თამთა ჩაჩანიძე
26.01.2024

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (CSF) 2023 წლის განახლებული ინდექსის მიხედვით, საქართველო რეფორმების პროგრესის კუთხით, მოლდოვასა და უკრაინას ჩამორჩება განხილულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის შედეგები და ქვეყნების მიერ რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესი, რომელიც შედგენილია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის მმართველი კომიტეტის მიერ, ალექსანდრ საბუს რედაქტორობით.

ამავე კვლევაზე დაყრდნობით, გამოცემა „პოლიტიკომ" სტატია გამოქვეყნა სათაურით „საქართველო პუტინის მაგალითს მიჰყვება", რასაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა იმ ქართველი ექსპერტების მისამართით, ვინც კითხვარი შეავსო.

„როდესაც საქართველოს შეფასება ხდება საერთაშორისო ავტორიტარული ორგანიზების მხრიდან, საქართველო არის უპირობო ლიდერი, მაგრამ, როგორც კი შეფასებაში ერთვება ქართველი „ენჯეო", მაშინვე საქართველო ბულინგის ობიექტი ხდება", - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

„მათი დამოკიდებულება ძალიან მერკანტილურია, უნდათ გაამართლონ ის, რისთვისაც იღებენ თანხებს, რომ არიან კრიტიკულები და ამიტომ არ უნდა შეუწყდეთ დაფინანსება", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

როგორ ხდებოდა ექსპერტების ჩართვა ამ კვლევაში, ამაზე მისი თანაავტორი, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ყვება. მისი თქმით, ექსპერტებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სფეროების მიხედვით კითხვარები მიიღეს და მერე შევსებული პლატფორმის სამდივნოს გადაეგზავნა. მისივე თქმით, ესაა სამოქალაქო საზოგადოების შეფასება და არა ევროკავშირის.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ეს ფორუმი ყოველწლიურად აკეთებს ამ ექვსი ქვეყნის შეფასებას, წელსაც ჩვეულებრივად 2022-23 წლის შეჯამება გააკეთეს, მათ თავიანთი მეთოდოლოგია აქვთ. მე არ ვიცოდი სხვა ექსპერტები ვინ იყვნენ. პრესაში რომ დაწერეს, მერე გავიგე, ისევე, როგორც მათ არ იცოდნენ. ყველას თავისი სფეროები ჰქონდა და ამ სფეროების მიხედვით კითხვარები გაეგზავნათ, ექსპერტები ამ კითხვარებს პასუხობენ და უგზავნიან და მერე ამას ორაგნიზაცია აჯამებს.

„ყველა სფეროს თავისი კურატორი ჰყავს, მე კანონის უზენაესობაზე ვერ დავწერდი, ჩემი იყო დემოკრატიზაციის თემა. დანარჩენებს არ ვიცი, რა გაეზავნა, ზოგი ისეთი გვარია, საერთოდ ვერ ვიცანი. „ქართული ოცნება" ამის პოლიტიზირებას ახდენს, თორემ ეს სამოქალაქო საზოგადოების შეფასებაა, ევროკავშირის კი არა, ან მთავობის. მთელი ამ ინდექსის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების შეხედულებების მიხედვით გააკეთოს ექვსივე ქვეყანაში შეფასება. სამოქალაქო საზოგადოების შეხედულებები არცერთ ქვეყანაში არავის არ მოსწონს, მათ შორის არც აშშ-ში, არც ბრიტანეთში და არსად, მაგრამ ესაა მათი შეხედულებები.

„მე რომ მკითხო, მეორე და მესამე ადგილი ჩვენთვის ძაან ახლოსაა იმის გათვალისწინებით, რომ ინდექსის ყდასაც რომ შევხედოთ, პირველივე სურათით ჩანს, რომელი ქვეყნის ხალხია გამოსული ევროკავშირის დროშით (გარეკანზე თბილისის მარტის პროტესტის ფოტოა გამოსახული - რედ.). ხელისუფება რომ ამბობს, თითქოს გაუკვირდა ეს შეფასება, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც შარშან ხდებოდა, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას სხვანაირი შეხედულებები როგორ ექნებოდა, უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, როცა „აგეტების კანონზე" მთელი ხალხი გამოვიდა. ვერ ვხდები, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას რანაირი შეფასება უნდა გაეკეთებინა, ვინც ამაში იყო ჩართული?!

„ერთადერთი, სადაც ექსპერტების სახელს არ წერენ, ეს აზერბაიჯანია. მე მგონი ცოტა ხანში ქართველებსაც მოუწევთ ასე, ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ საკითხმა. რაც ამ ინდექსში წერია, მთლიანად ემთხვევა ევროკავშირის რეკომენდაციებს. ხელისუფლებაც აღიარებს, რომ 12 დან 3 შევასრულეთ და 9 პუნქტი რომ გვაქვს შესასრულებელი, ამაზე მუშაობენ ახლა.

„პრობლემა იმაშია, რომ ეს ინდექსი თავიდან ბოლომდე არავის არ წაუკითხავს, იქ კარგიც წერია, მათ შორის იმაზე, რომ 3 რეკომენდაცია შევასრულეთ, მხარეები მხოლოდ იმ ნაწილებს კითხულობენ, რაც თავად აინტერესებთ. თან ეს მთელი ამ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმების ერთობაა და თუ რამე აინტერესებთ, თვითონ იმ სამდივნოს უნდა მიმართონ", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, არაერთ შეფასებაშია აღნიშნული, რომ საქართველო მოწინავე ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რეგიონში და ქვეყანა წინ უსწრებს ევროკავშირის არაერთ ქვეყანას.

„მით უმეტეს, როგორ შეიძლება, ომში მყოფ ქვეყანასთან შედარება ვაკეთოთ? მოლდოვაზე არაფერს ვამბობ. იმის მოფიქრება, რომ საქართველო ვიღაცას ჩამორჩება, ემსახურება ერთადერთ გეგმას, რომ ოპოზიციას რაღაც ხელჩასაჭიდი ჰქონდეს, რომ თავიანთი პარტიული ტელევიზიების წინ დადგნენ და ქვეყნის საზიანო კამპანია აწარმოონ. მიზანია, ოპოზიციას ანკესი მიეცეს კონკრეტულ თემებზე სალაპარაკოდ, რომ ანკესს წამოეგოს მათი პარტიული ტელევიზია და ეს გააშუქონ ისე, თურმე ქვეყანამ უკან როგორ დაიხია, რაც არის ნონსენსი. ამ შეფასების უკან ის ორგანიზაციები დგანან, რომლებიც, სხვათა შორის, უფრო ნაკლებ ქულას უწერდნენ საქართველოს 12 რეკომენდაციის განხორციელების პროცესში, ვიდრე თავად ევროკავშირის სტრუქტურები. ეს ორგანიზაციები, სადაც ცხოვრობენ და რომლის მოქალაქეებიც არიან, უფრო ნაკლებ ქულას უწერდნენ ქვეყნის პროგრესს, ვიდრე ევროკავშირი. რაც ხდება, არ მახარებს. ეს ორგანიზაციები ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიაში არიან ჩართული და ეს გულდასაწყვეტია, რადგან როგორ შეიძლება, ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდე?!" - განაცხადა ოხანაშვილმა.

„ვლადიმერ პუტინის ომი უკრაინასთან ევროპის აღმისავლეთ სამეზობლოს ყოფს - ზოგიერთი ქვეყანა ევროკავშირს უახლოვდება. ზოგი კი, მათ შორის საქართველო, სიამოვნებით მიჰყვება რუსეთის ავტორიტარიზმის გზას", - ნათქვამია „პოლიტიკოს" სტატიაში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გააძლიერა ურთიერთობები აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთ სახელმწიფოსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის საკითხებში. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასა და მოლდოვაში საჯარო მმართველობა გაიზარდა, „პოლიტიკურად პოლარიზებულ საქართველოში" ვითარება დაღმავალია",- წერს „პოლიტიკო".

„დიქტატურები თუ ავტოკრატიული რეჟიმები სწავლობენ ერთმანეთისგან. მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად არსებობს სწავლის მრუდი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ ქვეყანაში. ჩვენ ეს საქართველოშიც ვნახეთ", - აცხადებს „პოლიტიკოსთან" აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წევრი ალექსანდრა საბუ.

საბუს თქმით, „საქართველომ 2023 წლის მარტში სცადა პუტინის სტილის „უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის მიღება, რასაც შიდა პროტესტი მოჰყვა". მისივე განცხადებით, „ეს კანონი რუსული კანონის იყო ერთგვარი ასლი იყო, ზიგიერთი ადგილობრივი ელემენტით, მაგრამ მსგავსება აშკარა იყო".

„პოლიტიკო" წერს, რომ საქართველოშ მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა დემოკრატიის, კარგი მმართველობისა და პოლიტიკის კონვერგენციაში - რაც ასახავს ქვეყნის პოლიტიკურ პოლარიზაციას, ნათქვამია აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 ინდექსში.

„ძირითადად ყველა სფეროში იყო შემცირება, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა ის კანდიდატის სტატუსით დააჯილდოვა", - აღნიშნა საბუმ.

„პოლიტიკო" აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშის თანახმად, „მოლდოვა და უკრაინა სტაბილურად ახორციელებენ ისეთ სისტემურ ცვლილებებს, რომელსაც ბრიუსელი გაწევრიანების გზის გასაგრძელებლად მათგან მოელის, მაშინ, როცა საქართველო ამ გზას ნელ-ნელა შორდება".

„პოლიტიკოს" მიერ აღწერილი მძიმე რეალობიდან ერთადერთი გამოსავალი შემდეგ არჩევნებზე სახელისუფლებო ცვლილებებია", - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა განაცხადა. მისივე თქმით, სტატიაში არსებულ ძალიან ნეგატიურ და სამწუხარო შეფასებებს საფუძვლად საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები უდევს, რომელიც დღესაც გრძელდება.

„ესენია: ე.წ რუსეთთან დათმობის პოლიტიკა, რუსული კანონის მიღების მცდელობა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე არადემოკრატიული ქმედება გახლდათ, ასევე ძალიან სერიოზული ანტიდასავლური კამპანია, უკრაინის მიმართ არსებული დამოკიდებულება და სხვა ბევრი რამ.

„მათ შორის, ყველაზე პუტინისტური ხაზია ქვეყანაში ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობის დამკვიდრება. ამ ყველაფრიდან ერთადერთი საშველი და გამოსავალი შემდეგ არჩევნებზე სახელისუფლებო ცვლილებებია," - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×