"2023 წლის გაზაფხულზე რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია გვექნება"
ქეთო გოგოხია
19.09.2022

მაქსიმუმ 1 წელიწადში ბინის გაქირავების ფასი დარეგულირდება. როგორც უძრავი სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, აჟიოტაჟი კარგა ხანია ჩაცხრა და ფასები ბოლო თვეებში, მიმდინარე წლის აპრილი-მაისთან შედარებით, 30%-ით შემცირდა კიდეც, თუმცა ჯერ ისევ მაღალ ნიშნულზეა. მდგომარეობის გამოსწორებას სექტორის წარმომადგენლები განსაკუთრებით 2023 წლის  გაზაფხულიდან ელოდებიან და პირდაპირ აცხადებენ, რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში გაქირავების სეგმენტში ტარიფები დაიწევს. ამისთვის 2 მთავარი ფაქტორია გადამწყვეტი: რუსი და ბელარუსი მოქალაქეების გადინება საქართველოს ტერიტორიიდან  და სტუდენტების მხრიდან მოთხოვნის კლება.

ამ ეტაპზე 600 ლარზე ნაკლებად ბინა თბილისის არც ერთ უბანში არ ქირავდება, ხოლო ძირითად შემთხვევებში ფასი 1000 ლარს აღემატება. ცალკე პრობლემაა გასაქირავებელი ბინების დეფიციტი, როგორც უძრავი ქონების კომპანია  ,,სიგმას" დირექტორი ზურაბ ლაჩაშვილი ვარაუდობს, რომ მდგომარეობის გამოსწორებას დაახლოებით 1 წელიწადი დასჭირდება, რაც მისი აზრით, გონივრული ვადაა სტაბილურობის მისაღწევად.

,,ნებისმიერ ბაზარზე ღირებულებას განსაზღვრავს მოთხოვნა-მიწოდება, როცა მოთხოვნა იზრდება, მიმწოდებელთა რიცხვიც მატულობს და შემდეგ ხდება ფასების გაჯერება. სწორედ ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რადგანაც ბინები გაძვირდა, ადამიანების გარკვეულმა რაოდენობამ, რომლებსაც თავისუფალი ფართები აქვთ, გაძვირების გამო, ბინის გაქირავება გადაწყვიტა. შესაბამისად, მიწოდების მხრივ არსებული პრობლემა მცირედით გამსოწორდა და ეს აისახა კიდეც საერთო ვითარებაზე.

იმ აჟიოტაჟთან შედარებით, რაც აპრილი-მაისში იყო, ქირის ფასმა დაახლოებით 30%-ით იკლო. თუკი ტენდენცია გაგრძლედება და გასაქირავებელი ბინების რიცხვი გაიზრდება, ფასები დასტაბილურდება.ეს აუცილებლად მოხდება, ოღონდ რა პერიოდში, დანამდვილებით რთულია თქმა, მაგრამ პროცესი აქეთკენ წავა.

რაც შეეხება მოლოდინს. დროთა განმაცვლობაში მოთხოვნა შემცირდება ბელარუსი და რუსეთის მოქალაქეების მხრიდან და სტუდენტებს საკითხიც მოგვარდება. აქედან გამომდინარე ყველა ვარიანტში ფასები დაიკლებს", - განუცხადა,,ბიზნეს-რეზონანსს" ლაჩაშვილმა.

მისი აზრით, სიტუაციას მნიშვნელოვნად გამოასწორებს სტუდენტური საცხოვრებლების გახსნა, რადგან სეზონურად, შემოდგომის დასაწყისში სწორედ სტუდენტების ფაქტორის გამო იზრდება ქირის ფასი.

,,როგორც წესი, სტუდენტები ბინებს ქირაობენ 10 თვით. მთელი ზაფხულის განმავლობაში ისინი რაიონებში არიან და ცხადია, არ აწყობთ, ამ პერიოდში ტყუილუბრალოდ გასწიონ ბინის ხარჯი. როგორც ვიცით, სტუდენტების საერთო საცხოვრებელში ნუცუბიძის პლატოზე, 120-160 ლარი ღირს ბინა ერთი სტუდენტისთვის, რაც საკმაოდ მისაღები ტარიფია. თუკი ასეთი საცხოვრებლები აშენდება სტუდენტებისთვის (ამას დიდი დრო არ უნდა, 1 წელი გონივრული ვადაა), ფასები გარკვეულწილად დაიკლებს.

ყველა ნორმალურ ქვეყანაში უნივერსიტეტს აქვს კორპუსები, სადაც ცხოვრება შესაძლოა, იყოს ფასიანი, მაგრამ ის მორგებულია სტუდენტურ საჭიროებებზე და მათი ოჯახების ფინანსურ შესაძლებლობებზე", - ხაზი გაუსვა ლაჩაშვილმა.

ბროკერების ნაწილი ფიქრობს, რომ ბინის დაქირავების ფასი რამდენიმე თვეში დაიკლებს. შეიძლება ეს პროცესი ზამთარშიც კი დაიწყოს, ვინაიდან უკვე შეიმჩნევა რუსი, ბელარუსი და უკრაინელი მოქალაქეების დაბრუნება სამშობლოში, რაც ზამთარში და შემდეგ უკვე გაზაფხულზეც უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს.

როგორც ბროკერი იოსებ გამყრელიძე ამბობს, ამ ეტაპზე გაქირავების ბაზარზე მოთხოვნა შედარებით შემცირდა, მაგრამ ფასები კვლავ მაღალ ზღვარზეა, მაგრამ თანდათან დასტაბილურდება.

,,უძრავი ქონების ბაზარზე, განსაკუთრებით ყიდვა-გაყიდვისა და ქირის სეგმენტში წლევანდელ გაზაფხულზე დიდი აჟიოტაჟი იყო, რამაც ფასები თავდაყირა დააყენა. აქამდე დაქირავება საქართველოში ასეთი ძვირი არასდროს ყოფილა. ეს იყო პანიკური სიტუაცია. მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსის გამო ტარიფები რადიკალურად შეიცვალა. დღეს აჟიოტაჟი არ არის, თუმცა მიწოდების მხრივ გარკვეული პრობლემაა, რის გამოც ფასები კვლავ მაღალ ზღვარზეა.

რა მოხდება ახლო მომავალში? სტუდენტების მხრიდან მოთხოვნა ზამთარში უკვე საგრძნობლად შემცირდება. ომის გამო საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც თავიანთ სამშობლოს თანდათან დაუბრუნდებიან (ნაწილი მაინც), რაც ფასებზე იმოქმედებს კლების მიმართულებით. ტენდენცია უფრო ზამთარში გამოიკვეთება. მაქსიმუმ 1 წელი საკმარისი იქნება სტაბილურობისთვის და ამის შემდეგ ბინის დაქირავება უფრო ხელმისაწვდომი გახდება. პარალელურად ახალი ობიექტებიც დაემატება ბაზარს.

ჩვენ 2023 წლის გაზაფხულზე რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია გვექნება, ვერ გეტყვით, რამდენით შემცირდება ფასი, მაგრამ ეს დროც მალე დადგება.  მართალია, ომამდელ ნიშნულს ვერ დაუბრუნდება, მაგრამ სხვაობა იქნება ისეთი, რომ მომხმარებელი რეალურ შეღავათს იგრძნობს", - აღნიშნა გამყრელიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბაზარზე, ძირითადად, არის დაბალბიუჯეტიანი ბინები და უფრო ქალაქის პერიფერიებში მდებარე უძრავი ქონება.

„აჟიოტაჟი ნამდვილად ჩამცხრალია. ბაზარზე მოთხოვნის ისეთი ბუმი, რაც რამდენიმე თვის  წინ იყო, აღარ არის და ვითარება ამ მხრივ, შედარებით დასტაბილურებულია. რაც შეეხება ფასებს, წესით, უნდა დაიკლოს, რადგან სტაბილურად მაღალ ნიშნულზე დიდხანს ვერ შენარჩუნდება", - დასძინა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში ბინის ქირის ფასი 69,8%-ით გაიზარდა.

„თიბისი კაპიტალის“ ანგარიშის მიხედვით, ივლისში თბილისის უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები (ყიდვა/გაყიდვა) წინა თვესთან შედარებით 0.3%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 17.2%-ით გაიზარდა.

2022 წლის ივლისში თბილისში ერთი კვადრატული მეტრი ბინის ფასი, საშუალოდ, 921 დოლარს, ხოლო ერთი კვადრატული მეტრი გასაქირავებელი ფართის ფასი კი - 8,3 დოლარს შეადგენდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×