ნატალია ჯვარიძე
18.04.2024

„არ გამოვრიცხავ, რომ მაისიდან, როგორც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ასევე თვითონ ოპოზიციის შიგნით ურთიერთობები სერიოზულად დაიძაბოს," ამბობს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას. როგორც იგი აღნიშნავს, 17 მაისამდე დადგება საკითხი - გვინდა თუ არა „ევროპის გუნდში" გაერთიანება.

მაისიდან ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთოებები სერიოზულად გამწვავდება და თვითონ ოპოზიციის შიგნითაც, რადგან ბრძოლა მიდის პარლამენტში მოხვედრისთვის. მათი მთავარი მიზანი ეგ არის და არც ერთი ოპოზიციონერი ქვეყნის სასიკეთო საქმეებზე არ ფიქრობს," - აცხადებს კვესელავა.

კვესელავა „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტის გამო საპროტესტო აქციების გაგრძელებას ვარაუდობს მანამ, სანამ კანონს უკან გაიწვევენ. ამასთან, მიაჩნია, რომ ატეხილი აჟიოტაჟი ქართულ სახელმწიფოსა და მის საერთაშორისო იმიჯს აუცილებლად დააზარალებს.

„ამ კანონთან ატეხილი აჟიოტაჟი ქართულ სახელმწიფოს და მის საერთაშორისო იმიჯს არ წაადგება. ეს საკითხი ქვეყნის შიგნით უნდა მოგვარებულიყო. აღნიშნულ დაძაბულობას ქვეყნის მტრები თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. ხელისუფლებას ხანდახან უკან დახევა უწევს და ეს არაა დიდი პრობლემა, შეიძლება ეს საჭირო არ იყოს, თუმცა ხალხის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა არ შეიძლება.

აქ ნახსენებია სიტყვა რუსული. ახლა მიდის გარჩევა, რუსულია თუ არა ეს კანონი. თუ ქვეყნის შიგნით ვერ არკვევენ ამას, მაშინ შუამავალი ძალაა საჭირო, თუნდაც აშშ-დან ან ევროპიდან და ისინი გვეტყვიან, არის თუ არა. ეს სამწუხარო ფაქტია, რადგან ქართველები ერთ აზრზე ვერ ჯერდებიან.

ხელისუფლება ამას იმიტომ აკეთებს, რომ არჩევნებში 100%-იანი გამარჯვების შანსი ჰქონდეთ. თუ კანონს არ გაიწვევენ, საპროტესტო აქციები ისევ გაგრძელდება. მე არც „გორბის" კვლევას ვენდობი. დიახ, „ოცნებას" უკვე აქვს ფორა - ხმების 7-8% და ეს სახელმწიფო სტრუქტურებზე გადის, თუმცა 60% რაღაც ძალიან მეეჭვება."

კვესელავა ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ვერ გათვალა რა შედეგები მოჰყვებოდა ამ ინიციატივას, ახლა კი ვერ ხვდებიან როგორ მოიქცნენ. რომ გაიწვიონ, ეს მათთვის სახის დაკარგვის ტოლფასი იქნება.

„ხელისუფლება არ დაფიქრდა, რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა ამას, ახლა კი ორ ცეცხლ შუა არის და ვერ ხვდებიან როგორ მოიქცნენ. ისინი ფიქრობენ, რომ თუ დათმობენ, ეს მათთვის მარცხის ტოლფასი იქნება და ამით ამომრჩევლებს დაკარგავენ, არადა ევროპიდან და აშშ-დან ამას მოუწოდებენ და ქართველი ხალხის გარკვეული ნაწილიც ამ კანონის წინააღმდეგია.

„ვფიქრობ, რომ მაისამდე ყველაფერი გადაწყდება. დადგება საკითხი - ან ევროპის გუნდში გაერთიანება, ან იქიდან გამოსვლა და უარის თქმა. ალბათ ამას ევროპა და აშშ გადაწყვეტენ .

„მე ახლა რასაც ვუყურებ ოპოზიციის რეიტინგი იმატებს, როგორც ეს აშშ-ის და ევროპის სივრცეში ხდება. ქართულ სინამდვილეში დამახასიათებელია აზრის ცვლილება. როცა ხელისუფლებაში ერთი ძალა წლებია იმყოფება, ხალხს ის აღარ უნდა და სიახლე სჭირდება. ცვლილება კი, რა თქმა უნდა, საჭიროა - დაბერდა ეს მთავრობა.

„ამჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მე არ მგონია, რომ მომავალი არჩევნები ნორმალურად ჩატარდება და ეს ქვეყანას ქაოსისკენ წაიყვანს," - ამბობს იგორ კვესელავა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×