"დიდი კონტროლია საჭირო, რათა ისეთი ტიპის ნებართვა არ გაიცეს, რომელიც მიუღებელია"
გვანცა წულაია
05.10.2023

ქვეყანაში მალე "სურსათის ბანკი” შეიქმნება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა მოამზადა და უკვე დაამტკიცა კიდეც. ცვლილება ბევრ სიახლეს მოიცავს და მოლოდინია, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ,  სურსათის უვნებლობა უფრო მეტად იქნება დაცული, ხოლო საქველმოქმედო მიმართულება გაქტიურდება.

„სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტმა თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მესამე მოსმენით განიხილა და 73 ხმით მიიღო.

ცვლილების თანახმად, საკვებად ვარგის სურსათს არსებობის ვადა გაუხანგრძლივდება. თუ სურსათს ეტიკეტზე მითითებული ვადა გასდის, მოქმედი კანონი მისი მოხმარებისთვის გამოყენებას კრძალავს და ბიზნესს მისი ჩამოწერის ვალდებულება აქვს, წარმოდგენილი ცვლილებებით კი ეტიკეტზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ დაბალი რისკის პროდუქციის მოხმარება, რომელიც უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, დაშვებული იქნება. ეს კი მისცემს ბიზნეს სექტორს იმის საშუალებას, რომ აღნიშნული პროდუქტი არ გაანადგუროს და გადასცეს საქველმოქმედო ორგანიზაციებს და სურსათის ბანკებს.

სურსათის სფეროს სპეციალისტი ლია კვარაცხელია კანონპროექტს მიესალმება, ოღონდ ხაზს უსვამს, რომ საკვები 100%-ით უნდა  შემოწმდეს და თუ ლაბორატორიულად დადასტურდება, რომ ვადის გასვლის შემდეგაც პროდუქტი უვნებელია, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მოხმარების გახანგრძლივება.

"კანონპროექტი ცუდი ნამდილად არ არის, მაგრამ ყველაფრის გადასინჯვა უნდა მოხდეს, თუ რამდენად არის შესაძლებელი საკვებს ვადა გაუგრძელდეს. თუ შენახვის ვადა ნორმალური იქნება, ტემპერატურა და სხვა რიგი მიმართულებები - დაცული, ლაბორატორიაშიც თუ ზუსტად დადგინდება, რომ საკვები მართლაც უვნებელია, მაშინ შეიძლება მისთვის ვადის გახანგრძლივება. დიდი კონტროლია საჭირო, რათა ისეთი ტიპის ნებართვა არ გაიცეს, რომელიც მიუღებელია.

საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის ასეთი ტიპის გაკონტროლება ცოტა რთულია. მაკონტროლებელი ორგანო უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. საბოლოოდ, იდეა შესანიშნავია, მაგრამ კონტროლის მიმართულებით კითხვის ნიშნები არ უნდა გაჩნდეს.

საქველმოქმდეო მიმართულებითაც ძალიან კარგია აღნიშნული კანონი, რადგან ბევრი საღი პროდუქტი იყრება, რაც ცუდია. ალბათ, შემდეგ გამოიხშირება რომელ პროდუქტებს შეიძლება გაუგრძელონ ვადა და რომელს - არა. ყველას ვერ მოერგება, მაგალითად იმ პროდუქციას, რაც მალფუჭებადია, მაგრამ პირობითად პურ-ფუნთუშეულზე შესაძლებელია ვადის გახანგრძლივება. ასეთი პროდუქციის გადაყრა ცუდი საქციელია, ამიტომ ქველმოქმედების გააქტიურებაც ძალიან კარგი იქნება”, - განუცხადა "რეზონანსს” ლია კვარაცხელია.

სპეციალისტთა მეორე ნაწილი ცვლილებას არ მიესალმება. ისინი მიიჩნევენ, რომ საკვებზე ვადის გახანგრძლივება არ არის ნებადართული. სწორედ ასეთი მოსაზრება აქვს ორგანიზაცია "ეტიკის” ხელმძღვანელ ამირან შენგელიას. 

"არც ერთ შემთხვევაში არ არის ნებადართული პროდუქციაზე ვადის გახანგრძლივება, რადგან ზოგიერთი პროდუქტი, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს მოხმარების ვადა, თავად არის მაწყინარი. დიახ, მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, რომ პროდუქტს რომელსაც ვადა გასდის, ზოგჯერ შეიძლება იყოს უვნებელი, მაგრამ საქმე ისაა, რომ 1000 საკვებიდან ერთიც რომ მაწყინარი იყოს, ეს უკვე პრობლემაა. სწორედ ამიტომ აქვს მას სარეალიზაციო ვადა და არა მის შემდეგ”, - განუცხადა "რეზონანსს” ამირან შენგელიამ.

რაც შეეხება კერძო სექტორის უშუალო როლს, კანონპროექტით, ბიზნესს საკვების არა ჩამოწერის და გადაყრის, არამედ დონაციის საშუალება მიეცემა, რაც შესაბამისი საგადასახადო შეღავათებით იქნება წახალისებული. კერძოდ, საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის სურსათის უსასყიდლოდ მიწოდება გათავისუფლდება, როგორც მოგების, ისე დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან.

რითეილ ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ქაშაკაშვილმა დაადასტურა, რომ აღნიშნული რეგულაცია სექტორისთვის მისასალმებელია, რადგან თუ ადრე სურსათის დონაცია, დაბეგვრის გამო, ბიზნესისთვის მძიმე ტვირთი იყო, კანონპროექტის მიღების შემდეგ სუპერმარკეტები ამისთვის დღგ-ს და მოგების გადასახადს აღარ გადაიხდიან.

„სურსათის შეწირულობა აქამდე არახელსაყრელი იყო ბიზნესისთვის. სუპერმარკეტები უარს ამბობდნენ ზედმეტი საკვების გაცემაზე, რადგან შემოწირული საკვები იბეგრებოდა დღგ-ითა და მოგების გადასახადით.

მართალია, აქამდე ჩვენი ასოციაციის წევრები ასე თუ ისე ახერხებდნენ სურსათის დონაციას, თუმცა მცირე რაოდენობით, რადგან ის გაყიდული პროდუქციის მსგავსად იბეგრებოდა და ეს, რა თქმა უნდა, ბიზნესისთვის მძიმე ტვირთი იყო. ვფიქრობ, სიახლე დიდი სტიმული იქნება არა მარტო საცალო, არამედ ჰორეკა სექტორისთვისაც, რათა ნარჩენი სურსათი მოაწოდონ ბენეფიციარებს, ვისაც ამის საჭიროება უდგას.

სხვადასხვა ქსელურ მარკეტებს სხვადასხვა რაოდენობის სურსათის ჩამოწერა უწევთ, თუმცა როგორც ჩემთვის არის ცნობილი მსოფლიოში 2019 წელს დაახლოებით 931 მლნ ტონა სურსათის ნარჩენი დაგროვდა, რომელთაგან 26% სურსათის მომსახურების ობიექტებიდან, 13% კი - სარეალიზაციო ქსელებიდან წარმოიქმნა. სურსათის შეწირულობა ბიზნესისთვის არა დამატებითი ტვირთი, არამედ საქველმოქმედო ნაბიჯი გახდება და ნარჩენების შემცირებაც მოხერხდება“, - განუცხადა ქაშაკაშვილმა "კომერსანტს”.

"სურსათის ბანკის” ცნება ახალია კანონმდებლობაში, ამ სტატუსის მიღება არსებულ ან ახალ საქველმოქმედო ორგანიზაციებს შეეძლებათ, რომლებიც ავტორიზაციას გაივლიან სურსათის ეროვნულ სააგენტოში და იმავდროულად დააკმაყოფილებენ ჰასპთან გათანაბრებულ სტანდარტებს. კანონი სრულად 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×