საშუალო მოსავალიანობა 1 ჰა-ზე დაახლოებით 3-3.5 ტონაა, არსებობს ტერიტორიები, სადაც მოსვალი 5 ტონამდეც ადის
გვანცა წულაია
21.07.2022

საქართველოში ხორბლის მოსავლის აღება მიმდინარეობს. ზოგიერთ ადგილას მოსავლი უკვე დააბინავეს. მეხორბლეები წლევანდელი შედეგით კმაყოფილები არიან და ამბობენ, რომ მოსავლიანობა გაზრდილია და ქვეყანაში ხორბლის ხარისხი ამჯერად გაცილებით უკეთესია.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მთავრობამ ერთ-ერთ პერიორიტეტულ საკითხად სწორედ ხორბალის და მისი მოსავლის რაოდენობის ზრდა გაიხადა. ამ გარემოებაზე მიუთითებს ის გადაწყვეტილებაც, რომ მთავრობამ ქვეყნიდან ხორბლისა და ქერის ექპორტი სრულად აკრძალა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას ინფორმაციით, შარშან, 2020 წელთან შედარებით, დაახლოებით, 33%-ით გაიზარდა ხორბლის წარმოება და მიმდინარე წელსაც უხვი მოსავალია.

„იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მოსავლის ქვეყანაში დატოვებას და ადგილობრივი ბაზრის მომარაგებას, მივიღეთ გადაწყვეტილება და შევზღუდეთ ხორბლისა და ქერის ექსპორტი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში მოსავლიანობის გასაზრდელად განსახორციელებელია კომპლექსური ღონისძიებები, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად. აშშ-ში ვიზიტის დროს, აღნიშნული საკითხი განვიხილეთ არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, რათა მივიღოთ მათი მხარდაჭერა თესლის წარმოების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ტექნიკით უზრუნველყოფის მიმართულებებით, შესაბამისად, გავზარდოთ თვითუზრუნველყოფა და ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული იმპორტზე”, - აღნიშნა შამუგიამ.

ახლა ქვეყნის მასშტაბით, მარცვლოვანი კულტურების მოსავლის აღება აგროვადებისდაცვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს. მობილიზებულია შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 78 ერთეული კომბაინი.

„კახეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს და მალე დასრულდება ხორბლის და ქერის მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესი, რის შემდეგაც კომბაინები შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში გადაინაცვლებს. მოსავლის აღების პროცესში ჩართულია სახელმწიფო კომპანიის 80-მდე კომბაინი; ასევე, კერძო ტექნიკა”, - განაცხადა მინისტრმა.

მოსავლის აღების პროცესში ჩართულია სოფლის განვითარების სააგენტოს „მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსებით შეძენილი 32 კომბაინიც. მათ შესაძენად სააგენტოს თანადაფინანსება 3 მლნ ლარს აღემატება.

ხორბლის წლევანდელ მოსავალზე საუბრობს შპს „ლომთაგორას” ხელმძღვანელი, კახა ლაშხი და ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ხორბლის მოსავალი გაზრდილია და მისი ხარისხი კარგია.

„რამდენადაც ვიცი, კარგი წელიწადი იყო, შედარებით უხვი მოსავალი გვაქვს. ზუსტი სტატისტიტური მონაცემები არ გამაჩნია, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, წელს ყველაზე დიდი მოსავალი მივიღეთ. წინა წლებთან შედარებით მასშტაბები ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება. რაც შეეხება ხარიხს, ხარისხი შესაბამისია, შედარებით მაღალი ხარისხის მარცვლეულია. 

საქართველოს წარმოების გაზრდის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ამას, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეფორმების და პროგრამების განხორციელდება სჭირდება - მეტის ათვისება, გაორმაგება და გასამმაგებაც შეგვიძლია.

მთავრობის მიერ რამდენიმე ხნის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას მივესალმები. უფრო ადრეც უნდა აეკრძალათ ქვეყნიდან ხორბლის გატანა. ამ გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი იყო”, - განუცხადა „რეზონანსს” კახა ლაშხმა.

საქართველოში ბოლო წლებში, საშუალოდ, 100 ათასი ტონა ხორბალი იწარმოება, შარშან ადგილობრივმა წარმოებამ 102 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო მთლიანმა მოხმარებამ - 735 ათასი ტონა. 2017 წლიდან 2020 წლამდე ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 15%-ს შეადგენდა, რაც წინა წლების მაჩვენებლებზე შედარებით მაღალია, თუმცა თვითუზრუნველყოფის ზრდის დიდი ნაწილი ხორბლის გამოყენების შემცირებისგან მოდის.

წელს ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი, დაახლოებით, 5%-ის ფარგლებში გაიზრდება. მართალია, ეს, ჯერჯერობით, მცირე მაჩვენებელია, თუმცა წლიდან წლამდე მონაცემები უკეთესობისკენ შეიცვლება. მთავრობის მიზანია, რომ თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი რამდენიმე წელიწადში 50%-მდე გაზარდოს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამის მიღწევა ნამდვილად შესაძლებელია, შესაბამისი რეფრმების და ხელშეწყობის პირობებში.

სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მარცვლეული კულტურების სამსახურის უფროსი ცოტნე სამადაშვილი აცხდებს, რომ შარშანდელთან შედარებით, მოსავლის რაოდენობა წელს მეტი იქნება და საქართველოში არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ თვითუზრუნველყოფა 50%-მდე გაზარდოს. 

„ამ ეტაპზე ალოობა მიმდინარეობს. მხოლოდ შირაქის მინდვრები არის აღებული, სადაც საშუალო მოსავალიანობა 1 ჰა-ზე, დაახლოებით 3-3.5 ტონა. არსებობს ტერიტორიები, სადაც მოსვალი 5 ტონამდეც ადის, ზოგი უფრო ნაკლები და ა.შ. საერთოდ, წელს ხორბლისათვის მაინცდამაინც საუკეთესო პირობები არ ყოფილა, აქ იგულისხმება კლიმატი და ამინდი. ასე რომ, ამ ვითარებაში, შეიძლება ჩაითვალოს, რომ მოსავალი ნორმალურია. ხორბლის მოსავლის დაბინავება ქართლში დაიწყო და იქ ვითარება კიდევ უკეთესია - 5-6 ტონამდეა 1 ჰექტარზე.

შარშანდელთან შედარებით, მოსავლის რაოდენობა მგონია, რომ მეტი იქნება. რაც შეეხება ხარისხს, გაცილებით უკეთესია. შირაქის ერთ ნაწილში ხარისხობრივი მაჩვენებლი ცოტა დაბალია, მაგრამ იქ, სადაც სარწყავი იყო, ანდა შედარებით უკეთესი პირობები, მაღალხარისხიანი მოსავალია. ზოგად ჭრილში, ჩვენთან მოწეული ხორბლის ხარისხს ცუდი ნამდვილად არ ეთქმის.

სამომავლოდ აუცილებელია, რომ საქართველოში მინიმუმ 150 ათასი ჰექტარზე დაითესოს ხორბალი, რომელიც ჩვენი მოთხოვნილების დაახლოებით 50-55%-ს დააკმაყოფილებს. ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა არსებობს. ქვეყანაში იმდენი ფართობია, რომელიც აუთვისებელია, სრულიად საკმარისი იქნება იმისათვის, რომ დავაკმაყოფილოთ მოსახლეობის დიდი ნაწილი. მთავარია, მთავრობის მონდომება და გადაწყვეტილება, რომ არავითარი დაბრკოლება არ შეიქმნას და ხალხს ამის საშუალება მიეცეს. თავისუფლად შესაძლებელია, 6 თვეშიც კი მოხერხდეს ათვისება”, - განაცხადა „რეზონანსთან” ცოტნე სამადაშვილმა და დასძინა, რომ ქვეყნიდან ხორბლის ექსპორტის აკრძალვა კარგი გადაწყვეტილებაა, თუმცა ერთი ნიუანსი არსებობს.

„ხორბლის ექსპორტზე გატანის აკრძალვა არაჩვეულებრივი ღონისძიებაა, მაგრამ აქ არსებობს ერთი მომენტი. ჩვენი ფერმერები, როდესაც მოსავალს იღებდნენ, მაშინვე ჰყიდდნენ. არც ერთს არ აქვს სასაწყობე მეურნეობა, შენახვის შესაძლებლობა. ვფიქრობ, ამ ნაწილიში მთავრობის გადაწყვეტილება რაღაც წინააღმდეგობებს შექმნის. რა უნდა ქნას ფერმერმა, რომელიც აღებულ მოსავალს მალევე ვერ გაყიდის? ამაზე მთავრობას მაშინვე უნდა ეზრუნა. დაევალებინათ რომელიმე სასაწყობე მეურნეობებისთვის ან წისქვილკომბინანებისათვის, რომ აღებული მოსავალი რაღაც დროით დაებინავებინათ და შემდეგ მომხდარიყო მისი გადამუშავება. მხოლოდ ეს უხერხულობაა, დანარჩენი ყველაფერი ნორმალურადაა”, - დასძინა „რეზონანსთან” ცოტნე სამადაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×