თამთა ჩაჩანიძე
28.03.2024

5 აპრილს სომხეთის, აშშ-სა და ევროკავშირის სამმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი. აზერბაიჯანი აღნიშნულით შეშფოთებულია - ევროკავშირს და შეერთებულ შტატებს მოუწოდა, რომ „თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებიც რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევს". თავის მხრივ ერევანი აცხადებს, რომ ბრიუსელში დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრა მიეძღვნება სომხეთ-ევროკავშირ-აშშ თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს, „არ არის და არ შეიძლება იყოს მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ".

ანალიტიკოსთა შეფასებით, სომხეთი საგარეო პოლიტიკის შეცვლას და დასავლეთთან დაახლოებას ცდილობს. აღნიშნული შეხვედრებით კი იმის გარკვევა სურს თუ ზუსტად რას უნდა ელოდოს დასავლეთისგან. ამას მოსკოვი აკვირდება და თუ ერევანმა მართლა რაღაც სერიოზული მოინდომა, „ეს ალბათ ასე უკვალოდ არ ჩაივლის".

თუმცაღა ანალიტიკოსთა შეფასებით, თუ რუსეთმა სომხეთში გავლენა დაკარგა, ეს ნიშნავს, რომ მისი ზეავლენა მთლიანად სამხრეთ კავკასიაზე ეჭვქვეშ დადგება და „მთლიანობაში ეს იქნება სტრატეგიული დამარცხება".

აღნიშნულ შეხვედრაზე განმარტება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანი ბადალიანმა გააკეთა.

„აზერბაიჯანული მხარე სომხეთ-ევროკავშირ-აშშ-ის მოახლოებულ შეხვედრაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ის არ არის ინკლუზიური ხასიათის და შესაძლოა სომხეთს რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ უბიძგოს. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის 5 აპრილს ბრიუსელში დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრა სომხეთ-ევროკავშირ-აშშ-ის თანამშრომლობის გაძლიერებას მიეძღვნება და არ არის და არ შეიძლება იყოს მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ", - აღნიშნა ანი ბადალიანმა.

მისი თქმით, რაც შეეხება აზერბაიჯანის ბრალდებებს რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციასა და მოლაპარაკებების პროცესში სომხური მხარის არაკონსტრუქციულების შესახებ, ერევანი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზად არის დაუყოვნებლივ მოაწეროს ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას, მოახდინოს საზღვრის დემარკაცია და გახსნას რეგიონალური კომუნიკაციები აზერბაიჯანთან უკვე შეთანხმებულ პრინციპებზე დაყრდნობით.

ეს აზერბაიჯანმა უპასუხოდ არ დატოვა - როგორც „სპუტნიკ აზერბაიჯანი" 27 მარტის სტატიაში წერს, „ბაქო შეშფოთებულია საფრანგეთის მოერ წამოწყებული კამპანიით, რომელიც სომხეთის მილიტარიზაციას ისახავს მიზნად".

„აზერბაიჯანმა გააკრიტიკა სომხეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევის გეგმები ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში... „- წერს „სპუტნიკ აზერბაიჯანი" და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ციტირებს, რომ „ეს გეგმები საზიანოა რეგიონში მშვიდობის დამყარების მცდელობებისთვის". აღნიშნულია, რომ „შემაშფოთებელია საფრანგეთის მიერ ხელშეწყობილი კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს სომხეთის მილიტარიზაციას და რომელიც მოიცავს ახალ დაპირებებს დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკის (მათ შორის ლეტალური და შემტევითი იარაღის) მიწოდების შესახებ".

„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს, თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს სიტუაციის დესტაბილიზაცია სამხრეთ კავკასიის რეგიონში",- წერს აზერბაიჯანული „სპუტნიკი".

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე კომენტარი გააკეთა ევროკავშირ-სომხეთი-აშშ-ის ერთობლივ კონფერენციაზე, რომელიც 5 აპრილს ბრიუსელშია დაგეგმილი.

„სომხეთში რევანშისტული განწყობების გათვალისწინებით, ვაშინგტონისა და ბრიუსელის ასეთმა ღია პროსომხურმა საჯარო განცხადებამ შეიძლება შექმნას ერევანში საშიში ილუზია, რომ ევროკავშირი და შეერთებული შტატები აპირებენ სომხეთის მხარდაჭერას აზერბაიჯანის წინააღმდეგ შესაძლო ახალ პროვოკაციებში. ასეთ შემთხვევაში, ევროკავშირი და აშშ გაიზიარებენ პასუხისმგებლობას სომხეთის ნებისმიერ შესაძლო დესტაბილიზაციაზე",- აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც „სპუტნიკ აზერბაიჯანი" ციტირებს.

თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს შეხვედრა სომხეთისთვის გარკვეულწილად იმის მცდელობაა გაიგოს თუ დასავლეთთან ურთიერთობით რა შეიძლება „გამოდნეს". მისი თქმით, თუ რუსეთმა სომხეთში გავლენა დაკარგა, ეს სამხრეთ კავკასიაში მის სტრატეგიულ მარცხს ნიშნავს.

„სომხეთის დასავლეთთან კავშირები განპირობებულია იმ უმძიმესი მდგომარეობით, რომელიც ყარაბაღის ომის შემდეგ შეიქმნა. ქვეყანა ფაქტიურად იზოლაციაში მოექცა და დებატები იმის შესახებ თუ რა კურსი უნდა აირჩიოს სომხეთმა ჯერ კიდევ გრძელდება. ფაშინიანის ხელისუფლება აშკარად ცდილობს, რომ რუსეთის მიმართ პოლიტიკა შეცვალოს და სხვადასხვა მიზეზების გამო სწრაფად ეს არ გამოდის.

„სომხეთი თანდათან ცდილობს აშშ-ს და ევროკავშირს დაუახლოვდეს, რომ ურთერთობები დააბალანსოს, აქამდე ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მხოლოდ რუსეთზე იყო ორიენტირებული. ახლა ცდილობენ, რომ დასავლეთისკენაც გაიხედონ სადამდეც შესაძლებელია.

„ეს გარკვეულწილად ზონდაჟია იმისთვის, თუ ამ კონსულტაციებით რა შეიძლება „გამოდნეს", თუნდაც აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან. რამდენად მზად არიან ისინი რომ სომხეთის უსაფრთხოება უზრუნველყონ თუ ერევანი დასავლეთისკენ გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს. ეს შეხვედრა ალბათ ძირითადად ამ კუთხითაა მნიშვნელოვანი.

„სომხეთი ცდილობს გაიგოს ზუსტად რას უნდა ელოდოს დასავლეთისგან და რა შეიძლება ამას მოჰყვეს რუსეთისგან. წინ აქვს საქართველოსა და სხვა ქვეყნების მაგალითი, რომლებმაც გადაწყვიტეს დასავლურ სტრუქტურებში შესვლა.

„ამის გარკვევის პროცესია და ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გარკვეულ გავლენას სომხური ლობი ახდენს, რომელიც აშშ-სა და საფრანგეთში საკმაოდ ძლიერია. ისინი ცდილობენ სომხეთს კრიტიკულ სიტუაციაში რაღაცნაირად დაეხმარონ და თუ შესაძლებელი იქნება რუსულ ორბიტას რაღაცნაირად ჩამოაშორონ.

„რუსეთს ახლა სამხრეთ კავკასიისთვის და მათ შორის სომხეთისთვის არ სცალია, მაგრამ რა თქმა უნდა მოსკოვი ყურადღებით ადევნებს თვალყურს. ბუნებრივია რომ ხელდაკრეფილები არ იქნებიან და თუ სომხეთმა მართლა რაღაც სერიოზული მოინდომა, ეს ალბათ ასე უკვალოდ არ ჩაივლის.

„თუ რუსეთმა სომხეთში გავლენა დაკარგა, ეს ნიშნავს, რომ მისი ზეავლენა მთლიანად სამხრეთ კავკასიაზე ეჭვქვეშ დადგება. მოუხედავად იმისა, რომ რუსეთს ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, მთლიანობაში ეს იქნება სტრატეგიული დამარცხება, ამიტომ მგონია, რომ ეცდება ეს არ დაუშვას, რადგან რუსეთის გავლენა, როგორც სომხეთის ეკონომიკაზე, ისე პოლიტიკაზე საკმაოდ დიდია",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×