ელზა პაპოშვილი
21.02.2024

ოპოზიციურ ფლანგზე გაზაფხულისთვის მოსალოდნელი დიდი გადაჯგუფების კონტურები თანდათან უფრო იკვეთება. „მთავარი ახრის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია მარტში გეგმავს თავისი პარტიის პრეზენტაციას და აქედანვე იწყებს დისტანცირებას ენმ-საგან. მანამდე ასევე უნდა გაირკვეს ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელიას გეგმები, რომელმაც თავისი პარტიის პრეზენტაცია თებერვალში აქვს დაანონსებული.

გვარამია ამბობს, რომ არ ეთანხმები იმას, რასაც ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს და ამის პარალელურად აქვს ამბიცია, რომ ე.წ. ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველზე იმუშავოს. იგი ასევე საუბრობს ოპოზიციის გაერთიანებაზე და თავის პოტენციურ პარტნიორებად ასახელებს იგივე მელიას, ზურაბ ჯაფარიძის „გირჩს“, ელენე ხოშტარიას „დროას“ და მამუკა ხაზარაძის „დროას“. ამასთან, გვარამიას პროგნოზით, ასეთ ერთობას ხმათა 25%-ის აღების პერსპექტივა აქვს, რაც არჩევნებზე მეორე შედეგი იქნება.

გარდა ამისა, გვარამია არც ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და მის პარტიასთან „საქართველოსთვის“ გამორიცხავს თანამშრომლობას და ამ ხრივ პრაქტიკულად ერთადერთი ადამიანია ოპოზიციურ სპექტრში, ვინც აცხადებს, რომ გახარიასთვის წარსულთან დაკავშირებით კითხვების დასმას არ აპირებს. მისი თქმით, გახარიასთან, თუკი საჭირო გახდება, კოალიციაც არ არის გამორიცხული.  

გახარიას პარტიაში კი მიიჩნევენმ რომ გვარამიას განცხადება მომავალი თანამშრომლობის შესახებ, მათი დაზიანების მცდელობაა. ამასთან დაკავშირებით შესაბამისი განცხადებაც გაავრცელეს სოციალურ ქსელში საინტერესო ჰეშტეგით - „ნუ გვეტენებით“.

მმართველ პარტიაში კი მიიჩნევენ, რომ პოლიტიკაშ გვარამიას დამოუკიდებელ მოთამაშედ წარმოჩენა ენმ-ის ერთიანი პოლიტიკური თამაშის ნაწილია პრინციპით - „ცუდი დდა კარგი პოლიციელი“. ამის შესახებ „ოცნების“ წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„გვარამია მოუმზადებელი შემოვარდა პოლიტიკურ ველზე. მისი მესიჯები საკმაოდ პრიმიტიული შინაარსისაა. კარგი და ცუდი პოლიციელის ცნობილი ფორმულა უნდათ გამოიყენონ. იმდენად პრიმიტიულია, რომ მე ვფქრობ, რომ არათუ ჩვენი საზოგადოებისათვის, არამედ ზოგადად საზოგადოებისათვის, რომლებიც საქართველოს ვითარებას კარგად არ იცნობს, ასეთი დონის სიყალბე და თვალთმაქცობა შეურაცმყოფელია“, - ამბობს ვოლსკი. 

გვარამია და ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი 

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას ჩამოუყალიბებლი ამომრჩევლის მიმხრობის მხოლოდ მინიმალური შანსი აქვს. ხოლო თუკი ენმ-დან დისტანცირებას დაიწყებს, შესაძლოა ის მხარდამჭერებიც დაკარგოს, რომელიც ახლა ჰყავს.

„ამომრჩეველი მაინც მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამია არის „ნაციონალური მოძაობის“ სახე, რადგან მისი იდენტიფიცირება მხოლოდ ამ პარტიასთან ხდება. ისეთ ნეიტრალურ ძალას, რომელიც სწორედ ასეთ ამომრჩეველზე ნადირობს - მაგალითად, გახარია და „ლელო“ - მათ გვარამიასთან რაიმე სახის კოალიცია ან წინასაარჩევნოდ მასთან იდენტიფიცირება რაში უნდა აწყობდეს?! ამ ე.წ. შუაშისტურ და ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლისთვის იბრძვის სწორედ ეს ორი პოლიტიკური ძალა. ამიტომ მათთან კონკურენციის გაწევა ნიკა გვარამიას გაუჭირდება. ჯერჯერობით მისი არგუმენტები დამაჯერებელი არ არის და მან ამ არგუმენტების გამყარებისთვის მეტი უნდა იმუშაოს“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, გვარამია ხედავს, რომ საერთო ელექტორატის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილს ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი შეადგენს და ფიქრობს, რომ რაღაც ნაწილი ამ ელექტორატიდან აიღოს, თუმცა ეს მისი მხრიდან შეცდომაა, რადგან თუკი „ნაციონალებისგან“ დისტანცირებას დაიწყებს, მაშინ იმ ძირითად ელექტორატსაც დაკარგავს, რომელიც სწორედ ენმ-ისთვის უნდა წაერთმია. 

„გვარამიას თუ ვინმე მისცემს ხმას, მაინც ისეთი ელექტორატი იქნება,  რომელიც ნაცების ახლანდელი მენეჯმენტით და იქ არსებული სიტუაციით არ არის კმაყოფილი, მაინც ენმ-ის ყოფილ წევრებს უჭერს მხარს და მათ იდეოლოგიას იზიარებს. გვარამიამ რომ დაიწყოს ასეთი კამპანია - „მე ვარ ჭეშმარიტი „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან მან დაკარგა თავისი ძალა და ენერგია, რის გამოც 2003 წელს ის ხელისუფლებაში მოვიდა“ - შესაძლოა ამან უფრო იმუშავოს და გზააბნეული ენმ-ის მომხრეები გადაიბიროს. 

„მან უნდა ისაუბროს წარსულის იმ პრობლემებზე, რაც მაშინდელ ხელისუფლებას ჰქონდა, რომლის ნაწილი თავადაც იყო. აღიაროს რაღაც შეცდომები და თქვას, რომ ამის გამოსწორება ასე და ასე შეიძლება. სხვაგვარად ეჭვი მეპარება 5%-იანი ბარიერი გადალახოს“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.

ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით კი, გვარამიამ საკმაოდ პრიმიტიული პიარ სტრატეგია აირჩია, რადგან მას ამომრჩეველთა უმრავლესობა დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალადაც კი არ აღიქვამს.

„ჩვენს მოსახლეობას არ მოსწონს პოლიტიკოსი, რომელიც პოზიციებს ასე რადიკალურად იცვლის და უპრინციპოა. მითუმეტეს გვარამია ყველას კარგად ახსოვს. ახლა როგორი დავარცხნილადაც არ უნდა საუბრობდეს, მისი რეალური სახე რაც არის, ყველამ იცის. თანაც ძალიან სასაცილოა, როცა ის ენმ-სგან დისტანცირებას ცდილობს. ეს არის ე.წ. მესამე ძალის თამაში, რაც ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. გვარამიას ახალ პოლიტიკურ ძალადაც კი არავინ აღიქვამს“, - ამბობს აბაშიძე. 

ნიკა მელიას ფაქტორი   

რაც შეეხება ნიკა მელიას და მის პოლიტიკურ მომავალს, ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ მელია ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ფიგურაა თუკი გავარამიასთან მისი გაერთიანება შედგება, ერთად ისინი ხელშესახებ შედეგს დადებენ. 

„მგონია, რომ ნიკა მელია და გვარამია ერთად თუ იქნებიან, მათ 5%-იანი ბარიერის გადალახვის ბევრად მეტი შანსი აქვთ. თუკი ცალცალკე იქნებიან, მაშინ ერთმანეთს ენმ-ს სწორედ იმ ამომრჩეველში შეეცილებიან, რომელზეც უკვე ვისაუბრე. 

„მელიას აქვს რესურსი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატზე იმუშავოს. მას არჩევნებშიც უკვე კარგი გამოცდილება აქვს, ჰყავს რეგიონებში მხარდამჭერები და კარგი ბაზა აქვს. არ ვიცი რატომ აგვიანებს პარტიის შექმნას, მაგრამ რაც უფრო  მალე გამოვლენ საზოგადოების წინაშე, მით უკეთესია“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან“ ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წამოსული ძალები რაც უფრო ბევრ ნაწილად გაიშლება, ენმ-ის ელექტორატიც მით უფრო დაიქსაქსება. 

„საინტერესოა ნამდვილად რა დაემართა ნიკა მელიას და მის ახალ პარტიას, რომელიც 6 თებერვალს უნდა დაფუძნებულიყო. ამის შემდეგ ბევრი დრო გავიდა. შეთანხმდნენ თუ არა მელია და გვარამია, რომ ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციაში იყვნენ, ჯერჯერობით ამის მკაფიო კონტურები არ ჩანს. 

„ნაციონალები“ რაც უფრო ბევრ ნაწილად გაიშლებიან, ხმებს ერთმანეთს უფრო მეტად წაართმევენ. ისინი ძირითადად ენმ-ის მხარდამჭერებზე ინადირებენ. „#5“- ის მხარდამჭერებზე იქნება ნადირობა, მაგრამ მას ბრენდის სახით მიხეილ სააკაშვილი ჰყავს. ამიტომ ეს ძველი მხარდამჭერები დადგებიან იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილია. 

„თუმცა, სააკაშვილს თავად არ განუცხადებია სად არის მისი პოლიტიკური პრეფერენცია. ის ამაში ფრთხილობს, რაც პოლიტტექნოლოგიურად სწორია“, - ამბობს აბაშიძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×