თამთა ჩაჩანიძე
28.01.2024

გასულ პარასკევს თბილისში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტისას, საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. სხვადასხვა ფორმატში გამართული შეხვედრებისას საუბარი იყო ასევე ორ ქვეყენას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაზე და მსხვილ რეგიონალურ პროექტებში სომხეთის მონაწილეობაზე.

„საქართველო ყოველთვის იყო მომხრე, რომ რეგიონში არსებობდეს, დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ბატონმა პრემიერმა ძალიან კარგად იცის ჩემი პოზიცია და ჩვენი მთავრობის პოზიცია, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და მზად ვართ, რომ ჩვენი წვლილი, კონტრიბუცია შევიტანოთ აი, ამ გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების საქმეში, რაც მთელი რეგიონის ქვეყნებსა და ხალხებს მოუტანს სარგებელს", - განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხე კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

თავის მხრივ ნიკოლ ფაშნიანმა ღარიბაშვილს მაღალი დონის ვიზიტის ორგანიზებისთის მადლობა გადაუხაადა, ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ისტორიული მოვლენაა საქართველოსთვის, ასევე - მთელი რეგიონისთვის, რაშიც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის, როგორც საქართველოს მთავრობას, ისე ქართველ ხალხს.

ვიზიტის დეტალები

სომხეთის პრემიერ-მინისტრი დელეგაციით თბილისს 26 იანვარს ეწვია, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა ნიკოლ ფაშინიანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებებიც გააკეთეს.

მანამდე, მათივე ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც რამდენიმე დოკუმენტზე მოეწერა ხელი.

მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ. ასევე ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომის ოქმს.

გაფორმდა სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი. მხარეებმა ხელი მოაწერეს ჯანდაცვის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმს; ასევე - შეთანხმებას ორი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების საქმიანობის პირობების გაუმჯობესების შესახებ. დოკუმენტებს ხელი სომხეთისა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მოაწერეს.

მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომაზე საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს; ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოტენციალზე როგორც ეკონომიკური ურთიერთობების და ვაჭრობის, ისე ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების მიმართულებით.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირების გაძლიერებისთვის. სხდომაზე საუბარი შეეხო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

ღარიბაშვილსა და ფაშინიანის პირისპირ შეხვედრაზე კი მთავრობების მეთაურებმა ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილეს, რომელიც ახალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა. მხარეებმა ასევე განიხილეს ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის როლს, რომელიც მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქვეყნებს შორის კავშირების გასაძლიერებლად.განსახილველ საკითხებს შორის იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები.

დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს დელეგაციასთან ერთად ვახშამზე უმასპინძლა. ფაშინიანის პატივსაცემად ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა. პრემიერ-მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სტრატეგიული პარტნიორობა არაფორმალურ გარემოშიც განიხილეს.

ერთობლივი პრესკონფერენცია

პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი პრესკონფენერცია შედგა, სადაც მთავარი გზავნილები გაჟღერდა. ლიდერებმა საზოგადოებას გააცნეს, თუ რა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილებოდა და რა დოკუმენტებს მოეწერა ხელი.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანსა და სომხურ დელეგაციას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადასვლა ქვეყნებს შორის თანამშრომლობას გააძლიერებს ყველა მიმართულებით.

„ჩვენ გვქონდა ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის რიგით მე-13 სხდომა, სადაც ასევე განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება ვაჭრობას, ეკონომიკას, ზოგადად, ურთიერთობებს. მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები ვითარდება, სავაჭრო ბრუნვამ უკვე გადააჭარბა მილიარდ დოლარს. სომხეთი არის რიგით მე-6 სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის, ასევე რიგით მე-2 საექსპორტო ქვეყანა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია ჩვენთვის.

„ასევე მინდა აღვნიშნო სიამოვნებით, რომ გასულ წელს სომხეთიდან თითქმის მილიონი ტურისტი, ვიზიტორი გვესტუმრა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.

„რაც მთავარია, მინდა განსაკუთრებით გამოვყო დღევანდელი დღის გადაწყვეტილება, რომელზეც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. ჯერ კიდევ ზაფხულში, გასულ წელს, დავაანონსეთ, რომ ჩვენ მოვაწერდით ხელს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ტრადიციულად, ისტორიულად ვართ ძალიან ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები, არა მხოლოდ მეზობლები; გვაქვს ძალიან კარგი პარტნიორობა, ურთიერთობა, თანამშრომლობა ყველა მიმართულებით და დე ფაქტო, შეიძლება ასე ითქვას, ჩვენ ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები და დღეს უკვე შეიძლება ითქვას, ეს რეალობა, მოცემულობა გაფორმდა და დღეს ხელი მოვაწერეთ ოფიციალურად სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობის შეთანხმებას. მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მადლიერი ვართ ჩვენი სომეხი კოლეგების.

„ორივე ქვეყანა, რა თქმა უნდა, არის მოწოდებული, ორივე მთავრობა მზად ვართ, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. საქართველო ყოველთვის იყო მომხრე, რომ რეგიონში არსებობდეს, დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ბატონმა პრემიერმა ძალიან კარგად იცის ჩემი პოზიცია და ჩვენი მთავრობის პოზიცია, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და მზად ვართ, რომ ჩვენი წვლილი, კონტრიბუცია შევიტანოთ აი, ამ გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების საქმეში, რაც მთელი რეგიონის ქვეყნებსა და ხალხებს მოუტანს სარგებელს.

„ჩვენ დიდი ოპტიმიზმით და იმედის თვალით შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს და მინდა გამოვთქვა იმედი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას, რაც, უდავოდ, ხელს შეუწყობს და გააძლიერებს რეგიონში არსებულ მშვიდობას; ხელს შეუწყობს სტაბილურობას, რაც, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვისა და ჩვენი ერებისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ „როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდაა და მნიშვნელოვანია ამ დინამიკის შენარჩუნება". ასევე ხაზი გაესვა იმას, რომ 15 დეკემბერი მნიშვნელოვანი თარიღი იყო, რადგან საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის.

„ახლა აუცილებელია გაგრძელდეს მაღალი ტემპით ახალ რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე მუშაობა. ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ფაშინიანის დადასტურებული ინტერესი რეგიონული პროექტებისადმი, ისეთი, როგორიც არის შავი ზღვის კაბელის პროექტი და სხვა პროექტები, რომლებზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ. მსხვილ პროექტებს ვგულისხმობ, ბუნებრივია. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

თავის მხრივ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილის მაღალი დონის ვიზიტის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და განაცხადა, რომ ეს ისტორიული მოვლენაა საქართველოსთვის და ასევე მთელი რეგიონისთვის, რაშიც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის, როგორც საქართველოს მთავრობას, ისე ქართველ ხალხს.

„დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხთა ფართო სპექტრი, დაწყებული ეკონომიკით, დამთავრებული კულტურით, ვაჭრობით, ადამიანური ურთიერთობებით. ჩვენ ვისაუბრეთ აგრეთვე სამხრეთ კავკასიის ინფრასტრუქტურაზე და კავშირების შესაძლებლობებზე. ეკონომიკური წინსვლისთვის ხაზი გავუსვით პროექტების შესრულების მნიშვნელობას. ასევე განვიხილეთ საკითხები, რომლებიც ეხება მრავალ მიმართულებას.

„ამ კონტექსტში უნდა აღვნიშნო, რომ ორი ქვეყნის საბაჟო ორგანოებს შორის აქტიურად განიხილება სასაზღვრო პუნქტებზე ერთობლივი კონტროლის მოდელების დანერგვა და, ამ შემთხვევაში, საბაჟო პროცესებისთვის საჭირო დრო შემცირდება.

„ჩვენს კოლეგებს წარვუდგინე ასევე სომხეთის რესპუბლიკის მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტი, რომელზეც ვისაუბრე და წარვადგინე წინა წლის ოქტომბერში ბატონი ღარიბაშვილის მოწვევით თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის დროს. ეს ჩვენი პროექტი მიმართულია რეგიონის ურთიერთობების ზრდისკენ და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვის საკითხი და ჩვენი რეგიონი შეიძლება სამხრეთსა და ჩრდილოეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული გზა. ამ ყველაფერში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინკლუზიურობას და ყველა სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ პროექტებში. ამის კარგი მაგალითია შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომლის მიმართაც სომხეთს დიდი ინტერესი აქვს.

„სომხეთმა და საქართველომ დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას. ბატონ პრემიერთან მოვაწერეთ ხელი ერთობლივ დეკლარაციას სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ. ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და გამოხატავს ჩვენს მიზანმიმართულობას. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი ძალისხმევა უნდა გავზარდოთ და შეძენილით არ დავკმაყოფილდეთ, რაზეც ვისაუბრეთ ასევე სხდომის დროს.

„ბატონ ღარიბაშვილთან განხილვების დროს ასევე გადავწყვიტეთ, უწყებებს დავავალოთ ქმედითი ნაბიჯები გადადგან სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მისაყვანად. ასევე ვისაუბრე აზერბაიჯანთან ურთიერთობების დარეგულირების მიმართულებით სომხეთის რესპუბლიკის ძალისხმევაზე. ხაზი გაესვა, რომ მილიტარიზაციული და სხვა მიმართულებები ხელს არ შეუწყობს ჩვენს ურთიერთობებს. როცა შევათანხმებთ და საჯარო პრინციპებზე მშვიდობის ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ, მაშინ იქნება მიღწეული მშვიდობა რეგიონში. ჩემს სიტყვას ვასრულებ იმით, რომ ერთობლივი დადგენილება მივიღეთ, დავიცვათ, შევინარჩუნოთ და გავაღრმაოთ კანონიერი ურთიერთობები ყველა მიმართულებით და ამ გზაზე შესაძლო წარმოქმნილი ყველა პრობლემა განვიხილოთ ურთიერთგაგების პრინციპით", - განაცხადა ფაშინიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×