ელზა პაპოშვილი
06.12.2022

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისათვის პატიმრობის გადავადების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი არევაძე 9 დეკემბერს განიხილავს. ენმ კონსულტაციებს იწყებს ამ დღეს სამოქმედო გეგმის შესადგენად. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ომბუდსმენთან არსებული  კონსილიუმის დასკვნის საფუძველზე, მოსამართლესთან შუამდგომლობით შევა, რომ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება მოხდეს. კონსილიუმის წევრთა შეფასებით, არსებული ვითარების შემთხვევაში, სააკაშვილს 2-3 თვის სიცოცხლე აქვს დარჩენილი. ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან“ საუბრისას მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებს განიხილავენ.

ანალიტიკოსთა შეფასებით, მოსამართლემ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ეს მაინც პოლიტიკურ გადაწყვეტილებად იქნება შეფასებული. ხოლო ორივე შემთხვევაში წაგებული მაინც ხელისუფლება იქნება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თუკი მოსამართლემ არ მიიღო საააკშვილის ქვეყნიდან გაყვანის გადაწყვეტილება, მაშინ ქვეყნის შიგნით „ნაციონალური მოძრაობა“ აქციების გამართვას შეეცდება, მაგრამ ქუჩის მოსობრივი გამოსვლები მოსალოდნელი არ არის. გარდა ამისა, ბევრი რამ დასავლეთის პოზიციასა და იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ თავად ხელისუფლება სააკაშვილის ჯამრთელობის მდგომარეობას რამდენად საგანგაშოდ აღიქვამს. ეს კი მოსამართლის გადაწყვეტილებიდან გამოჩნდება. 

სამშაბათს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელმა ზურაბ ჩხაიძემ. მისი ცნობით, სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. 

„მისი მდგომარეობა არის სტაბილური, სასიცოცხლო პარამეტრებიც არის სტაბილური, შესაბამისად, მისი დაავადებიდან გამომდინარე, გრძელდება მკურნალობა. წაქცევის ეპიზოდი არ ყოფილა, მხოლოდ იყო უმნიშვნელო წნევის ცვალებადობა“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მისივე თქმით, თუ ექსპრეზიდენტმა განაგრძო შერჩევითი საკვების მიღება მისთვის სასურველ დღეებში, შესაძლოა ზონდით კვება გახდეს საჭირო. 

„მისი ლაბორატორიული მონაცემები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ გამოყენებული იქნეს ხელოვნური ზონდით კვება. თუმცა, თუ ასე გაგრძელდა, შერჩევითი კვება, შერჩევით დღეებში და პერიოდში, მაშინ იძულებულები ვიქნებით გამოვიყენოთ ზონდით კვება“, - განაცხადა ჩხაიძემ.   

ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიამ კი, სასამართლო სხდომის თარიღის გარკვევის შემდეგ, თანაპარტიელებს, მათ შორის პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში თავის კონკურენტებს, ერთობლივი სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდა.

„მეგობრებო! მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა 9 დეკემბერს, 13 საათზე.

„ამ ეტაპზე ერთიანი და კონსოლიდირებული მოქმედება გადამწყვეტია.

„არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ ჩვენი ერთობითა და თანამშრომლობით, როგორც ერთმანეთთან, ისე დაცვისა მხარესა და მიხეილ სააკაშვილის ოჯახთან.

„შესაბამისად, გთხოვთ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატებს, პარტიის სამდივნოს წევრებს, შევხვდეთ ხვალ, 12 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში, რათა განვიხილოთ უახლოესი დღეების სამოქმედო გეგმა და შევაჯეროთ პოზიციები“, -წერს ნიკა მელია.  

რა დრო დასჭირდება გადაწყვეტილების მიღებას 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მოსამართლეზე ხელისუფლებიდანაც და ოპოზიციიდანაც პოლიტიკური ზეწოლა მიდის. იგი არ გამორიცხავს, რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მოსამართლემ დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნა მოითხოვოს და 9 დეკემბერს სასამართლოზე თქვას, რომ მას არ აქვს ნეიტრალური დასკვნა იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს. 

„ფაქტია, რომ სააკაშვილი ნამდვილად ცუდადაა, მაგრამ მოსამართლეს კონკრეტული მტკიცებულებები და ნეიტრალური ექსპერტების დასკვნა სჭირდება იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს. რა თქმა უნდა, ახლა ყველაზე რთულ მდგომარეობაში მოსამართლეა, რომელზეც ორივე მხრიდან პოლიტიკური ზეწოლა ხდება. მე უფრო  იმ ვერსიას ვემხრობი, რომ 9 დეკემბერს მოსამართლე პირდაპირ არ მიიღებს სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას და ექსპერტიზას დანიშნავს. 

„რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს, არ ველი, რომ ქვეყნის შიგნით რაიმე საგანგაშო სიტუაცია შეიქმნება. რა თქმა უნა, ენმ შეეცდება, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს, მაგრამ ეს არ იქნება პერმანენტული აქციები. თანაც, ახლა ახალი წელი მოდის და მთელი ერთი თვე პოლიტიკური პროცესები სრულად მოკვდება. 

„დასავლეთს რაც შეეხება, ფაქტია, რომ იქიდან ბოლო თვეთვენახევარია ხელისუფლების მისამართით გარკვეული მოწოდებები და  რჩევები ისმის. თუმცა, რამდენად გამწვავდება ეს ზეწოლა, ვნახოთ. მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელისუფლებაზე ზემოქმედება მოხდეს, თუკი ამ საფრთხეს თავად ხელისუფლება არ იგრძნობს. აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ „ოცნება“ არ არის დარწმუნებული, რომ თუკი სააკაშვილს სასჯელს გადაუვადებს და მას სამკურნალოდ ქვეყნიდან გაუშვებს, ის უკან სასჯელის მოსახდელად დაბრუნდება, ან პოლიტიკაში ჩარევას ისევ არ მოისურვებს. ამიტომ მაინც მგონია, რომ მოსამართლე პროცესს გაწელავს და შეხედავენ. თუკი საფრთხე რეალური იქნება და დასავლეთიდან ზეწოლაც გაიზრდება, არ გამოვრიცხავ, რომ მისთვის სასჯელის გადავადების გადაწყვეტილება მიიღონ“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“. 

...

„ხელისუფლება ორივე შემთხვევაში წაგებულია“

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ მოსამართლემ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, დარტყმის ობიექტი ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლება იქნება. როგორც საყვარელიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, თუკი მოსამართლემ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებისა და ქვეყნიდან გაშვების გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ „ოცნება“ სუსტ ხელისუფლებად გამოჩნდება და მის ამომრჩეველში განწყობები შეიცვლება. ხოლო თუ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღო, მაშინ ჩაითვლება, რომ მოსამართლეზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა მოხდა. თუმცა საყვარელიძე არ ელის, რომ ქვეყნის შიგნით ამ ფაქტს რაიმე აურზაური მოჰყვება, მაგრამ მიიჩნევს, რომ ქვეყნის გარეთ, შესაძლოა, ამის გამო ხელისუფლებაზე ზეწოლა გაძლიერდეს.  

„ოპოზიციიდან აპელირება სულ პოლიტიკაზე ხდება, ეს კი ნიშნავს, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, მისი განხილვა მაინც პოლიტიკური კუთხით მოხდება. ორივე სცენარის შემთხვევაში მაინც ხელისუფლებაა დაზიანებული და მთავარი დარტყმის ობიექტი კვლავ იქნება. 

„თუ მოსამართლე სააკაშვილს სასჯელს გადაუვადებს, ამას ოპოზიცია გაასაღებს იმად, რომ მათმა ზეწოლამ გაჭრა, ხელისუფლებას შეეშინდა და მოსამართლეს ასეთი გადაწყვეტილება მიაღებინეს. თუ მოსამართლემ არ მიიღო გადავადების გადაწყვეტილება, აქაც პოლიტიკური კონტექსტი გაჩნდება და იტყვიან, რომ ხელისუფლება სააკაშვილს კლავს და ა.შ. 

„ოცნების“ ამომრჩეველი ფიქრობს, რომ საააკშვილი წაყენებულ ბრალში დამნაშავეა და მისჯილი სასჯელი ცოტაც კი არის. ეს განცდა, რომ სააკაშვილი უდანაშაულო პატიმარია, მოსახლეობის დიდ ნაწილში არ არის. ამიტომ, ასეთი განწყობილების ფონზე, მოსამართლის ნებისმიერი გადაწყვეტილება პოლიტიკურ კონტექსტს  შეიძენს. 

„რაც შეეხება იმას, თუ რისი გაკეთების რესურსი აქვს ოპოზიციას და ენმ-ს, ვფიქრობ დიდი არაფრის, რადგანაც რისი თავიც ჰქონდათ ამ ერთ წელში კარგად გამოჩნდა. არ გამოდის ქვეყანაში სააკაშვილის გამო იმ რაოდენობის ადამიანი, რომ ხელისუფლებამ პოზიცია შეცვალოს. ახლაც ასე იქნება. მითუმეტეს ენმ-ში ისეთი დაპირისპირებაა, რომ ამომრჩეველიც შემოძარცვული ჰყავთ“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“. 

რაც შეეხება ქვეყნის ფარგლებს გარეთ რეაქციებს, საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში უკრაინას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და  ის ელის, რომ დასავლეთზე ზეგავლენას მათი პოზიციაც მოახდენს. ამიტომ არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის ქვეყნიდან არ გაშვების შემთხვევაში დასავლეთიდან და ამერიკიდან ხელისუფლებაზე ზეწოლა და კრიტიკული განცხადებები გახშირდეს და უფრო  მძაფრი სახეც მიიღოს. თუკი ხელისუფლება ამ ზეწოლას გაუძლებს, მაშინ სააკაშვილის თემის ირგვლივ პროცესები ისევ მიწყნარდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×