საერთაშორისო ბაზარზე ფასების მკვეთრი ვარდნა დაიწყო, ხოლო რუსული ნავთობის ფასი 62 დოლარამდე დაეცა
ქეთო გოგოხია
06.12.2022

საქართველოში საწვავის გაიაფების ტენდენცია დეკემბერშიც გაგრძელდება. რამდენ ხანს შენარჩუნდება ტრენდი, დამოკიდებული იქნება რუსულ ნავთობთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაზე, რომელიც ქართულ ბაზარზეც ადეკვატურ გავლენას მოახდენს. ჯერჯერობით ვითარება ისეთია, რომ ევროპის მიერ 60-დოლარიანი ლიმიტის დადგენას შესაძლოა ,რუსული ნავთობის მკვეთრი გაიაფება მოჰყვეს. მართალია, დღესდღეობით ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს დეტალური პროგნოზი უჭირთ, თუმცა არ გამორიცხავენ, სამომავლოდ უფრო შემცირებული ფასი მივიღოთ.

ცნობილია, რომ დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების მიერ 60-დოლარიანი ფასის ლიმიტის დაწესებისა და ევროკავშირის მიერ საზღვაო ემბარგოს ამოქმედების ფონზე, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ბარელი რუსული ნავთობის ფასი 62 დოლარამდე შემცირდა.

დაღმასვლის ტენდენცია შეინიშნება ევრპული "ბრენტის" მიმართებითაც, რომლის შეძენაც უკვე 80 დოლარადაა შესაძლებელი, ხოლო ამერიკული "ლაითის" ფასი 74 დოლარს არ აღემატება.

რუსული "ურალსის" 3%-იანი გაუფასურება სწორედ იმ ფაქტორითაა განპირობებული, რომ დასავლური სახელმწიფოები მასში 60 დოლარზე მეტს აღარ გადაიხდიან, ინდოეთი, ჩინეთი და თურქეთი კი მას ისედაც ფასდაკლებით ყიდულობდა.

ჯერ კიდევ, სანამ ევროპა რუსეთს ემბრაგოს დაუწესებდა, 1 ბარელი რუსული ნავთობი 69 დოლარი ღირდა. ევროპა 60 დოლარზე მეტის გადახდას არ აპირებს, სავარაუდოდ, არც სხვა შეიძენს ამაზე ძვირად, ვინაიდან  საერთაშორისო ბაზარზე უკვე აღარ არის დარჩენილი ისეთი მყიდველი, რომელსაც "ურალსში" 60 დოლარზე მეტის გადახდა სურდეს. ამიტომ დიდი ალბათობით ახლო მომავალში რუსეთიდან შემოტანილ საწვავზე, განსაკუთრებით ბენზინზე, საქართველოში ფასი უნდა შემცირდეს. რამდენად რეალურია ამის შესაძლებლობა, ამას დრო გამოაჩენს. "გლობალური სავაჭრო ჯგუფის" გენერალური დირექტორი ვანო მთვრალაშვილი „რეზონანსთან“ ადასტურებს, რომ ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასის კლების ტენდენცია ახლო მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა, იქვე დროს  რუსული ნავთობის მკვეთრ გაიაფებას საეჭვოდ მიიჩნევს.  მისი აზრით, რუსეთი არ დაუშვებს დაწესებული ლიმიტით ნავთობის გაყიდვას და გამოსავლის ძებნას ალტერნატიულ ბაზრებზე შეეცდება.

,,საბითუმო ბაზარზე ბენზინზე ფასები ისედაც შემცირებულია, შესაბამისად, ეს  განაპირობებს, რომ ფასები ბოლო თვეების განმავლობაში შეუქცევადად იკლებს. ტენდენცია დეკემებერშიც გაგრძელდება.

გლობალურ ბაზრებზე ჯერჯერობით საუბარი რთულია. პირველ რიგში, ,,ოპეკმა“ მიიღო გადაწყვეტილება და წარმოებას არ ზრდის, ეს უკვე ანგარიშგასაწევი ფაქტორია. ამასთან, რუსეთს ზღვარი დაუწესეს და ამბობს, რომ ამ ფასად ნავთობს არ გაყიდის. ამიტომ რეალურად რა იქნება მომავალში, წინასწარ რთულია განსაზღვრა.

არ ვფიქრობ, რომ რუსეთი დაუშვებს 60 დოლარად ნავთობის გაყიდვას. გლობალურ ბაზრებზე დაძაბულობაა, რაც გაურკვევლობას იწვევს. არ ვიცით, საით იმოძრავებს ფასი, ძნელად სავარაუდოა, მკვეთრი კლება მოხდეს. რუსეთი იყო ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმწოდებელი და თუკი ის არ მიაწვდის ნავთობს ზღვრულ ფასში, შეიძლება დეფიციტიც შეიქმნას. რუსეთს ალტერნატივა გააჩნია ჩინეთში, პაკისტანში, აფრიკულ ქვეყნებში და სხვაგანაც. ევროპასთან მიმართებაში რას განახორციელებს, ჯერაც არ ვიცით.

ქართულ ბაზართან მიმართებით კი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ  ყველაფრის მიუხედავად, რუსეთიდან 300 დოლარიანი ფასდაკლებით შემოდის ბენზინი და  ნელ-ნელა კიდევ დაბლა იწევს, მაგრამ არ მგონია, მომავალში კიდევ მკვეთრად შემცირდეს“, - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა ,,რეზონანსთან“ საუბრისას. 

როგორც ჩანს, საწვავის გაიაფება გარდაუვალია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი ფიქრობს, რომ ტენდენცია დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება. ახლა ძნელი საპროგნოზოა, თუ რამდენით დაიკლებს ფასი, მაგრამ ცვლილება აუცილებლად მოსალოდნელია.

,,გლობალურ ბაზრებზე და საქართველოშიც საწვავის გაიაფების ტენდენცია თვეების განმავლობაში მიმდინარეობს. მოცემულობა არც ახლო მომავალში შეიცვლება და საწვავის ფასი ეტაპობრივად გააგრძელებს კლებას. რუსეთს ლიმიტთან შეგუება მოუწევს. ანალოგიური სიტუაციაა მთელი მსოფლიოს სანავთობო ბაზარზე, ის ზღვარი რაც დაუწესეს რუსეთს, დიდ ცვლილებას გამოიწვევს.

თავისი გადაწყვეტილებით ევროპამ არა მარტო რუსეთს დაუქნია თითი, დიდი სანავთობო ქვეყნებიც იძულებული გახადა, იმოქმედონ. ისეთი მსხვილი მოთამაშე, როგორიც რუსეთია, საერთაშორისო ბაზრებზე 60 დოლარზე მეტი ფასით ვერ შევა. პარალელურად სხვებიც მიხვდებიან, რომ ფასი უნდა გაათანაბრონ. წინააღდმეგ შემთხვევაში, ნავთობპროდუქტებს ვერ გაყიდიან. ყველა თამაშის ,,ერთ წესს" დაემორჩილება, სიტუაცია აქეთკენ მიდის.

საქართველო აუცილებლად მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდება. დღესდღეობით არ გვაქვს პროგნოზის გაკეთების საშუალება, რადგან არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები. მით უმეტეს, არ ვიცით, რა იქნება დიზელის საწვავთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ფასის კლება ამ მიმართულებითაც მოსალოდნელია. ქართული კომპანიები და მომხმარებლებიც საბოლოოდ მოგებული დარჩებიან. ცხადია,  გაძვირება არც ერთი კომპანიის ინტერესში არ არის, რაც შეღავათიანი ფასია, მით უკეთესი რეალიზაციაა და შესაბამისად, ბიზნესსაც მეტი მოგება რჩება", - განუცხადა "რეზონანსს" ვახტანგბ იობაშვილმა.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე "ბრენტისა" და "ურალსის" ფასები, პრაქტიკულად, იდენტური იყო. 24 თებერვლის შემდეგ კი მათ ფასებს შორის 20-30-დოლარიანი სხვაობა გაჩნდა, რაც სწორედ იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა "ურალსის" შესყიდვა შეწყვიტეს, რუსეთს კი საკუთარი ნავთობის აზიური სახელმწიფოებისთვის შეთავაზება მოუწია, თანაც დიდი ფასდაკლებით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×