თამთა ჩაჩანიძე
29.02.2024

მას შემდეგ, რაც დასავლეთმა ოჩამჩირეში რუსული სამხედრო პორტის აშენებასთან დაკავშირებით კრემლის ინიციატივა დაგმო, დე ფაქტო რეჟიმმაც და რუსულმა მხარემაც ამაზე დუმილი ამჯობინეს და სიახლეები ამ საკითზე არც რუსული და არც აფხაზური მედიიდან აღარ ისმის.

როგორც კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, თუ რუსეთს პორტის გადაკეთება დიდ მასშტაბებზე სურს, ამას დიდი დრო, 5 წელი მაინც დასჭირდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, მათ შორის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომ რუსების მიერ ოჩამჩირეში მშენებარე სამხედრო-საზღვაო პორტზე იერიშს განახორციელებს. მისი თქმით, რუსების სამხედრო ფლოტი თანდათან გარბის ყირიმის აკვატორიიდან, მაგრამ უკრაინელები მათ ყველგან მიწვდებიან. ქართველო საზოგადოების ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ ამან შესაძლოა საქართველოს ომში ჩათრევა გამოიწვიოს.

თუმცა საწინააღმდეგოს ფიქრობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, მისი თქმით, ქვეყნის ომში ჩართვა არ მოხდება საქართველოს ხელისუფლების პოზიციიდან გამომდინარე, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ომი გავრცელდება, ეს კი სულ სხვა რამაა.

„რეკონსტრუქციის დაწყებას აპირებდნენ, თუმცა იქ საკმაოდ დიდი ხნის სამუშაოებია. არ ვიცი, რა მასშტაბზე აპირებენ გადაკეთებას, თუმცა ამჟამად ძალიან პატარა პორტია, იქ შესაძლოა სამი მცირე და საშუალო ზომის სამხედრო გემი დაეტიოს, ვერცერთი დიდი გემი იქ ვერ შევა. ეს წამოწყება საერთოდ პიარ-კამპანიის ნაწილი იყო. რუსებს სევასტოპოლის განტვირთვა სურთ, რომ იქ არსებული გემები სხვადასხვა ტერიტორიაზე გაანაწილონ - ფეოდოსიასა და ოჩამჩირეზე.

„თუ რუსებმა სერიოზული ფართომასთაბიანი რეკოსტრუქცია დაიწყეს, ეს სულ ცოტა 4-5 წელი მაინც გაგრძელდება. ყველაფერი გასაიდუმლოებულია და თუ ვინმემ სიტუაცია ადგილზე არ ნახა, ან დრონით არ გადაიღო, ძნელი სათქმელია მოცემულ მომენტში რა ხდება, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ჯერ არც არაფერი არ კეთდებოდეს და მხოლოდ ნახაზებს ან პროექტებს ადგენდნენ. თუ პორტს სამხედრო ბაზის სტატუსი მიენიჭა, იქ ადრე თუ გვიან სამხედრო გემები განთავსდება.

„საქართველოს ომში ჩართვა გამორიცხულია, თუ საქართველოს ხელისუფლება არ ჩაერთო, რაც ასევე გამორიცხულია, „ოცნების" რიტორიკიდან ჩვენ ვხედავთ, რომ მათთვის ეს მიუღებელია, მაგრამ შესაძლოა ომში საქართველოს ტერიტორია ჩაერთოს, ეს ორი სხვადასხვა რაღაცაა. ტერიტორია ოკუპირებულია, საქართველოს იურისდიქცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ ვრცელდება, ამიტომ თუ უკრაინამ ჩათვალა, რომ იქ არსებული სამხედრო ინფრასტრუქტურა კიევს საფრთხეს უქმნის, არაა გამორიცხული, რომ იერიში მიიტანონ. უკრაინის ხელისუფლებისგან არაერთხელ ითქვა კიდევაც, რომ შესაძლოა ოჩამჩირე უკრაინის არმიის დასაბუთებული და მოტივირებული მიზანი გახდეს.

„შესაძლოა ეს განხორციელდეს, მაგრამ ეს საქართველოს ომში ჩართვა არ იქნება, ეს იქნება საქართველოს ტერიტორიაზე ომის გავრცელება, რაც კარგი არ არის, მაგრამ რადგან რუსეთი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს უკრაინის წინააღმდეგ იყენებს, უკრაინას აბსოლუტურად ლეგიტიმური საფუძველი უჩნდება, რომ ის ობიექტები დააზიანოს, საიდანაც მას საფრთხე ემუქრება. შესაძლოა ეს აღმოჩნდეს ოჩამჩირის პორტიც.

„დასავლეთს რეაქცია უნდა ჰქონდეს, რომ ეს დაუშვებელი და მიუღებელია, სხვა ვერაფერს ვერ შეძლებს დასავლეთი გარდა იმისა, რომ დაგმონ რუსეთის მცდელობები, რომ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები გააფართოვონ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×