"სამშენებლო ადგილების დიდი დეფიციტია თბილისში, ამიტომ ბიზნესი იძულებული გახდა, ლოკაცია შეცვალოს"
ქეთო გოგოხია
14.09.2023

პანდემიის შემდეგ თბილისში მშენებლობის ტემპმა შედარებით იკლო. შესაბამისად, კომპანიებმა ლოკაცია შეცვალეს და  დეველოპერული პროექტების განხორციელებას უკვე თბილისის შემოგარენში აგრძელებენ. დედაქალაქი იმდენად გაჯერდა, რომ მშენებლებს უკვე სხვა გასაქანი დასჭირდათ. თანაც პანდემიის შემდეგ თბილისში ცხოვრება პრემიუმ კლასისთვის უკვე ნაკლებად პრიორიოტეტული გახდა და თითქმის ყველა ცდილობს ქალაქისგან ცოტა მოშორებით ფლობდეს უძრავ ქონებას. ამიტომ კომპანიები მაქსიმალურად მომხმარებლების ინტერესებზე არიან ორიენტირებულნი და ბიზნესიც ახალ ტენდენციას ფეხს უწყობს.

ფაქტია, რომ ბოლო დროს ქალაქგარეთ ცხოვრება უფგრო აქტუალური გახდა და მოთხოვნა გაიზარდა. ბაზრის მონაწილეები ადასტურებენ, რომ ქალაქგარეთ ცხოვრებაზე მოთხოვნა გაიზარდა. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ თბილისში ცხოვრება სტრესული გახდა, საცობები, ეკოლოგიურად მძიმე ვითარება და ა.შ. რაც ბაზარზეც ადეკვატურად აისახება.

დეველოპერები და უძრავი ქონების სააგენტოების წარმომადგენლები ,,რეზონანსთან" ასახელებენ ორ მიზეზს, რის გამოც ქალაქგარეთ ცხოვრება პრიორიტეტულია. კომპანია ,,არსის" გენერალური დირექტორის ბესო ორთოიძის თქმით, ეს არის პანდემიური და პოსტპანდემიური ვითარება და თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მაქსიმალურად ათვისება, რაც ბიზნესს აიძულებს, შეცვალოს ლოკაცია.

,,მშენებლობამ ბოლო წლებში თბილისის შემოგარენში გადაინაცვლა. ტენდენცია პანდემიის შემდეგ გამოკვეთილი იყო და დღესაც ასეა. რაც დრო გავა, ქალაქის შემოგარენში კიდევ გაიზრდება მოთხოვნა. წლიდან წლამდე მცირდება ტერიტორიები, სადაც შეიძლება განაშენიანება დაიწყოს, შესაბამისად, ქალაქში პოტენციალი შემცირდება და ქალაქგარეთ გადაინაცვლებს", - აღნიშნა ორთოიძემ და დასძინა, რომ მოთხოვნასთან ერთად, მატულობს ფასიც, ოღონდ თუკი შარშან ეს მკვეთრი დინამიკით იყო გამოხატული, წელს ბუნებრივი პროცესია, რაც მოთხოვნის ზრდით არის გამოწვეული.

,,მიწისა და მშენებლობის ფასმა მოიმატა. დინამიკაში თუ დავაკვირდებით, პანდემიის შემდეგ სულ უფრო მატულობს, შარშან ნახტომისებურად გაძვირდა უძრავი ქონება, წელს ბუნებრივი ზრდის ტემპია. პანდემიის შემდეგ 50%-ით არის  მომატებული. დღეს არავინ  ზღუდავს მშენებელს, არც ბიუროკრატიაა და არც სხვა დაბრკოლება, თუმცა სამშენებლო ადგილების დიდი დეფიციტია თბილისში, ამიტომ ბიზნესი იძულებული გახდა, ლოკაცია შეცვალოს.

მომხმარებლის მხრიდანაც თბილისის შემოგარენი უფრო პოპულარული და მოთხოვნადი გახდა. ამდენად, ორი ფაქტორია განმსაზღვრელი: პანდემიიდან გამომდინარე დაიწყეს ქალაქგარეთ გასვლა და მეორეც, ქალაქში შემცირდა სამშენებლო ადგილები", - განუცხადა ბესო ორთოიძემ ,,რეზონანსს".

უძრავი ქონების სპეციალისტები თბილისის შემოგარენში მოთხოვნის ზრდას, ძირითადად, პანდემიის შემდგომი პერიოდისთვის დამახასიათებელი ტენდენციით ხსნიან და აცხადებენ, რომ მომხმარებლები ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ანიჭებენ პრიორიტეტს.

უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრის ვაჟა მებაღიშვილის შეფასებით, თბილისის სიახლოვეს, მშვიდ და სუფთა გარემოში ცხოვრების ტენდენცია პანდემიამდე დაიწყო და ბოლო ორ-სამ წელიწადში საგრძნობლად გააქტიურდა. აქედან გამომდინარე, დედაქალაქში მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობების ფონზე, თბილისის შემოგარენში სახლებსა და მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება.

,,დედაქალაქის შემოგარენში მიწის ნაკვეთებზე, ასევე სახლებზე მოთხოვნაც და ფასიც მომატებულია. უძრავი ქონება ამ ლოკაციებზე 50-100%-ით არის გაძვირებული. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, ერთია, რომ მოსახლეობას სუფთა პირობებში ყოფნა სურს (პანდემია ეს აუცილებლობა უფრო გამოკვეთა), რასაც რუსეთ-უკრაინის ომის ფაქტორიც დაემატა. დღესდღეობით  თბილისის შემოგარენში სახლებზე მოთხოვნა ძალიან მზარდია, როგორიც აქამდე არ ყოფილა", - აღნიშნა მებაღიშვილმა.

მოთხოვნის მიხედვით, რა თქმა უნდა, ლიდერ პოზიციაზეა წავკისი, საგურამო და ყველა ის დაბა, რომელიც დედაქალთან ახლოს მდებარეობს.

ბოლო დროის ტენდენცაიზე საუბრობენ უძრავი ქონების სააგენტო "გრეაში", რომელიც დეველოპერულ კომპანიებს მოთხოვნადი პროექტების შექმნასა და მათ კომერციალიზაციაში ეხმარება. კომპანია ამ დროისთვის თბილისსა და ქალაქგარეთ ხუთ სხვადასხვა მასშტაბურ პროექტზე მუშაობს. ორგანიზაციის მარკეტინგის დირექტორის თეონა სიჭინავას ინფორმაციით, პოსტპანდემიური პერიოდიდან მოყოლებული მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა მიწის ნაკვეთებზე და ზოგადად ქალაქგარეთ ცხოვრებაზე, რაც თავის მხრივ აისახა ფასებზეც.

,,ჩვენ ნათლად დავინახეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება, სადაც მოწესრიგებულია საერთო ინფრასტრუქტურა და სამეზობლო მზად არის, ერთობლივად იზრუნოს უბნის მოვლა-პატრონობაზე. ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვისაც, ვინც „ახალი საგურამოში“ გადაწყვიტა ცხოვრება”, - განუცხადა სიჭინავამ.

რასაკვირველია, დედაქალაქის შემოგარენში გააქტიურებული მშენებლობა, მიწის ნაკვეთებსაც ნახტომისებურად აძვირებს. თუკი თბილისში უძრავი ქონების ფასი ბოლო 1-2 წელიწადში 40-50%-ით გაიზარდა, ირგვლივ მდებარე პრესტიჟულ დასახლებებში, ღირებულიბა გაორმაგდა და გასამმაგდა კიდეც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×