თუმცა ქვეყანაში უკვე შემოსული რუსები ახლა უკვე დიდი ხნით დარჩებიან და აქედან ფეხს არ მოიცვლიან
თიკა სიბოშვილი
21.09.2022

მას შემდეგ, რაც პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა გლობალური ეკონომიკა კიდევ ერთი დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ცხადია, ეს კიდევ უფრო გაართულებს ისედაც მყოფე მდგომარეობას, იმოქმედებს ეკონომიკაზე, ინვესტიციებზე, გადაზიდვებზე, სურსათის იმპორტზე და ა.შ. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია მიუხედავად არსებული ვითარებისა შესაძლოა თუ არა, რომ საქართველომ უკვე დაუფარავად გამოცხადებული ომის პირობებში ზარალზე მეტი სარგებელი მიიღოს?

გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და ისედაც დაძაბული მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა. აქამდე, მიუხედავად არსებული ვითარებისა, საქართველო მაინც ცდილობდა სარგებლის მიღებას ტვირთების მოძრაობის, ტურიზმის და ექსპორტის მიმართულებით. რა იქნება მომავალში, ეს უკვე ძნელი სათქმელია. თუკი ქვეყანამ მშვიდობა შეინარჩუნა, შესაძლოა, ახალი პერსპექტივებიც კი გამოჩნდეს.

როგორც ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია მიიჩნევს, საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რაც ქვეყანამ უნდა გამოიყენოს.

„თუ კიდევ გააგრძელა რუსეთმა ანექსია, ეს მეტად გამოიწვევს დასავლეთთან სანქციების გაძლიერებას და უფრო გააუარესებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას. იმ ფონზე, რომ რუსეთი სანქცირებულია და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ანუ აზიასა და დასავლეთს შორის ვეღარ იქნება დამაკავშირებელი რგოლი, ამ შემთხვევაში საქართველოს დიდი მნიშვნელობა ენიჭება თავისი გეოპოლიტიკური და გეოფრაფიული მდეობარეობიდან გამომდინარე, რაც აშკარად გამოსაყენებელია.

მაგალითად, ყაზახეთმა გადაწყვიტა არა რუსეთის გავლთით, არამედ საქართველოს გავლით, ევროპაში ტვირთი გაიტანოს, რაც ძალიან დადებითია ქვეყნისთვის. აზიის ქვეყნები იწყებენ ალტერნატიული გზების ძიებას, თუ როგორ გაიტანონ ან შემოიტანონ საქონელი ევროპაში. ორ კონტინენტს შორის დამაკავშირებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა იქნება საქართველო. ეს დიდი შანსია ჩვენთვის, თუმცა შესაძლებობა უნდა გამოვიყენოთ, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურის სწრაფად მოწესრიგებით და ასევე ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნით“, - აღნიშნა მაკალათიამ „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი აქამდე რომ აშენებულიყო, ქვეყანას კიდევ უფრო წაადგებოდა.

სრულიად შესაძლებელია, რომ რუსეთის ახალ ნაბიჯს კიდევ უფრო მძიმე შედეგები მოჰყვეს და უფრო მეტადაც დაიძაბოს მსოფლიოში მდგომარეობა, მაგრამ ნაკლებად საეჭვოა, რომ საქართველომ, როგორც რეგიონში მშვიდობის გამტარებელმა ქვეყანამ, დადებითზე მეტი უარყოფითი მიიღოს. ქვეყნის გეოგრაფიული მდგომარეობის გამო, ჩვენი როლი ძალიან იზრდება.

ფინანსისტი ნიკა შენგელიაც მიიჩნევს, რომ ახლანდელი მდგომარეობა ქვეყანისათვის დადებითი ეფექტის მომტანი იქნება.

„ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება ასოცირდება იმასთან, რომ თითქოსდა ხალხი მოაწყდება საქართველოს, არადა, ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება არის საკმაოდ ძვირი. კანონის მიხედვით, ახლა იზღუდება 18-დან 65-წლამდე მოსახლეობის ქვეყნიდან გადინებას რუსეთიდან. ამიტომ აქ  თუ ვინმე ჩამოსვლას მოასწრებს, იქნებიან აუცილებლად შეძლებული რუსები.

არ ვფიქრობ, რომ დიდი რაოდენობით ჩამოვლენ, თუმცა ეკონომიკურად ეს იქნება ისეთივე დადებითი ეფექტის მომტანი ეკონომიკისთვის, როგორიც უკვე მივიღეთ. ფული შემოვიდა, რაც ძირითადად იხარჯებოდა მოთხოვნაში, ხოლო ამის საშუალებით ქვეყნის ეკონომიკა მივიდა ორნიშნა ზრდამდე“, -  განაცხადა „რეზონანსთან“ შენგელიამ და დასძინა, რომ ამ ყველაფრის უარყოფითი ეფექტი შესაძლოა ის გახდეს, რომ რუსების რაოდენობა გაიზრდება ქვეყანაში.

„თუ პოლიტიკურად ვინმე რამეს ფიქრობს, არ ვიცი, მაგრამ უარყოფითი ეფექტი,  შეიძლება ის იყოს, რომ რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა გაიზრდება საქართველოში. კანონის მიხედვით, თუ მამაკაცი შემოსულია საქართველოში (18-დან 65 წლამდე) ფაქტობრივად ის აქედან უკან ვეღარ დაბრუნდება. ამჟამინდელი ბრძნება დიდხანს იმოქმედებს რუსეთში. ომს გამოქცეული ამ ასაკის მამაკაცები ყველანი  დარჩებიან საქართველოში, ხოლო თანხის შემოდინების მხრივ დადებითი ტენდენცია გაგრძელდება და ლარის კურსზეც პოზიტიურად აისახება“, - დასძინა შენგელიამ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაწილობრივი სამობილიზაციო ღონისძიებები  21 სექტემბრიდან დაიწყება. რუსეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთი ცდილობს დათრგუნოს სუვერენული, დამოუკიდებელი განვითარების ცენტრები და გაანადგუროს რუსეთი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×