დასახელდა დრო, როდესაც მოსახლეობა აშკარად იგრძნობს ფასების ცვლილებას
ქეთო გოგოხია
05.12.2022

სურსათი გაიაფებას იწყებს. გლობალურ ბაზრებზე  მიმდინარე ფასების კლების ტენდენცია საქართველოშიც აისახება. რამდენიმე დასახელების პროდუქტი, ძირითადად მარცვლეული და ზეთი შესამჩნევად არის გაიაფებული, ანალოგიურად იკლებს ფასი სეზონურ ხილსა და ბოსტნეულზე, რაც ქართულ ბაზარზე გავლენას განსაკუთრებით 2023 წლის თებერვლიდან მოახდენს. ბოლო პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივად პირველი შემთხვევაა, როცა იმპორტიორებში ფასების კლების მოლოდინი გაჩნდა.

ოპტიმიზმის საფუძველს გლობალური მოცემულობა განაპირობებს: უცხოურ ბირჟებზე ფასები მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ზოგ შემთხვევაში, სახეზეა პროდუქტების გაიაფება, მცირდება საწვავის ფასიც როგორც საერთაშორისო ბაზრებზე, ასევე საქართველოშიც. ტენდენციას აძლიერებს ლარის კურსიც, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განუხრელად მყარდება და უკვე 2.70-ს ჩამოსცდა.

ანალიტიკოსები კვლევებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე რამდენიმე პროდუქტი გაიაფდება. "თიბისი კაპიტალის" ინფორმაციით, მსოფლიოში ფასები იკლებს რამდენიმე კატეგორიის პროდუქტზე და მოსალოდნელია, რომ ცვლილება ქართულ ბაზარზეც აისახოს.

,,ნოემბრის ინფლაცია ჩვენს მოლოდინზე მაღალი იყო. მაშინ, როდესაც მომსახურების ფასების დინამიკის უფრო გვიანი ნორმალიზება ჩვენი საბაზო სცენარია და ამ მხრივ ფაქტობრივი და საპროგნოზო მაჩვენებლები იდენტურია, საერთაშორისო ბაზრებზე არაერთი საქონლის გაიაფების ადგილობრივ ბაზარზე გადმოცემა, ახლა მხოლოდ მცირედით, თუმცა, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ მოსალოდნელია. თანაც სურსათის რიგი სეზონური სახეობები, მოლოდინებზე მხოლოდ გარკვეულწილად, მაგრამ მაინც უფრო მეტად გაძვირდა“, - აღნიშნულია კვლევაში.

ბოლო  2-3 წლის განმავლობაში ფაქტობრივად პირველი შემთხვევაა, რომ იმპორტიორებმა გაიაფების რეალური შესაძლებლობა დაინახეს. დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას თქმით, ფასები ისედაც იკლებს, თუმცა მკვეთრი გაძვირების ფონზე, რასაც თვეების განმავლობაში ჰქონდა ადგილი, 5-7%-იანი გაიაფება შესამჩნევი აღარ არის. იგი ფიქრობს, რომ ახალი ტენდენცია განსაკუთრებით მომავალი წლიდან გახდება შესამჩნევია და ძირითადად მარცვლეულს, ზეთს და სეზონურ ხილს შეეხება.

,,საერთაშორისო ბაზრებზე ფასები თუკი რაიმე პროდუქტზე იკლებს, ადეკვატურად აისახება საქართველოშიც. ასეთი მიმართულება არის ზეთი, რომელზეც 30-35%-ით შემცირდა ფასი  ბოლო 3-4 თვის განმავლობაში და შსაძლებელია კიდევ დაიკლოს. ასე რომ, მოლოდინიც დადებითია. სტაბილურობა თუ შენარჩუნდება, ჩვენთანაც ანალოგიურად იმოქმედებს. როდესაც დიდი ხნის განმავლობაში  მკვეთრ გაძვირებას ჰქონდა ადგილი და ზოგიერთი პროდუქტი შემდეგ მხოლოდ 5%-ით გაიაფდა, ცვლილება თვალში საცემი ვერ იქნება. არის პროდუქტები, მათ შორის, ბრინჯი, მაკარონი, რაზეც დაიკლო ფასმა. წინა წელს ეს პროდუქტები იმდენად ძვირი ღირდა, რომ  7-8 %-იანი შემცირებით მოსახლეობამ შეღავათი ვერ იგრძნო.

შესაძლებელია, თებერვალში ვნახოთ კიდევ უფრო შემცირების ტენდენცია და ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი. განსაკუთრებით ეს მარცვლეულს, სეზონურ ხილ-ბოსტნეულს და ზეთს შეეხება. ცხადია საუბარია თვეების დინამიკაზე" - განაცხადა ივა ჭყონიამ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

გაიაფების პარალელურად, არის რიგი პროდუქტები, მათ შორის, ხორცი, რძე, რძის პროდუქტები და სხვა, რომლებიც ჯერ კიდევ ძვირდება. ამ დასახელების როგორც ადგილობრივი, ასევე იმპორტული პროდუქტები ჯერჯერობით არ იაფდება.

კომპანია ,,დუ“–ს დამფუძნებელი, იმპორტიორი დავით გოგიჩაიშვილი ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ამბობს, რომ გლობალურ ბაზრებზე ენერგომატარებლებთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, წარმოების მაღალი ხარჯია, რაც სურსათის ფასზე ნეგატიურად მოქმედებს.

,,ტენდენცია ჯერ კიდევ პანდემიურ პერიოდში დაიწყო და უკრაინაში მიმდინარე ომმა ვითარება უფრო მეტად დაამძიმა. ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც ფასზე უარყოფითად მოქმედებს. მართალია, საწვავი გაიაფდა, მაგრამ წარმოების ხარჯი არ შემცირებულა. შედარებით დაბალფასიანი ხორცის თვითღირებულება 50%-ით არის გაზრდილი, ზოგზეც 20%-იანი მატებაა.

ჩვენი ძირითადი მომწოდებელი ბრაზილიაა. უმეტესწილად ინდუსტრიული წარმოების ხორცი შემოდის. ამ ეტაპზე 1 ტონა გაყინული საქონლის ხორცის ფასი 2800 დოლარია, ღორის ხორცის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 2500 დოლარს შეადგენს, როცა რამდენიმე თვის წინ 1900 დოლარი ღირდა. უკრაინა ხორცის დიდი მწარმოებელი იყო, ეს მიმართულება ბაზარს დააკლდა. ლარის კურსი გვეხმარება, რომ პროდუქტი არ გაძვირდეს, თუმცა კლებას ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ", - აღნიშნა დავით გოგიჩაიშვილმა.

2022 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 10.6 პროცენტი შეადგინა. "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის გაძვირებამ იქონია. ამ ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8 პროცენტით, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 11.6 პროცენტით, ხოლო საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში აღინიშნა ფასების 13.5-პროცენტიანი მატება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×