"არ არის ბუნებრივი აირის ის მოცულობა, რომ ადამიანი აღფრთოვანდეს, შეიძლება, 5-6 წელიწადს გვეყოს, თუმცა ასეც არ ხდება ხოლმე”
გვანცა წულაია
12.07.2022

მსოფლიოში მოსალოდნელი ენერგოკრიზისის ფონზე, საქართველოში 16 მილიარდი კუბმეტრი გაზის საბადო აღმოაჩინეს. მისი სრულად ათვისების პირობებში, საქართველოს 8 წლის ბუნებრივი აირის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეეძლება. დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს არ არის სენსაციური აღმოჩენა, თუმცა შედარებით მნიშვნელოვანია.

ბუნებრივი აირი თბილისის მახლობლად, კომპანია „შლუმბერჟეს” მიერ ჩატარებული ჭაბურღილით დადასტურდა. ამჟამად, ლიცენზიის ოპერატორია კომპანია „ბლოკ ენერჯი”. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფერო სწორედ საქართველოში ნავთობისა და გაზის ძიებაა. კომპანია IX და XI (ბ) ბლოკებიდან რესურსების მოპოვების უფლების მფლობელია.

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის, გიორგი ტატიშვილის განცხადებით, სალიცენზიო ბლოკი ჰორიზონტალურ ბურღვებს საჭიროებს. ამასთან, მისი ათვისების პირობებში, ქვეყანას რვა წლის ბუნებრივი აირის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შეეძლება.

„ბლოკ ენერჯი" ჩვენი ერთ-ერთი პერსპექტიული პროექტია, „შლუმბერჟეს“ გაბურღილ ჭაში, იმ მიმდებარე არეალში, 16 მილიარდი კუბმეტრის მარაგია დადასტურებული. ეს, დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, საქართველოს 8 წლის მოხმარების ტოლია მთლიანად.

„ბლოკ ენერჯი" უბრუნდება ამ პროექტს უკვე დადასტურებული გეგმით, სავარაუდოდ ეს დაიწყება ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში. აქ ჩასატარებელია ჰორიზონტალური ბურღვები, რათა უფრო მეტი ქანი მოიცვას და უფრო მეტი კომერციული გაზი მოიპოვოს. ამის პარალელურად, ძველ ჭაბურღილებშიც აკეთებს ჰორიზონტალურ ბურღვებს, რამაც 80%-ით გაზარდა გაზის ამოღების მაჩვენებელი. „ბლოკ ენერჯის" აქვს 30 მილიონი კუბმეტრის ამოღება, რაც არის მაგალითად, თელავის ან საგარეჯოს მოხმარების ტოლი. მას შემდეგ, რაც ამ ჭაბურღილს აითვისებს, ეს ციფრები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი იქნება”, - განაცხადა ტატიშვილმა „საქმის კურსის” ეთერში.

იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის საბადოს აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ საბადო ინვესტიციასა და განვითარებას მოითხოვს. როგორც ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი მიიჩნევს, ეს არ არის ისეთი სენსაციური აღმოჩენა, რომელიც საქართველოს ენერგეტიკულად უსაფრთხო ქვეყნად გახდის, მაგრამ დღევანდელ რეალობაში კარგი წვლილია.

„ეს არის საბადო, რომელიც მოითხოვს ინვესტირებას, განვითარებას და დროთა განმავლობაში შეეშველება ჩვენს ენერგომომარაგებას, თუმცა ეს ფაქტი არ უნდა მივიღოთ ისე, თითქოს იმპორტს მთლიანად ანდა სანახევროდ ჩაანაცვლებს. იქნება შედარებით მნიშვნელოვანი შეღავათი, ვიდრე აქამდე იყო. წელიწადში 10 მილიონს მოვიპოვებთ და ამით შესაძლოა, იყოს 100 ან 300 მილიონი და შესაძლოა, ჩვენი მოხმარების 10%-იც მოვიპოვოთ, რადგან ამის გამოყენება ერთჯერადად არ ხდება.

ეს არ არის სენსაციური აღმოჩენა, რომელიც საქართველოს გახდის ენერგეტიკულად უსაფრთხო ქვეყნად, მაგრამ დღევანდელ რეალობაში კარგი მონაპოვარია”, - განუცხადა „რეზონანსს” მარგველაშვილმა.

რეგიონში მიმდინარე ომის გამო, მსოფლიოში ენერგოკრიზისია მოსალოდნელი. უამრავი ქვეყანა ახლა რუსული გაზის ჩანაცვლებას ცდილობს, თუმცა შედეგი არ ჩანს, პირიქით, ზოგიერთმა სახელმწიფომ ბუნებრივი აირის კრიზისიც კი გამოაცხადა. ასეთ მძიმე პირობებში, საქართველოში საბადოს აღმოჩენა მართლაც მნიშვნელოვანი ამბავია.

ყოფილი დეპუტატისა და ენერეტიკოსის, რევაზ არველაძის აზრით, ეს არ არის იმ მასშტაბის მარაგი, რომ ადამიანი ამ აღმოჩენით აღფრთოვანდეს.

„საქართველოში, მთლიანობაში, 100 მილიარდ კუბმეტრზე მეტი გაზი იყო აღმოჩენილი, მაგრამ საბადოები განლაგებული იყო სხვადასხვა ადგილას, ცოტ-ცოტა და არც ღირდა ბურღვად. ნინოწმინდაში იყო შედარებით მსხვილი საბადო.

ამ შემთხვევაში, როგორც ითქვა, 16 მილირად კუბმეტრზეა საუბარი და ეს არ არის ის მასშტაბი, რომ ადამიანი ამ აღმოჩენით აღფრთოვანდეს. თანაც გასარკვევია, რამდენად არის ერთ ადგილას, ხომ არ არის გაფანტული, ძალიან ღრმად და ა.შ.

თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ საქართველოს მოხმარება წელიწადში, სადღაც, 2.5 მილიარდია და თუ იმდენი ჭაბურღილი გაკეთდება, რომ მაქსიმალურად ამოვიდეს წელიწადში ამ რაოდენობის გაზი (რაც ძალიან მეეჭვება) და მთლიანად დაიფაროს მოხმარება, მაშინ შესაძლოა, ეს 5-6 წელიწადს გვეყოს, თუმცა ასე არ ხდება ხოლმე”, - განუცხადა „რეზონანსს” რევაზ არველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×