თამთა ჩაჩანიძე
22.04.2024

წინა ხელისუფლებამ ჩვენი სპორტი წარუმატებლობამდე მიიყვანა და ჩვენ დაგვჭირდა წლები იმაში, რომ სპორტისთვის მიყენებული ზიანი გამოგვესწორებინა და მივსულიყავით იმ უნიკალურ წარმატებამდე, რომელიც ჩვენ სპორტს აქვს ყველა სახეობაში დღეს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მან საზოგადოებას სამი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გააცნო.

მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში აეროპორტთან ახლოს ახალი ბრიტანული სტილის სტადიონი აშენდება, რომელიც 70 ათას გულშემატკივარზე იქნება გათვლილი. ამასთან, თქმით, მესტიის აეროპორტში ახალი, თანამედროვე სტანდარტების ტერმინალი აშემდება.

მესამე საკითხი რაზედაც პრემიერმა საზოგადოებას ინფიორმაცია მიაწოდა არის ზოგადის განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება კონკრეტულ ღირებულებებსა და პრინციპებს - ეს არის პატრიოტიზმი და ეროვნული სულისკვეთება.

წარმატება სპორტში და ახალი სტადიონი თბილისში

„მინდა დავაანონსო ახალი მეგაპროექტი - ჩვენ წინა მთავრობის სხდომაზე გვქონდა საუბარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის შესახებ. დღეს გვინდა მნიშვნელოვანი სიახლე გაგაცნოთ, რომელიც ამ შემთხვევაში სპორტს უკავშირდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სპორტსმენების წარმატებით. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ გვაქვს სპორტის ყველა ძირითად გუნდურ სახეობაში უდიდესი წარმატებები.

„30 წლის თავზე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენმა ნაკრებებმა მოახერხეს პირველად ისტორიაში მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა. ფეხბურთელები პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენმა რაგბისტებმა პირველად შეძლეს ექვსი ერის გუნდების დამარცხება, კალათბურთელები პირველად გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც 16 მსოფლიოს საუკეთესო გუნდს შორის დაიკავეს ადგილი.

„წყალბურთელები გადიან ევროპის ჩემპიონატებზე, გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ ზედიზედ ორჯერ. ჩვენი ხელბურთელები გავიდნენ პირველად ევროპის ჩემპიონატზე, სადაც პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს და ინდივიდუალურ სახეობებშიც გვაქვს უდიდესი პროგრესი. მედლების რაოდენობა არის გასამმაგებული ბოლო წლების განმავლობაში, რაც თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.

„ასეთი წარმატებები ჩვენ არ გვქონდა იმ ცნობილი 9 წლის განმავლობაში, როდესაც ხელისუფლების სათავეში იყო დღევანდელი ოპოზიცია. 90-იან წლებთან შედარებითაც კი, მაშინ სპორტი იყო უფრო წარუმატებელი, რასაც ჰქონდა თავისი კონკრეტული მიზეზები.

„მინდა გაგახსენოთ კონკრეტული მოვლენები, რასაც მაშინ ჰქონდა ადგილი. ყველას გახსოვთ, როგორ მოხდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევა და იმავე დღეს როგორ გააკეთებინეს არჩეულ პრეზიდენტს განცხადება გადადგომაზე. არაფერს არ ერიდებოდნენ, ასეთი უხეში ჩარევა ხდებოდა ფეხბურთში, სპორტში. ასევე მინდა შეგახსენოთ, რა მოხდა „თბილისის დინამოს" გარშემო. რუსეთიდან ჩამოიყვანეს კონკრეტული ბიზნესმენი, რომელსაც მაინცდამაინც დიდი წარმოდგენა არ ჰქონდა ფეხბურთზე.

„მას ჩააბარეს ჩვენი ეროვნული სიამაყე, „თბილისის დინამო", ჩვენი ისტორიული კლუბი და კლუბი ფაქტობრივად განადგურების პირამდე მიიყვანეს. ნულოვანი წარმატება გვქონდა ჩვენ მთელი ის წლები ევროტურნირებზე. ასევე, დღეს რომ შევხედოთ, საქართველოს ჩემპიონატზე „თბილისი დინამოს", ათ თამაშში აქვს 12 ქულა და მეხუთე ადგილზეა. ამ მდგომარეობამდე მიიყვანა წინა ხელისუფლების პოლიტიკამ ჩვენი საამაყო სპორტული კლუბი.

„ცოტა ხნის წინ ამ ადამიანებს, ვინც დღეს არის „თბილისის დინამოს" ხელმძღვანელობაში, უნდოდათ ჩვენი ისტორიული დინამოს ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა. ეს არის დამოკიდებულება, რაც არის ზუსტად იმ პოლიტიკის გამოვლინება, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას. რა თქმა უნდა ამას არ დავუშვებთ, მაგრამ თვითონ დამოკიდებულება ამ ყველაფრიდან ჩანს. ეს ადამიანები „თბილისის დინამოს" სახელით ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს. რამდენიმე დღის წინაც გაავრცელეს პოლიტიკური განცხადება „თბილისის დინამოს" სახელით და გააპროტესტეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი.

„როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა როგორც ჩანს პოლიტიკაში „თბილისის დინამოს" მფლობელი. ეს არის ყველაფერი იმ პოლიტიკის გამოვლინება, რომელიც ჰქონდა წინა ხელისუფლებას და რომელმაც მიიყვანა ჩვენი სპორტი წარუმატებლობამდე და ჩვენ დაგვჭირდა წლები მაში, რომ სპორტისთვის მიყენებული ზიანი გამოგვესწორებინა და მივსულიყავით იმ უნიკალურ წარმატებამდე, რომელიც ჩვენ სპორტს აქვს ყველა სახეობაში დღეს.

„ასევე მინდა გავიხსენო კონკრეტული ფეხბურთელების მონაყოლი, ერთ-ერთი ფეხბურთელის მონაყოლი, რომელმაც პირადად მე მითხრა, რომ პოლიტიკური მიზეზების გამო უარი უთხრეს ნაკრებში გამოძახებაზე ერთ-ერთ უცხოელ მწვრთნელს, მაშინ ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელი იყო უცხოელი და მას აიძულებდნენ, რომ არ გამოეძახებინა კონკრეტული ფეხბურთელი, ერთ-ერთ ტოპ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი არ გამოეძახებინა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში. პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა ამ ყველაფერს. ძალიან ხშირად, ასევე კონკრეტული ფეხბურთელის მონაყოლი, ნაკრების ფეხბურთელებს უწევდათ თბილისში ჩამოფრენა თამაშებზე საკუთარი ხარჯით", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, წინა ხელისუფლების დროს გაყიდეს „ნორჩი დინამოელის" უნიკალური ბაზა, რომელმაც თაობები აღზარდა.

„ძალიან ხშირად, ასევე კონკრეტული ფეხბურთელის მონაყოლია, ნაკრების ფეხბურთელებს უწევდათ თბილისში ჩამოფრენა თამაშებზე საკუთარი ხარჯით. ზოგჯერ ჰპირდებოდნენ, პოსტფაქტუმ, ამ ხარჯების ანაზღაურებას და იყო შემთხვევები, როდესაც პოსტფაქტუმაც არ უნაზღაურებდნენ ხარჯებს. ანუ, ნაკრების ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ საკუთარი ხარჯებით თამაშებზე. ასეთი რაღაცები ხდებოდა. ასეთ პირობებში როგორ შეიძლება, რაიმე წარმატებას მიაღწიოს სპორტმა.

„ეს ყველაფერი აღიკვეთა და, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს გვაქვს ჩვენ თანმიმდევრული პოლიტიკა, რასაც, ბუნებრივია, მოაქვს თავისი შედეგები. ასევე შეგახსენებთ, რომ დაანგრიეს ბათუმის სტადიონი. ქალაქი, რომელსაც აქვს ასეთი სპორტული, საფეხბურთო ტრადიციები, წლების განმავლობაში დატოვეს საერთოდ სტადიონის გარეშე და რომ არა ჩვენს დროს დაინიცირებული და განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პროექტი, ბათუმს დღესაც არ ექნებოდა სტადიონი. ეს იყო მათი დამოკიდებულება სპორტის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება ფუნდამენტურად შეიცვალა.

„კიდევ ერთი სრულიად აღმაშფოთებელი მოვლენა - მაშინ ადგნენ და გაყიდეს „ნორჩი დინამოელის" უნიკალური ბაზა დიდუბეში, რომელიც იყო არა მარტო ბაზა, არამედ ეს იყო უნიკალური კომპლექსი თავისი უნიკალური ისტორიით, სადაც გაიზარდა დინამოელების ყველა თაობა და ეს ტერიტორია უბრალოდ აიღეს და გაყიდეს. თან მოატყუეს ერთ-ერთი უცხოელი ინვესტორი, სამშენებლოდ გაყიდეს და არ უთხრეს, რომ ქვემოთ გადიოდა მეტრო. შესაბამისად, თან დაანგრიეს უნიკალური ბაზა და თან უცხოელ ინვესტორს ისე მისცეს ტერიტორია, რომ იქ მშენებლობა არის შეუძლებელი.

„ეს იყო დამოკიდებულება. არ უნდა გიყვარდეს არც ქვეყანა, არც ქალაქი, არაფერი უნდა გიყვარდეს, რომ ასეთი რამ გააკეთო. როგორ შეიძლება „ნორჩი დინამოელის" უნიკალური ბაზა, რომელიც 1949 წელს აშენდა და, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თაობები გაზარდა, აიღეს და გაასხვისეს. კორუფცია და ათასი მიზეზი, აღარ მინდა ჩამოვთვალო. ჩვენი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, არის რადიკალურად განსხვავებული, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სპორტზე და განვაგრძოთ ზრუნვა სპორტზე, ფეხბურთზე", - აღნიშნა პრემიერმა.

კობახიძის შეფასებით, თბილისში ბრიტანული სტანდარტების 70 ათას ადამიანზე გათვლილი სტადიონი აშნდება.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი უმაღლესი სტანდარტის სტადიონი აშენდება. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ახალი სტანდარტების სტადიონი, რომელიც სპორტის 2 სახეობას მოემსახურება, ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება და საქართველოს მთავრობა 2028 წლის „ჩემპიონთა ლიგის" ფინალის მასპინძლობაზე განაცხადს შეიტანს.

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სპორტზე და კონკრეტულად ფეხბურთზე. მინდა დავაანონსო მნიშვნელოვანი მეგაპროექტი, რომელიც უკავშირდება ფეხბურთსა და რაგბის. გვინდა ავაშენოთ ახალი სტადიონი, რომელიც არსებითად სპორტის ამ ორ სახეობას მოემსახურება. გათვლილი იქნება 70 000-ს მაყურებელზე.

„იქნება უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონი, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებს, რომ ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს ქალაქში, ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით. ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი, რომელსაც სარბენი ბილიკები არ აქვს, ამ დროს მაქსიმალურად ემოციურია კავშირი გულშემატკივარსა და გუნდს შორის, რომელიც გუნდის წარმატებაზეც აისახება. ეს იქნება უმაღლესი სტანდარტის სტადიონი.

„სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, ასეთ პირობებში ახალი აეროპორტის მშენებლობა წაადგება სტადიონის სწორად დატვირთვას.

„ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის „ჩემპიონთა ლიგის" ფინალის მასპინძლობაზე. ეს იქნება მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართული ფეხბურთისთვის და გულშემატკივრისთვის. თბილისს ექნება უნიკალური სტადიონი 70000 გულშემატკივარზე გათვლილი, რომელიც სათანადოდ განხორციელდება. აქტიური მუშაობა იქნება საჭირო კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან და ფინანსთა სამინისტროს უნდა ვთხოვოთ ამ პროექტის სათანადო უზრუნველყოფა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალი

პრემიერის თქმით, მესტიის აეროპორტში ახალი, თანამედროვე სტანდარტების ტერმინალი აშემდება, მისი თქმით, მთავრობა კიდევ უფრო აქტიურად განაგრძობს მუშაობას ქვეყანაში ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშესაწყობად.

„მესტიის აეროპორტი - ჩვენ, წინა მთავრობის სხდომაზე გვქონდა საუბარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია შიდა აეროპორტების, რეგიონული მიმოსვლის განვითარება. იზრდება ქვეყანაში ტურისტული ნაკადები, გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა.

„პირველი კვარტალიც მიმდინარე წელს იყო ძალიან კარგი. რომ შევადაროთ ამა წლის პირველი კვარტალი წინა წლის პირველ კვარტალს, ჩვენ გვქონდა 11%-იანი ზრდა ვიზიტორების რაოდენობის კუთხით, ვუმასპინძლეთ 1 300 000-ზე მეტ ვიზიტორს, საიდანაც ერთი მლნ იყო ტურისტი, შესაბამისად, გვჭირდება, განვავითაროთ ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ტურისტებს მაქსიმალური პირობები შევუქმნათ საქართველოში. ასევე, შიდა აეროპორტების განვითარება მნიშვნელოვანია შიდა მობილობის მხარდაჭერისთვისაც, მათ შორის, რეგიონიდან სხვა რეგიონებში, ქალაქებში გადაადგილების ხელშესაწყობად.

„ამისთვის აშენდება ახალი ტერმინალი მესტიის აეროპორტში. უკვე შეირჩა კონკრეტული კომპანია „გრინ სტუდიო", რომელმაც წარმოადგინა საუკეთესო პროექტი, აშენდება ახალი ტერმინალი, თანამედროვე სტანდარტების.

„მოგეხსენებათ ყველას, რომ სვანეთი, მესტია არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული რეგიონი, შესაბამისად, ახალი ტერმინალი ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას სვანეთში, მესტიაში და ეს ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონის განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლებას. ტერმინალში გათვალისწინებული იქნება კვების, სავაჭრო სივრცეები, ყველა შესაბამისი სერვისი.

„რა თქმა უნდა, კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას რომ განვავითაროთ ჩვენი ტურისტული პოტენციალი და მადლობა ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც სათანადოდ დაამუშავა ეს პროექტი და სწორედ სამინისტროს ჩართულობით იქნება უზრუნველყოფილი ახალი ტერმინალის მშენებლობა მესტიის აეროპორტში", - აღნიშნა პრემიერმა.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი

პრემიერის შეფასებით, განხილვების საფუძველზე საბოლოო სახით შედგა განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება კონკრეტულ ღირებულებებსა და პრინციპებს - ეს არის პატრიოტიზმი და ეროვნული სულისკვეთება. მისი თქმით, დოკუმენტის საფუძველზე გაუმჯობესდება სასწავლო პროგრამები, საგანმანათლებლო რესურსები და სასკოლო გარემო, რაც უზრუნველყოფს სკოლისთვის დასახული მიზნების მიღწევას.

„მესამე საკითხი უკავშირდება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს. ჩვენ ერთერთ სამთავრობო სხდომაზე ამ თემაზე გვქონდა საუბარი, მაშინ მომზადებული იყო პროექტი. ეს პროექტი განხილული იქნა, შედგა შესაბამისი საჯარო განხილვები საკმაოდ ფართო ჩართულობით.

აქ იყვნენ პარლამენტის, შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლები, ჩართული იყვნენ ასევე დარგის ექსპერტები, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, მასწავლებლები, მოსწავლეები მშობლები სკოლების დირექტორები, მათ შორის კერძო სკოლების დირექტორები, ასევე სტუდენტები და ამ საჯარო განხილვების საფუძველზე შედგა უკვე საბოლოო სახით დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება შემდეგ ღირებულებებსა და პრინციპებს - ეს არის პატრიოტიზმი და ეროვნული სულისკვეთება.

„პატრიოტიზმი და ეროვნული სულისკვეთება; სახელმწიფოებრივი აზროვნება; ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემა; სახელმწიფო ენა, ისტორია და კულტურა; ეთნიკური მრავალფეროვნება და კულტურული მემკვიდრეობა; თავისუფალი, დემოკრატიული და მშვიდობიანი საზოგადოება; სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობა; მდგრადი განვითარება და საზოგადოების კეთილდღეობა; ჩართულობა, ტოლერანტობა და სამართლიანობა; მაღალი სამოქალაქო ცნობიერება; ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი, მორალური და ეთიკური პრინციპები; უფლებები, ვალდებულებები და სოციალური პასუხისმგებლობა; გარემოსდაცვითი ცნობიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფიზიკური, ესთეტიკური, სოციო-ემოციური განვითარება; ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება; აკადემიური ცოდნა და წიგნიერება; კომუნიკაციის მაღალი კულტურა; ციფრული მოქალაქეობა, შემოქმედებითობა და სიახლეთა მიმღებლობა. ამ დოკუმენტის საფუძველზე გაუმჯობესდება სასწავლო პროგრამები, გაუმჯობესდება საგანმანათლებლო რესურსები და სასკოლო გარემო, რაც უზრუნველყოფს სკოლისთვის დასახული მიზნების მიღწევას.

„მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ 2004 წელს შედგა წინა დოკუმენტი 20 წელია, ეს დოკუმენტი არ შეცვლილა, შესაბამისად აუცილებელი იყო დოკუმენტის არსებითად გადასინჯვა და დიდი მადლობა, განათლების სამინისტროს, რომ უზრუნველყო შესაბამისი დოკუმენტის პროექტის მომზადება, საჯარო განხილვები, რის საფუძველზეც მომზადდა მაღალი ხარისხისდოკუმენტი.

„ჩვენ ვხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით, მათ შორის გლობალური ტენდენციები საკმაოდ სარისკო ნეგატიური ტენდენციები და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენ, ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, იმ ღირებულებებზე, რომელიც ჩვენ მოგვდგამს საუკუნეების მანძილზე მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში, ასეთ შემთხვევაში გაუმჯობესდება ჩვენი ახალგაზრდების განათლების ხარისხი, ღირებულებების გააზრება, ეს არის ჩვენი ერთერთი ამოცანა, რითაც დაკავებული იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×