ია აბულაშვილი
26.09.2022

 

დაიწყო თუ არა დუღილი ოპოზიციურ ფლანგზე და როგორ დალაგდებიან შიდა კონფლიტის ფონზე "ნაცმოძრობაში" - ეს საკითხები აქტუალობას არ კარგავს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პარტიის ერთი  ნაწილი თავმჯდომარეს ნიკა მელიას  უპირისპირდება, მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილი საკუთარი ფინანსებით პარტიის ჩამოშლას ცდილობს.  

შიდაპარტიულ დაპირისპირებას უარყოფენ “ნაცმოძრაობაში" და აცხადებენ, რომ პარტია აგრძელებს წინსვლას და სამზადისს რიგგარეშე არჩევნებისთვის.

"არავითარი  დაპირისპირება პარტიაში არ არის. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ უპრეცენდენტოდ მაღალი ლეგიტიმაციით გამოაცხადა პარტიის გეგმა და სტრატეგია, რომ ვადამდელი არჩევნების გზით უნდა შეიცვლოს "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ამ სტრატეგიას მიჰყვება. პარტიაში არის სხვადასხვა ტიპის პოზიციები, ჩვენ ავირჩიეთ ღია დაისკუსია და ღია მსჯელობა"- აცხადებს "ნაცმოძრაობის" წევრი აკაკი მინაშვილი.

რა შეეხება მელიას თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენების საკითხს,  პარტიაში აცხადებენ, რომ ეს საკითხი  არ განიხილება და თუ ამის საჭიროება  დადგება,  ამას პარტია,  პარტიის პოლიტსაბჭო გადაწყვეტს.

დანარჩენ ოპოზიციაში  კი არ გამორიცხავენ, რომ ცვლილებებია საჭირო, ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან იოსელიანის განცხადებით, ნაცმოძრაობა იშლება და კარგი იქნება თუ ის არ იქნება ერთ ლიდერზე ჩამოკიდებული და დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებს.

თაკო ჩარკვიანს კი ეჭვები უჭნდება, იმასთან დაკავშირებით, რომ  მელიამ შეგნებულად მიიყვანა სტაგნაციამდე პროცესი, რადგან 29%-იანი პარტია 8%-მდე დაიყვანა.

"სტარტეგია აღმაშენებელი" დანარჩენ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს მეორეხარისხოვანად მიიჩნევს, და აცხადებს, რომ მათი სტრაგეგიული მიზანი არის ევროპა და "ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორება.

“ოცნებაში” დარწმუნებულია არიან, რომ რადიკალურმა  ოპოზიციამ თავისი  რესურსი ამოწურა და ახლა მემკვიდრეობისათვის ბრძოლა მიმდინარეობს.

"ოპოზიციაში, განსაკუთრებით რადიკულურ ფრთაში დიდი ხანია განხეთქილებაა,  ეს პარტიები ორიენტირებული არიან მხოლოდ ფინანსებზე, ვიწრო პარტიულ ინტერსებზე და როგორმე ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე"- აცხადებს უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ  ოპოზიციაში დუღილი დაიწყო და გაგრძელება ექნება.

“დაპირისპირების და დაძაბულობის შექმნის ბიძგი შეიძლება ბევრი რამ გახდეს, ამ შემთხვევაში კი რამდენიმე თემა წამოიწია. ეს  მოვლენები, რომელიც ხდება, მხოლოდ ნაცმოძრაობის პრობლემა არ არის. მთლიანად ოპოზიციაში არის ქაოსი, რაც მოსალოდნელი იყო. 

“ოპოზიციის შიგნით ყველა გრძნობს, რომ რაღაც ვერ ლაგდება და პროცესები მათი სურვილის მიხედვით არ მიდის. მოსახლოების დამოკიდებულება ოპოზიციური ლიდერების მიმართ არის საკმაოდ უარყოფითი. ოპოზიცია ახალს ვერ სთავაზობს  ამომრჩეველს, თავის წვენში იხარშება, ამიტომაც გახდა პოლიტიკური პროცესი უინტერესო. ტოლობის ნიშნას არ ვსვამ, მაგრამ ეს პროცესები რაც დღეს ოპოზიციაში ხდება, გასული საუკუნის 80-90-იან წლებს მაგონებს, საქმის გარჩევები, კინკლაობა, აგენტურის ძებნა. 

“როგორ დასრულდება პროცესები არ ვიცი, დღეს ოპოზიციაში ინტერესთა კონფლიქტია  და არა იდეოლოგიური, დუღილის პროცესიც დაიწყო და ასე სწრაფად არ დასრულდება, შეიძლება დასრულდეს "ნაცმოძრაობის" გაყოფით.  ხელისუფლება თავის საქმეს აკეთებს, პროცესებს მართავს 5-იანზე"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ამ კრიზისმა შეიძლება სასიკეთო ძვრები მოუტანოს და ოპოზიციამ ახალი გზა დაინახოს.

“ხშირად კრიზისის შემდეგ არის სასიკეთო ძვრები, შეიძლება ოპოზიციამ დაინახოს ახალი გზა. დღეს ოპოზიციაში არის მხოლოდ ერთი იდეა - მიშა გაათავისუფლონ და ივანიშვილი დაიჭირონ - ეს არ არის იდეა, პერსონებზეა გათვლილი და არა ქვეყანაზე. სახელმწიფოებრივი პოზიციები  მათთან არ ჩანს, ბრძოლა მიდის გავლენებისთვის. დიდი ჩიხი  ელოდება ქართულ პოლიტიკას, თუ არ გამოჩნდა ახალი პარტიები"- განაცხადა "რეზონანსთან"  რამაზ საყვარელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×