ნატალია ჯვარიძე
27.03.2024

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. რამდენად სწორად ასრულებს მთავრობა რეკომენდაციებს, ამის შესახებ ანალიტიკოსთა აზრი ორად იყოფა, ერთი ნაწილი თვლის, რომ საქართველო ზუსტად მიჰყვება ყველა რეკომენდაციას, რაც ბრიუსელიდან მოდის, ნაწილი კი დიდ ცვლილებებს არ ელოდება, განსაკუთრებით სასამართლო და არჩევნების რეფორმების საკითხებში.

აღნიშნული სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. სამოქმედო გეგმა ყველა უწყების ჩართულობით დამუშავდა და ის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა მიმართულებას მოიცავს.

საკითხებზე მომხსენებლები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია და პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონოკიმისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი იყვნენ.

სხდომაზე განიხილეს ევროპის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციის პერსპექტივები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის პრინციპების საფუძველზე. ასევე, მოისმინეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და საქართველოს მთავრობის მიზანია უახლოესი მომავლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება.

ასევე, სხდომაზე განიხილეს ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრული ცხრა პრიორიტეტის სამოქმედო გეგმა , ერთიანი ევროს გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ახალი მოთხოვნები და ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების პროცესის დაგეგმვა, განხორციელებისა და მონიტორინგისთვის საჭირო ეფექტური ღონისძიებები.

რონდელის ფონდის მკვლევარს კახა გოგოლაშვილს მიაჩნია, რომ წინა გეგმა საკმაოდ ზედაპირული იყო და ახლაც დიდი ცვლილებები არ იქნება. როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა ზოგიერთ სექტორში რაღაც დახვეწილი იყოს, მაგრამ, სასამართლო და არჩევნების რეფორმების საკითხში რაიმე სერიოზული ნაბიჯები გადადგმული არ იქნება.

„გადაწყვეტილების მიღებიდან უკვე 3 თვე გავიდა და სამწუხაროდ, წინსვლას ჯერ ვერცერთი მიმართულებით ვერ ვხედავ. გეგმის გაცნობის საშუალება თუ მოგვეცემა, მერე უკედ შევაფასებთ რამდენად რეალურია, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ის გეგმა, რაც თავიდან დამტკიცდა, საკმაოდ ზედაპირული იყო და ის რეფორმები არ იძლეოდა იმის იმედებს, რომ რაღაც გეგმის მიხედვით ნამდვილად განხორციელდებოდა ისე, როგორც ევროპაშია.

„ამ ეტაპზე რთულია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად ეფექტიანი პროცესები წავა, თუმცა, წინა გამოცდილებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დიდი ცვლილებები მაინც და მაინც არ იქნება. შესაძლოა ზოგიერთ სექტორში რაღაც დახვეწილი იყოს, მაგრამ მეეჭვება სასამართლო და არჩევნების რეფორმების საკითხში რაიმე სერიოზული ნაბიჯები იყოს დაგეგმილი" - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოსის გია აბაშიძის აზრით, „ქართული ოცნების" სამოქმედო გეგმები ზუსტად შეესაბამება იმ დავალებებს, რაც ბრიუსელიდან მოდის. ამის დასტურია უცხოელი პოლიტიკოსების დადებითი შეფასებები და ევროკავშირის სტატუსი, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო. მისივე თქმით, ჩვენმა ქვეყანამ რომ კონკრეტული მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ დაიწყოს, ოპოზიციისთვის დამაჯერებელი მაინც არ იქნება.

„სახელისუფლებო გუნდის სამოქმედო გეგმები ზუსტად შეესაბამება იმ საშინაო დავალებებს, რომელიც საქართველოს შემდგომი ევროინტეგრაციის თვალსაზრისით ბრიუსელიდან მოდის. თუმცა, რადიკალური ოპოზიცია იმას იძახის, რომ ამ კუთხით არაფერი კეთდება.

„ახლა მიდის დაპირისპირებები და მანიპულაციები, რომ თითქოს 9 რეკომენდაცია არ სრულდება, მათ შორის არც ვენეციის კომისიის ე.წ სავალდებულო რეკომენდაცია მოსამართლეთა ვეტინგტთან დაკავშირებით. საქართველომ რომ კონკრეტული მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ დაიწყოს, ესეც მათთვის არ იქნება დამაჯერებელი.

„ასე რომ, პუნქტობრივად და გეგმების მიხედვით სხვადასხვა უწყებებში და რა საკვირველია, პარლამენტშიც ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოვების ეტაპობრივი პროცესი მიმდინარეობს. ევროპელი პოლიტიკოსებისგან ვიღებთ დადებით შეფასებებს, რაც მიანიშნებს, რომ პროცესი კარგად მიდის. შეიძლება ვიღაცას უფრო სწრაფად უნდა, მაგრამ, რაც მთავარია, ამითვის ყველაფერი კეთდება. ამის დასტურია ისიც, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს. რა თქმა უნდა, შემდეგი ნაბიჯები გადასადგმელია და გადაიდგემა კიდეც" - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×