ელზა პაპოშვილი
26.01.2024

ცდილობს თუ არა ოპოზიცია ე.წ. მესამე ძალის შექმნას და „შუაშისტური“ ამომრჩევლის  მობილიზებას? ასეთ ამომრჩეველს კი არც „ნაცები“ სურს და არც „ქოცები“. ამიტომ ეძებს ალტერნატიულ მესამე ძალას, რომელიც  არცერთ მათგანთან კავშირში არ იქნება. ეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა კარგად იციან და დიდი ალბათობით, ახალი ძალების მობილიზება სწორედ ამ კატერგორიის ელექტორატიდან უნდა მოხდეს. 

თუმცა ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე „რეზონანსთან“ ფიქრობს, რომ დარჩენილ დროში ე.წ. მესამე ძალის მობილიზება რთული იქნება. მითუმეტეს ოპოზიცია ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბებულა 2024 წლის არჩევნებზე, როგორ და რა ფორმით გავიდნენ - გაერთიანდნენ, გამსხვილდნენ ერთი კონკრეტული პარტიის ირგვლივ თუ ისევ ფრაგმენტულად წარსდგნენ  არჩევნების წინაშე. 

მისი  აზრით, „შუაშისტობას“  „ლელო“ ცდილობდა და კვლავ ცდილობს, თუმცა მის მიმართ ნდობა ამომრჩეველმა მას შემდგე დაკარგა, რაც ის ენმ-ის ქოლგის ქვეშ იხილა. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ შუაშისტების მობილიზების ყველაზე კარგი შანსი გიორგი გახარიას ექნება, რომელიც ორივე მხრიდან დარტყმის ქვეშ იმყოფება.    

2016 წელს იყო მცდელობა, რომ საზოგადოებისთვის „არანაცმოძრაობად“ შეესაღებინათ „ევროპული საქართველო“ არ გამოუვიდათ, შემდეგ იყო 2020 წელს მცდელობა "ლელო“ შეესაღებინათ "არანაცმოძრაობად“ და არ გამოუვიდათ, 2021 წელს იყო მცდელობა გახარია შეესაღებინათ ასეთ სუბიექტად და ესეც ჩავარდა. სამი ჩავარდნილი მცდელობა უკვე არის სახეზე, მეოთხე მცდელობაც ასევე ჩავარდება და დიდი რესურსი ამ გეგმას არ აქვს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, დღევანდელი მაჩვენებლით "ქართულ ოცნებას" აქვს ძალიან კარგი სასტარტო პოზიცია იმისათვის, რომ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ჩატოვოს "ნაცმოძრაობა“ 35 მანდატს ქვემოთ.

"ხდება პარტია "ნაცმოძრაობის“ პროცენტული მაჩვენებლის ხელოვნურად შემცირება. ამით აიხსნება მაგალითად, რომ ხაბეიშვილი არის დღეს პარტიის თუნდაც ფორმალური თავმჯდომარე. ამით აიხსნება ის, რომ ტელევიზიებში სხვაგვარად გადაანაწილეს რესურსები. მაგალითად “ტვ პირველი“ თითქმის მთლიანად წაიღო "ლელომ“, ასევე მთავარში გაყოფილია რესურსი "ნაცმოძრაობასა" და "ლელოს" შორის, "ფორმულა" მთლიანად კეზერაშვილია და ა.შ, ანუ რესურსების გადანაწილების მცდელობა აშკარად ჩანს. ამოცანა რა არის, რომ თუ ცოტა ქვემოთ დაიწევს კიდე "ნაცმოძრაობა“ შეიძლება 5% ზემოთ ამოიწიოს სხვა "ნაცმოძრაობამ“, როგორიც არის მაგალითად "ლელო" ან "ლელოსთან" ერთად შექმნილი გაერთიანება. 

ეს არის რეალურად გეგმა, რასაც ვხედავთ, საზოგადოება დააკვირდება ამ ყველაფერს. ერთადერთი მაქსიმუმი რაც შეიძლება შეძლონ არის ის, რომ "ნაცმოძრაობა" თუ აიღებს 15%-ს მესამე სუბიექტმა ფსევდო შუაშისტურმა ნაციონალურმა სუბიექტმა შეიძლება მოახერხოს 5%-იანი ბარიერის გადალახვა, მაგრამ ასეც და ისეც მათ არავითარი შანსი არ აქვთ. რეალურად დღევანდელი კონფიგურაცია ისეთია, რომ ჩვენ შეგვიძლია საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ პარლამენტში. კვლევა ჩატარდა მას შემდეგ რაც ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ბოლო მონაცემებით ჩვენ გვქონდა 59 % ალოკაციით. ასეთ პირობებში ჩვენ შეგვიძლია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაც კი და თუნდაც კოლექტიური ნაცმოძრაობა, ორი პარტია რომ ავიღოთ, აიღებს 30-35 მანდატს. ეს არის დღევანდელი სურათი. დაახლოებით 9 თვეა დარჩენილი, ჩვენ მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით დღევანდელ მაჩვენებელს და უფრო მეტიც ვეცდებით კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ დღევანდელი მაჩვენებელი, დანარჩენს საზოგადოება გადაწყვეტს,“ - განაცხადა კობახიძემ.   

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთაან“ მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით საქართველოში ე.წ. მესამე ძალა არ არსებობს, მაგრამ არსებობს სხვადასხვა ვარიანტები, რომლის შედეგადაც შესაძლოა ქვეყანაში მესამე პოლიტიკური ძალა წარმოიქმნას. 

„შუაშისტური არის ისეთი ამომრჩეველი, რომელსაც არვ  ოცნება უნდა და არც „ნაციონალური მოძრაობა“ არ სურს. ამიტომ ეს ამომრჩეველი ცოტა პრეტენზიული და დაკვირვებულია. შეიქმნება თუ არა ე.წ. მესამე პოლიტიკური ცენტრი ჯერ არ ვიცით, რადგან ენმ-ის გაყოფის თუ გაჩეხვის პროცესი არ დასრულებულა. არ ვიცით, ენმ-ის გაყოფა  რა პროპორციებით მოხდება. უფრო  სწორი იქნება, ვიფიქროთ იმაზე, რომ მელიას გუნდის შემადგენელი ნაწილი ვინ იქნება. არ მგონია, რომ შუაშისტური ამომრჩევლისთვის ნიკა გვარამია, მელია და სხვა ყოფილი ენმ-ის წევრები მისაღები იყვნენ, მათი წარსულიდან და სხვა ბევრი ფატქორებიდან გამომდინარე. მართალია, „ლელო“ ცდილობს ამ შუაშისტურ ამომრჩეველზე იმუშაოს, მაგრამ მის მიმართ ნდობა ამ ამომრჩეველს დაკარგული აქვს. 

„ამის მიზეზი კი 2020  წლის არჩევნებია. მეორეს მხრივ კი ამ პარტიამ შეიფარა ყოფილი ნაცები. ასევე მათი ნარატივი და განცხადებებიც თითქოს ენმ-ის დღის წესრიგის მსგავსია. ამიტომ „ლელოს“ ნაკლები შანსი აქვს, რომ ეს ამომრჩეველი მიიმხროს. 

„ამის პარალელურად შუაშისტურ ამომრჩეველზე მუშაობს გიორგი გახარიაც. ამ ორს შორის ამ ამომრჩევლის დიაინტერესების უფრო მეტი პერსპექტივა აქვს გახარიას. გახარია ხელისუფლების და ენმ-ის მხრიდანაც დარტყმის ობიექტია. ამიტომ შუაშისტური ამომრჩევლისთვის ის უფრო საინტერესო ფიგურა იქნება“, - ამბობს ძაბირაძე.  

მისივე თქმით, თუკი „ლელოს“ მელია - გვარამიას ახალი პარტია ერთად იქნებიან, მათ  5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნებათ, მაგრამ ზრდის პერსპექტივა რამდენად ექნებათ, რთული სათქმელია, რადგან ეს ამომრჩეველი უფრო გახარიასკენ შესაძლოა გადაიხაროს. 

„ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საპარლამენტო ჯგუფი არსებობს. არ ვგულისხმობ გოცირიძე-დეკანოიძეს, რომელიც ალბათ  მელიას გუნდში იქნებიან. ვგულისხმობ „გირჩს“, ელისაშვილს და იქ რამდენიმე დამოუკიდებელ დეპუტატს. არსებობს კიდევ ანა დოლიძე, რომელმაც ადგილობრივ არჩევნებში წარმატებას მიაღწია. ამიტომ შესაძლოა ამ საპარლამენტო ოპოზიციამაც თუ გაერთიანება მოხდება, შუაშისტური ამომრჩევლის ხმები წაიღოს. ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული ამ ამომრჩევლის გადაბირება. 

„თუ გვარამია, „ლელო“ და მელია ერთად იქნებიან, ხელისუფლება, რა თქმა უნდა, შეეცდება, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობად“ ნომერი ორად  წარმოაჩინოს. გამომდინარე იმ პროპაგანდიდან, როგორსაც ხელისუფლება აწრმოებს, დიდია ალბათობით შეეცდება დაარწმუნოს, რომ ნაციონალური მოძრაობა ნომერი 2-ია. ამიტომ შუაშისტური ამომრჩეველი დააკვირდება პარტიების ყველა განცხადებას და მოქმედებას. შუაშისტი ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტია დისტანცირებული იყოს, ხელისუფლებისგანაც და ენმ-ისგანაც“, - ამბობს ძაბირაძე.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×