„ოპოზიციის ინტერესებშია, რაც შეიძლება მეტი უარყოფითი გამოძახილი დაგროვდეს დასავლეთიდან ამ კანონპროექტზე"
ნატალია ჯვარიძე
18.04.2024

პარტია „ლელოს" ლიდერები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰარჩინსკისა და ევროპული ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, „შეხვედრაზე იყო ძალიან ბევრი კითხვა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით". ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ელჩებთან ოპოზიციის ინტენსიური შეხვედრები აბსოლუტურად გასაგებია, რადგან მათ გარე მხარდაჭერა „ჰაერივით სჭირდებათ".

ელჩებს „ ლელოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი და გრიგოლ გეგელია შეხვდნენ.

„მინდა, პირდაპირ გითხრათ ყოველგვარი შელამაზების გარეშე, რომ სიტუაცია არის კრიტიკული... საკითხი დგას ასე: ან რუსეთი, ან ევროპა; ან „ქართული ოცნება", რომელსაც რუსეთში მიჰყავს ჩვენი ქვეყანა, ან ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა მიჰყავთ იმ ოჯახში, სადაც ჩვენი ადგილია", - განაცხადა ხაზარაძემ.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, საქართველოს მეგობრებს აღელვებთ ის, რასაც „ქართული ოცნება" აკეთებს.

„რა თქმა უნდა, ცალსახაა, რომ „რუსული კანონის" მიღება ნიშნავს ყოველგვარი შანსის გამორიცხვას ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. ეს არა ერთხელ ითქვა საჯაროდ და ეს პოზიცია ევროკავშირს აქვს, იმიტომ, რომ ის, რასაც „ქართული ოცნება" აკეთებს, არ შეესაბამება არც ევროპულ წესებს, არც ცივილიზებული ქცევის წესებს. ეს შეესაბამება მხოლოდ რუსულ ქცევის წესებს და რუსული პოლიტიკის გატარების მცდელობას საქართველოში", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციას ელჩებთან შეხვედრა ჰაერივით სჭირდებათ, რადგან იმედებს მათზე ამყარებენ. როგორც იგი აღნიშნავს, ამ კანონს რომ „უცხოური დაფინანსების მიმღებებთა გამჭვირვალობა" დარქმეოდა, ამხელა ამბავი არ ატყდებოდა.

„ოპოზიციის ინტერესებშია, რაც შეიძლება მეტი უარყოფითი გამოძახილი დაგროვდეს დასავლეთიდან ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რადგან ამან მათ შემდეგ ხალხის აქციაზე მობილიზება გაუადვილოს. აქციების გაგრძელების ორი სცენარი არსებობს. ერთი არის ის, რომ აქციები წავიდეს რადიკალური სცენარით და ჩვენ ამის მცდელობა ვნახეთ, რომლებშიც ჩართული იყვნენ: ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და სხვა. მეორეა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ვინც მიჰყვება, რომ აქციები გაგრძელდეს და არ გადაიზარდოს რადიკალიზმში. დასავლეთში არ მიესალამებიან რადიკალიზმის მეთოდს და ოპოზიციას ურჩევენ, რომ ზედმეტი არ მოუვიდეთ.

„ხელისუფლება დააკვირდება ამ პროცესს, იგივე საპროტესტო მუხტს, აიწევს, დაიწევს თუ იგივე დარჩება და ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩემი აზრით, ამ კანონპროექტზე უკეთესი იქნებოდა ამ ერთი თვის განმავლობაში დაინტერესებულ ჯგუფებთან ერთად გამართულიყო მსჯელობა. პირველი მოსმენის დროს მამუკა მდინარაძემ პრეზენტაციისას ერთ-ერთ დეპუტატმა თქვა, რომ სახელწოდება ხომ არ შეეცვალათ და დარქმეოდა „უცხოური დაფინანსების მიმღებებთა გამჭვირვალობა"?! ამ შემთხვევაში ამხელა ამბავი არ ატყდებოდა". - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×