ნატალია ჯვარიძე
26.03.2024

არის თუ პარტია „ახალი" ორი თანასწორი პოლიტიკური ლიდერისა და მათი თანამოაზრეების ალიანსი? ანალიტიკოსთა შეფასებით, პარტიის ლიდერთა ზოგიერთი ბოლოდროინდელი განცხადება ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ „ახალში" უკვე გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა და შიდა დაპირისპირებაა. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, ისინი ახალდაფუძნებული პარტიის გაყოფასაც არ გამორიცხავენ.

„მთავარ არხზე" გადაცემა „ეკა კვესეტაძის განსხვავებულ აქცენტებში" პარტია „ახალის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ნიკა მელიას გარეშეც შეუძლია არჩევნებზე 5%-იანი ბარეირის გადალახვა, რადგან ის უფრო დიდი ხანია პოლიტიკაშია და მეტი იცის, ვიდრე მელიამ. მისივე თქმით, მელია პირველად სწორედ მან დანიშნა საჯარო თანამდებობაზე და კარგად იცის მისი შესაძლებლობები.

„მარტო რომ ვიყო, 5%-ის დაძლევა არ გამიჭირდება. ისიც კარგად ვიცი, რა შემიძლია მე და რა არ შეუძლია მელიას, ეს მანაც იცის. ასე რომ, პოლიტიკური თვალსაზრისით, ნიკაზე მე უფრო დიდი ვარ, რადგან პოლიტიკა მე უფრო დიდი ხანია დავიწყე, ვიდრე მან. მელია რა საჯარო თანამდებობაზე ყოფილა, ჩემზე უკეთ არავინ იცის, რადგან პირველად მე დავნიშნე", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის აზრით, გვარამიას განცხადებები უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ ლაპარაკი მიდის, თუ ვინ უფრო ძლიერია. ასე რომ, არჩევნებამდე მათ შორის დაპირისპირება იქნება და არ გამორიცხავს, რომ მელიას „ახალის" დატოვება მოუწიოს და ახალი პარტია შექმნას.

„გვარამიას განცხადებები უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ ლაპარაკი მიდის, თუ ვინ უფრო ძლიერია. ასე თუ გაგრძელდება, რასაკვირველია, დაპირისპირებაში გადაიზრდება. არ გამოვრიცხავ, რომ მათ შორის პოლიტიკური დუელი არჩევნებამდე იყოს. „ორი ხანჯალი ერთ ქარქაშში ვერ ეტევა" - ეს დამალული ვერ იქნება და საზოგადოებამდე აუცილებლად მოაღწევს, შესაძლოა მათი ამოცანაც ეს იყოს.

მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, თუ ვის აქვს გამარჯვების რეალური შანსი. ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარესთან, ლევა ხაბეიშვილთან დამარცხდა და პარტიიდან გამოუშვეს, ახლა შესაძლოა ნიკა გვარამიასთან იგივე სცენარი განმეორდეს. პირველობის შენარჩუნება მან ვერ შეძლო. ასევე მე არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ მელიას ახალი პარტიის შექმნა მოუწიოს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსის ვახტანგ ძაბირაძის თქმით, შესაძლოა ახალშექმნილ პარტიაში ამ ეტაპზე დაპირისპირება მიმდინარეობდეს, თუმცა საზოგადოებამდე არ აღწევდეს. მაგრამ გამორიცხული არაა მომავალში ეს სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს.

„შესაძლოა გვარამიასა და მელიას შორის შეთანხმება შედგა იმის თაობაზე, რომ ისინი თანათავმჯდომარეები არიან. თუმცა, არ არის გამორიცხული მათ შორის ფარული დაპირისპირება მიმდინარეობდეს. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ისე არ ხდება, რომ ამან საზოგადოებაში გამოჟონოს.

„მათ დაპირისპირებას მას შემდეგ ვნახავთ, რაც პარტიას უკვე სრულყოფილი სახე მიეცემა და გუნდს კიდევ სხვებიც შეემატებიან. ამაზეც ბევრია დამოკიდებული. ასევე, პროცესები როგორ განვითარდება და რეგიონში ვის უფრო მეტი დასაყრდენი ექნება. ასე რომ, ბევრი ფაქტორია, რისი გაგების შემდგომაც უფრო მარტივია რაიმე დასკვნის გამოტანა. თუმცა, ამ ეტაპზე დაპირისპირება არცერთს არ უნდა აწყობდეს, განსაკუთრებით არჩევნებამდე, რადგან ორივესთვის წამგებიანი იქნება. ზოგადად, როგორც ჩანს, ორგანიზაციულ მხარეს მელია წაიყვანს, ხოლო იდეოლოგიურს - უფრო გვარამია", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×