ნაზი ბერიძე
30.01.2024

29 იანვარს ევროკომისიის 9 დათქმაზე სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას პარლამენტში ყველა ოპოზიციური პარტია დაესწრო, „ლელოს" გარდა. ამას კი როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ლელოს" ეს ბოიკოტი მხოლოდ მათ წინააღმდეგ იმუშავებს და ხელისუფლებისთვის იქნება მომგებიანი.

თავად „ლელოში" საკუთარი პოზიციას იმით ასაბუთებენ, რომ პარლამენტში ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საკუთარი ხედვა წარადგინეს - „9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ". პარტიის წარმომადგენელთა თქმით, „ლელოს" მომზადებული აქვს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები, კანონპროექტები და კონკრეტული რეფორმები, თუ როგორ უნდა შესრულდეს ევროკავშირის 9 რეკომენდაცია.

მმართველ პარტიაში ორშაბათის შეხვედრას ზოგადად დადებითად აფასებენ და „ლელოს" აკრიტიკებენ. „ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა რომ სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის 9 რეკომენდაციის თაობაზე მეტ-ნაკლებად ნორმალური იყო, ხოლო „ლელო" დაახასიათა როგორც უპასუხისმგებლო პარტია.

„ლელომ" ბოიკოტი გამოუცხადა ამ საპარლამენტო საქმიანობას, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ამ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია აღქმა, დღეს სად იმყოფება საქართველო, მისი პოლიტიკური ცხოვრება რას ითხოვს პოლიტიკური პარტიებისგან. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თავის თავს დააბრალონ მერე რა შედეგიც იქნება. ყოველ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ, რომ გასაკეთებელი სამუშაოს ის წილი, რაც ცხრა რეკომენდაციის გზაზე პარლამენტის გასაკეთებელი იქნება, შესრულდება", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

„ლელოს" გადაწყვეტილება ოპოზიციაშიც გააკრიტიკეს. „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ყველა ოპოზიციამ ყველა პლატფორმა უნდა გამოიყენოს შედეგზე ორიენტირებული დისკუსიების გასამართად.

„ჩვენ ფორმატს ვიყენებთ არა მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან", არამედ საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციისთვის. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ დისკუსიის საგანი (შეხვედრაზე) შესვლა-არშესვლა კი არ უნდა იყოს, არამედ შინაარსი - სასამართლო რომ არ გვაქვს, კორუფციაა. შედეგზე ორიენტირებული დისკუსიები გვინდა. ამ პლატფორმას სწორედ ამისთვის ვიყენებთ და იმედი არ გვაქვს, რომ „ქართული ოცნება" რამეს ფუნდამენტალურად შეცვლის.

„იმიტირებულია თუ რაც არის, მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ ყველა პლატფორმა უნდა იყოს გამოყენებული. „ლელოს" პასუხს არ გავცემ, რადგან მეც ასე ვფიქრობდი წინა პერიოდში, თუმცა ვნახეთ, რომ შესვლა-არშესვლაზე დისკუსიას შინაარსზე დისკუსია სჯობს. „ლელოს" ტაქტიკას არ ვიზიარებ. აუცილებელია, მოქალაქეებმა ნახონ სხვაობა ჩვენსა და „ქართულ ოცნებას" შორის", - განუცხადა პაატა მანჯგალაძემ საქართველოს „პირველ არხს".

„გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ კი „ლელოს" „ნაცმოძრაობის" „ხალხის ძალა" უწოდა. მისი თქმით, „ლელო" თავს კომფორტულად არ გრძნობს სამუშაო გარემოში და ცდილობს, „ნაცმოძრაობის" ამომრჩეველზე გავიდეს.

„შეიძლება, ეს წარმოდგენა ფარსის ნაწილს შეიცავდეს, მაგრამ მე ამ ფარსის მომწყობი არ ვარ, ამ ფარსის დამკვირვებელი ვარ, ადამიანი, რომელიც თქვენთან მოდის და გეუბნებათ, რომ აქ ფარსი დავინახე. მგონი, „ლელო" თავს კომფორტულად არ გრძნობს სამუშაო გარემოში. თავს კომფორტულად გრძნობენ „ლელოებით" გარშემორტყმული, მაგრამ როცა სხვა პოზიციებია და კამათია, ვერ წარმომიდგენია, ეს „ლელომ" მოახერხოს. როგორც ვაკვირდები, „ლელო" არის „ნაციონალური მოძრაობის" „ხალხის ძალა" და ცდილობს, „ნაცმოძრაობის" ამომრჩეველზე გავიდეს, მის ყულაბაში აღმოჩნდეს, რადგან სხვა ამომრჩეველი „ნაცებს" დაკავებული ჰყავთ. „ნაცებს" რომ რადიკალიზმში ეჯიბრები, ეს ცოტა წამგებიანი მგონია", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„ლელოს" ნაბიჯი გაუმართლებელია

ვახტანგ ძაბირაძე „ლელოს" პოზიციას გაუმართლებლად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ხელისუფლება ამას პიარისთვის გამოიყენებს.

„არ მიმაჩნია სწორად ზოგადად საპარლამენტო მუშაობისადმი, ასე ვთქვათ, ბოიკოტი. ჩვენ 2020-დან 2024 წლამდე სამი წელია ვუყურებთ ხან ბოიკოტს, ხან არ შედიან პარლამენტში... არცერთმა ასეთმა მოქმედებამ შედეგი არ გამოიღო. მოხდა პირიქით - ხელისუფლება ყოველთვის ახერხებდა ოპოზიციის ასეთი ქმედებები წარმოეჩინა რადიკალიზმად და გაესაღებინა იმად, რომ ოპოზიციას არ აქვს შანსი არჩევნები მოიგოს და ამიტომ მას სჭირდება არეულობა. აი, ამ ნარატივით მიდიოდა მუდამ ხელისუფლება და ამაში მოსახლეობას, ელექტორატს არწმუნებდა.

„მე მესმის, რომ რეალურად ამ სამუშაო ჯგუფებში არც არაფერი გადაწყდება. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება" არც აპირებს ამ დავალებების შესრულებას. მაგრამ „ქართული ოცნება" ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი გადაიტანოს პიარის ფარგლებში და ამომრჩეველზე იმუშაოს. არა იმაზე, რომ ევროკავშირში მიგვიღებენ თუ არ მიგვიღებენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს მათთვის, მათთვის მთავარია, რომ პიარში მოუგონ ოპოზიციას.

„თვითონ ეს ბოიკოტი აძლევს საშუალებას ხელისუფლებას, რომ დაიწყოს ლაპარაკი იმაზე, რომ ოპოზიცია არ აქვს გამარჯვების არანაირი შანსი, იწყებს რადიკალურ ქმედებებს, რათა დესტაბილიზაცია შექმნას ქვეყანაში და არეულობის საფუძველზე მოვიდეს ხელისუფლებაში. ამის საპირისპირო ოპოზიციამ ჯერჯერობით ვერაფერი მოიფიქრა.

„არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა ოპოზიციის მხრიდან. მიმაჩნია, რომ „ლელომ" ისევ შეცდომა დაუშვა და ეს ძალიან ცუდია.

„ლელოს" ალტერნატიული გეგმა 9 პუნქტიან გეგმას ხელს არ უშლის. მიიღონ მონაწილეობა ამ შეხვედრებში, იხელმძღვანელონ ალტერნატიული გეგმით, წარადგინონ კომისიებში და გაააკეთონ ამის პროპაგანდა", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×