რომ ხალხი ქვეყნიდან არ გაიქცეს, მაგრამ, ვიცით იქ როგორი კორუფციაა და არ არის გამორიცხული საზღვრებიდან ხალხი ამ ფორმით გაიპაროს. 

„რ“: არსებობს მოლოდინი, რომ პუტინს ამის გამო სამხედროებთან სიტუაცია კიდევ უფრო გაუფუჭდეს. შესაძლოა შიდა დაპირისპირება სწორედ ძალოვანი სტრუქტურებიდან დაიწყოს? რადგან ომის მთელი ეს მძიმე ტვირთი მათზეა დაკისრებული? 

ვ.მ: რა თქმა უნდა, ვცრელდება უკვე ხმები, რომ დახურულ შეხვედრაზე პუტინსა და გენერლებს შორის გარკვეული კამათიც კი მოხდა. ფეესბეც ამის წინააღმდეგი იყო, რადგანაც მთელი ამ ხალხის გაკონტროლება, რომ ქვეყნიდან არ გაიქცნენ და მობილიზაცია უზრუნველყონ, ამ უწყებას ევალება. 

პატრუშევსა და პუტინს შორის გარკვეული კამათიც კი მომხდარა, რომ ეს არ იყოს სწორი გადაწყვეტილება და არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებდა. პუტინმა ფაქტიურად არა ნაწილობრივი მობილიზაცია, არამედ სრული მობილიზაცია გამოაცხადა. 

მანამდე პუტინმა რუსეთის არმია 135 000 კაცამდე გაზარდა. ამაში არ ითვლება ასევე კადიროვის ინიციატივა, სადაც ის ამბობს, რომ 85-მა პოლიტიკურმა რეგიონმა და ოლქმა უნდა გამოყოს 1000 მოხალისე. ფაქტიურად გამოდის, რომ პუტინმა 300 000 ადამიანის მერე დამატებით კიდევ ამდენი ადამიანის მობილიზება გამოაცხადა. აქ საუბარი სადღაც ნახევარ მილიონზე მეტზეა. უკრაინის მიმართულებით დაახლოვებით 500 000 ადამიანის მობილიზებაა გამოცხადებული. 

„რ“: რამდენად რეალურია, რომ პუტინი ამდენი ადამაინის მობილიზებას შეძლებს და რა სახის რესურსი აქვს ახლა უკრაინას, რომ ამ ძალას დაუპირისპიროს? 

ვ.მ: რა თქმა უნდა,  ამხელა ძალის მობილიზება საკმაოდ რთულია, ამიტომაც იყო გენერალიტეტში და ფეესბეს ხელმძღვანელობაშიც უკმაყოფილება. როგორც ჩანს ეს მობილიზაცია დღეს არ დაწყებულა, პუტინი ამისთვის თვეების განმავლობაში ემზადებოდა. 

ეს ლოგიკურიც არის, როგორც უკვე აღვნიშნე, რადგან მას ფრონტის ხაზზე ცოცხალი ძალა უჭირს. რაც შეეხება უკრაინელებს, რა თქმა უნდა, ამხელა ძალის მობილიზება თუ რუსებმა შეძლეს, საკმაოდ რთული იქნება. თუმცა, უკრაინამ საყოველთაო მობილიზება გამოაცხადა და ახლა ტოტალურ მობილიზებას დაიწყებს. შესაძლოა მოხუცების გაწვევაც კი მოუწიოს. თუმცა, ვიცით, რომ დასავლეთში მებრძოლების დიდი  რაოდენობა არის გაგზავნილი და ახლა მთავარი ის იქნება ამ მებრძოლმა ბირთვი უკან დაბრუნება მოასწროს.    

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×